20/10/2014
დღევანდელი ჩვენი პოსტი ეძღვნებათ #პედაგოგებსა და #მშობლებს:
ყველა პედაგოგისთვის კარგად არის ცნობილი, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ სპეციალური ცოდნა არ არის საკმარისი. ცნობილია ისიც, რომ ყოველი გაკვეთილის მსვლელობის თუ მოსწავლესთან ურთიერთობის ნებისმიერ, უმნიშვნელო ეპიზოდშიც კი, მასწავლებელს მოეთხოვება დიდი ოსტატობა. მაგრამ სწავლისა და აღზრდის მრავალწახნაგოვან და ურთულეს პროცესში მასწავლებლის ქმედების, განწყობის, მოსწავლის მიმართ დამოკიდებულების, ინდივიდუალური მიდგომისა და ურთიერთ კავშირის დამყარების ფორმალური წესით გაანალიზება ნაკლებად ეფექტური და შედეგის მომტანია. ალბათ თვით მასწავლებელზე უკეთ ვერავინ ვერ შესძლებს სუსტი და ძლიერი მხარეების, ხარვეზების ან პირიქით წარმატებულობის გაანალიზებას. ვიცით, რომ საკუთარი ხედვით და შეფასების განსხვავებული კრიტერიუმით ბევრ სპეციალისტს უცდია ამგვარი ანალიზის გაკეთება. მრავალი პრაქტიკოსი პედაგოგიც არა ერთხელ დაფიქრებულა ამის თაობაზე. როდესაც ერთ-ერთ საკმაო გამოცდილების მქონე მასწავლებელს მივმართეთ პედაგოგის საქმიანობის ანალიზისა და შეფასების შესაძლო კრიტერიუმების თაობაზე განმარტებისთვის, მან ასე გვიპასუხა:
”პედაგოგის შრომისა და წარმატებულობის შეფასების ყველაზე ობიექტურ კრიტერიუმად ალბათ რეალური შედეგი უნდა მივიჩნიოთ და ის არა მხოლოდ დღევანდელი გაკვეთილის შედეგში უნდა დავინახოთ. მრავალი წლის შემდეგ ეს შედეგი უფრო თვალნათლივ გამოჩნდება და ან სიამაყეს და ბედნიერებას მოგგვრის ან გულს გატკენს.” განსხვავებული ასაკის, გამოცდილებისა და სპეციალობის შვიდ პედაგოგს შევთავაზეთ რამდენიმე წუთში, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე მოკლე ფრაზის სახით ჩამოეთვალათ 5 ან 6 მოსაზრება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პედაგოგის წარმატებულობის თვითანალიზისა და თვითშეფასებისთვის. ავკრიფეთ მოწოდებული წინადადებები, არ მოგვიხდენია მათი რედაქტირება და არც ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგება და გვსურს შემოგთავაზოთ, ძვირფასო პედაგოგებო, თვითანალიზის მიზნით გასცეთ პასუხი ყველა ამ მოსაზრებას და თვითონვე მოძებნოთ მათ შორის არსებული ორგანული კავშირი.
ჩამოთვლილ მოსაზრებებს უპასუხეთ: ”დიახ”,”არა” ან "ნაწილობრივ", ამის შემდეგ კვლავ დაუბრუნდით თითოეულ პუნქტს, გააანალიზეთ თქვენივე შეფასება, იპოვეთ თქვენთვის პრობლემატური ასპექტები და გააკეთეთ დასკვნები.
1. ბავშვები დიდი სიამოვნებით ისმენენ ჩემს მონაყოლს
2. მიყვარს ცოდნის მუდმივი შევსება და განახლება
3. ადამიანების მიმართ ვარ ყურადღებიანი
4. საკუთარ თავს ვგრძნობ ბედნიერ, მხიარულ ადამიანად
5. არ მიჩნდება შინაგანი დაბრკოლება სკოლაში ბავშვებთან დიდი ხნით დარჩენა საჭირო თუ გახდა
6. დიდი სიამოვნებით ვღებულობ მონაწილეობას სასკოლო მუსიკალურ საღამოებში
7. არ ვიღლები ბავშვებთან ხანგრძლივი ურთიერთობისგან, ისინი მუხტს მმატებენ, მათთან ყოფნა საინტერესო და სახალისოა
8. მიყვარს საგანი, რომელსაც ვასწავლი. დიდი გულმოდგინეობით ვაგროვებ მასალას, რომელიც დამეხმარება მუშაობაში
9. ყოველთვის ვცდილობ ბავშვებში დავინახო და განვავითარო ყველაზე ღირებული და წარმატების მომტანი თვისებები
10. ყოველთვის ვეცდები თითოეულ ბავშვს მოვექცე პატივისცემით, არ განვასხვაო ერთმანეთისგან და ცალკეულების მიმართ არ გამოვიჩინო ნეგატივური დამოკიდებულება
11. მომდევნო გაკვეთილისთვის სახლში მომზადება ჩემში არ იწვევს ნერვულობას. ყოველდღიურად ამის კეთების სურვილი არ მიქრება
12. მე არ ვარდები პროსტრაციაში, თუ ხელმძღვანელები ესწრებიან ჩემს გაკვეთილებს. შემიძლია რჩევის მოსმენა ან ნაკლოვანების თაობაზე მოცემული რეკომენდაციის გაზიარება და დასკვნის გამოტანა.
