31/07/2026
ეს ისტორია არც ახალია და არც მარტივი.
ის აფხაზეთის ომის შემდეგ დაიწყო, მაშინ, როცა ყველა ჩვენგანი საკუთარი ცხოვრების თავიდან აწყობას ცდილობდა. იმ დროს ხათუნა გოგუა მხოლოდ 22 წლის იყო. ბევრი რამ ჰქონდა სანერვიულო, როგორც ყველა დევნილს, მაგრამ ყველაზე მეტად აწუხებდა ბავშვების მდგომარეობა. უნდოდა რაღაც გაეკეთებინა, რამით დახმარებოდა საკუთარ თემს, იმ ადამიანებს, რომლებიც მისნაირად ყველაფრის თავიდან დაწყებას ცდილობდნენ. ასე დაიბადა იდეა. ჯერ არა საბავშვო ბაღის. უბრალოდ ბავშვებისთვის უსაფრთხო და თბილი სივრცის შექმნის. ჩვენმა ოჯახმა ამ საქმისთვის საკუთარი დევნილის საცხოვრებელი ფართიდან ერთი ოთახი გამოყო.
დღეს ამას მარტივად ვყვებით, მაგრამ სინამდვილეში ადვილი არ ყოფილა.
წლების განმავლობაში ჩვენ ჩვენს საცხოვრებელ სივრცეს ბავშვებს ვუთმობდით და თავად სულ უფრო ვიწროდ ვცხოვრობდით. არც მაშინ გვიფიქრია ამაზე საყვედური გვეთქვა და არც ახლა ვამბობთ ამის გამო რამეს. უბრალოდ ეს არის სიმართლე, რომელიც ბევრმა არ იცის.
ჩვენ გვჯეროდა, რომ ეს ბავშვებისთვის ღირდა.
ღირდა მათი უსაფრთხოებისთვის.
ღირდა მათი მომავლისთვის.
ასე გაიხსნა პატარა დღის ცენტრი.
ერთი ბავშვით. დიახ, ყველაფერი ერთი ბავშვით დაიწყო. მერე მოვიდა მეორე.
მესამე. და ნელ-ნელა ის პატარა ოთახი ბავშვების სიცილით აივსო.
ამ საქმეში თავიდანვე ჩაერთო ანტონინა ზანთარია აფხაზი ქალი, რომელმაც ომში უმძიმესი ტკივილი გადაიტანა. ჩაერთო ფატიმაგოგუა. ჩავერთე მეც.
მაშინ მხოლოდ 16 წლის ვიყავი. საკუთარი ხელით ვამზადებდი სასწავლო მასალებს, ბარათებს, თვალსაჩინოებებს, ყველაფერს, რაც ბავშვებთან მუშაობისთვის გვჭირდებოდა.
ბევრი რამ არ გვქონდა. მაგრამ გვქონდა მონდომება. გვქონდა ერთმანეთის იმედი.
და გვქონდა რწმენა, რომ ეს საქმე გამოვიდოდა.
წლების განმავლობაში ჩვენი ძმებიც ცაკა დადა დათო გვერდით გვედგნენ. ზამთარში შეშას ამზადებდნენ, ბაღს უვლიდნენ, რაც საჭირო იყო ყველაფერს აკეთებდნენ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ბავშვების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიზნით.
ნელ-ნელა ეს პატარა იდეა გაიზარდა.
დღის ცენტრი საბავშვო ბაღად იქცა.
მერე უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო მის შესახებ.
შემოვიდნენ მხარდამჭერი ორგანიზაციებიც.
ჩვენი საქმიანობით უცხოელი სპეციალისტებიც დაინტერესდნენ. დაიწერა კვლევები. გამოიცა ბროშურები. აფხაზეთის განათლების სამინისტრომ ხათუნას საქმიანობას ინოვაციური უწოდა და მის გამოცდილებას სწავლობდნენ კიდეც. მაგრამ ყველაზე დიდი შეფასება არც ჯილდოები ყოფილა და არც სიგელები.
ყველაზე დიდი შეფასება მშობლების ნდობა იყო.
სწორედ ამიტომ არის დღეს „წითელქუდაში“
თითქმის 90 ბავშვი. სოფელში სამი ბაღია.
მშობლებს არჩევანი აქვთ. წლების განმავლობაში მათ საკუთარი არჩევანი გააკეთეს და შვილები „წითელქუდას“ ანდეს.
ეს ნდობა ერთ დღეში არ მოდის. ეს ათწლეულების შრომით მოიპოვება.
სწორედ ამიტომ გვინდა, რომ „წითელქუდას“ ისტორიაც იცოდეთ. რადგან ეს მხოლოდ ერთი ბაღის ისტორია არ არის. ეს არის ადამიანების, ოჯახების, დევნილი ქალების, ბავშვებისა და დიდი სიყვარულით გაკეთებული საქმის ისტორია. ამ დაწესებულებამ მოახდინა ინტეგრირება დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების, რაც დღემდე ასე ტკბილად გრძელდება❤️
#ჩვენდამფუძნებლებივართ!
#არაფრისგანშევქმენით!
#ვერდაანგრევთ!