14/02/2017
2017 წლის 12 იანვარს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართა კულინარიულ შემეცნებითი კონკურსი ,,გასტრონომიული დუელი“, რომელშიც დუელში მონაწილეობას იღებდნენ ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები. კურსების მიხედვით სტუდენტებმა შექმნეს ორი გუნდი. თითოეულ გუნდს კონკურსის მსვლელობისას უნდა წარმოედგინა:
1. აპეტაიზერი
2. ძირითადი კერძი
3. დესერტი
4. შესახამებელი ღვინო (ქვევრის, ჩამოსხმის და ა.შ.)
კონკურსის პირობების გათვალისწინებით კერძი უნდა ყოფილიყო საინტერესო, უცხო და არა ბანალური, სათანადოდ გაფორმებული და სათანადოდ სერვირებული. ამასთან თითოეულმა გუნდმა წარმოადგინა კერძის ისტორია, რეგიონი სადაც მოდის, შემადგენლობა, დანიშნულება და მირთმევის წესები, ინგრედიენტების ავთენტურობა და ორგანოლეპტიკური თვისებები.
ჟიური წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: ინეზა ვაწაძე, დალი ცატავა, ვაკო არღუთაშვილი, მარიამ გოგოჭური და მოწვეული სტუმარი რესტორან „ქართული სახლის“ შეფ-მზარეული გიორგი პარადაშვილი.
ორივე გუნდმა წარმოადგინა მრავალფეროვანი ასორტიმენტი. ჟიურის წევრებმა სათითაოდ დააგემოვნეს და ქულებით შეაფასეს თითოეული კერძი. ჟიურის მიერ დაგემოვნების შემდეგ გაიმართა პრეზენტაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი სათანადოდ იყო მომზადებული, ჟიურის გადაწყვეტილებით, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პირველი კურსის გუნდმა.