13. მყოფნის შინაგანი ძალა იმისათვის, რომ გაწონასწორებულად და კეთილმოსურნეობით მოვექცე ახლობელ ადამიანებს და რაც გინდა მოხდეს სკოლაში ჯავრს არ ვიყრი საკუთარ შვილებზე.
14. ძალიან მიყვარს საგანში, რომელსაც ვასწავლი, ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკაში, სპეციალური ლიტერატურის, აგრეთვე მემუარების, მსოფლიო კლასიკის კითხვა.
15. არაფერი არ მახარებს ისე, როგორც კარგი, მრავალფეროვანი მუსიკა
16. შემწევს უნარი კვირის განმავლობაში შევინარჩუნო და გავანაწილო საკუთარი ძალები
17. დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ფიზიკურ ვარჯიშებს
18. არ მიყვარს მონოტონური, ერთფეროვანი საქმის კეთება
19. საკუთარი სიხალისით, სიხარულით, შეუპოვრობით და დაინტერესებულების პირადი მაგალითით მე შემიძლია საქმეში ჩავაბა ყველა მოსწავლე
20. მოსწავლეებთან ერთად ყოველთვის ვიგონებ რამე ახალს, საინტერესოს ამიტომ ისინი არ მეშვებიან გაგრძელების მოთხოვნით
21. ბავშვებთან ერთად დავდივართ ლაშქრობაში, ვდგამთ სპექტაკლებს, აღვნიშნავთ დაბადების დღეებს
22. ივლისის თვეში უკვე მოვიწყენ ხოლმე, ველოდები სექტემბრის მოსვლას და ჩემს მოსწავლეებთან შეხვედრას
23. ყოფილ მოსწავლეებს ვუყვარვარ როგორც მეორე დედა, ყოველთვის უხარიათ შეხვედრა, მომმართავენ და მადლიერებით იღებენ რჩევას
24. ჩემი მსოფლმხედველობისა და მსოფლშეგრძნობის საფუძველში დევს ბედნიერება და სიხარული
25. ყველა გაკვეთილზე ვცდილობ მოვიძიო ურთიერთობის ახალი ნაკადულები, გზები, ბილიკები
26. დიფერენცირებული მიდგომა ჩემთვის ნიშნავს გაუგო თითოეულ მოსწავლეს, მის შესახებ ვიცოდე რაც შეიძლება მეტი, მქონდეს განსაკუთრებული და სანდო ურთიერთობები, ვეხმარებოდე ცხოვრებისეული არჩევნის გაკეთებაში, წინსვლისკენ მოძრაობაში.
27. ვცდილობ ადამიანზე არასდროს არ ვილაპარაკო ცუდად
28. მე მიყვარს მიმოწერა ჩემს მოსწავლეებთან
29. ბევრი საინტერესო რამ ვიცი ჩემს ოჯახზე
30. კეთილმოსურნე დამოკიდებულება გამაჩნია ჩემი სკოლის მიმართ და ხშირად ვყვები მის მიღწევასა და უპირატესობაზე
31. დადებითი დამოკიდებულება გამაჩნია სკოლაში მოსწავლეთა სტიმულირების მიმართ, შემიძლია დავინახო ბავშვების წარმატებები და წავახალისო ისინი
32. ძალიან ვღელავ, როდესაც ვატარებ ღია გაკვეთილს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ განვიცდი კმაყოფილების გრძნობას
33. მე პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს
34. ვცდილობ ვიყო გულახდილი, მაგრამ:
• ყოველთვის ვამბობ სიმართლეს;
• მხოლოდ ნაწილობრივ ვიძახი სიმართლეს
35. მე პატივს ვცემ თითოეული ბავშვის ინტერესს, მის ინდივიდუალურ და ბავშვთა კოლექტივის აზრს
36. არასოდეს არ დავცინი ბავშვებს
37. კეთილსინდისიერად ვასრულებ ადმინისტრაციის დავალებას
38. გარდა სკოლისა გამაჩნია სხვა მდგრადი შემოქმედებითი ინტერესები
39. მიყვარს კარგად ჩაცმა
40. თვითგანათლება - ჩემი ძლიერი მხარეა
41. შემწევს უნარი გამოვკვეთო და კონკრეტულად დავსახო მიზანი
42. საერთო საქმიანობას მე ვგეგმავ ბავშვებთან ერთად
43. მე შემიძლია შევქმნა ისეთი პირობები ბავშვი, რომ გათავისუფლდეს კომპლექსებისგან და გამოავლინოს საკუთარი ნიჭი და უნარი
ყველას გთავაზობთ კომენტარის სახით გამოხატოთ საკუთარი აზრი წარმატებულობის თვითანალიზისა და თვითშეფასების შემოთავაზებული ფორმის თაობაზე, შეავსოთ აღნიშნული ნუსხა თქვენი მოსაზრებებით ან მოგვაწოდოთ უკვე არსებულის თქვენებური რედაქცია და შემდგომში ერთობლივად ვიმსჯელოთ თვითანალიზისა და თვითშეფასების ამ ფორმაზე.