12/05/2020
ჭირვეული აჩრდილი
მომაკვდავმა ახალგაზრდა ქალმა ქმარს დაუბარა:
- ისე მიყვარხარ, რომ შენი დატოვება უსაშველოდ მიმძიმს. იცოდე, თუ ჩემს მერე სხვას შეიყვარებ, აჩრდილად გამოგეცხადები და ცხოვრებას გაგიმწარებ.
მალე ცოლი გარდაიცვალა. ქალის სიკვდილიდან სამი თვის თავზე, კაცს სხვა ქალი შეუყვარდა და ის იყო ქორწინებაც გადაწყვიტა, რომ მისი უსიამოვნებანიც დაიწყო.
კაცს ყოველღამ გარდაცვლილი ცოლის აჩრდილი ეცხადებოდა და მიღებული გადაწყვეტილების გამო ისე ტუქსავდა, რომ მოსვენებას უკარგავდა. შეწუხებული კაცი რჩევისათვის მოძღვართან მივიდა, რომელმაც მისი ამბავი რომ მოისმინა, უთხრა:
- შენი ცოლყოფილი მეტად გონიერი აჩრდილია. თუ ისევ გამოგეცხადა, ჭკუა შეუქე და აღიარე, რომ მის თვალს არაფერი ემალება. თან გარიგება შესთავაზე და დაჰპირდი, რომ თუ ერთ კითხვაზე გიპასუხებს, ნიშნობასაც გააუქმებ და ცოლსაც აღარასოდეს მოიყვან.
- კი, მაგრამ ასეთი რა ვკითხო?
- აიღე ერთი მუჭა ცერცვის მარცვალი და სთხოვე, ზუსტად გითხრას მარცვლების რაოდენობა. თუ ვერ გიპასუხა, მაშინ შენი წარმოსახვის ნაყოფი ყოფილა და აღარ შეგაწუხებს.
იმავღამ, მამაკაცმა აჩრდილის გონიერებას გამოჩენისთანავე ხოტბა შეასხა.
- აბა, რა გეგონა – უპასუხა აჩრდილმა – მე ისიც ვიცი, რომ დღეს მოძღვართან იყავი.
- თუ ამდენი იცი, იქნებ ისიც მითხრა, რამდენი ცერცვის მარცვალი მაქვს ხელში?
აჩრდილი ჯერ დადუმდა, მერე კი ისე გაქრა, რომ ყოფილ ქმარს აღარასოდეს გამოცხადებია.