„Sapienti Sat“ ლათინური გამოთქმაა და ქართულად ნიშნავს „გამგები გაიგებს“. გასული საუკუნის 80–იან წლებში, ამ სახელწოდებით თსუ–ს მართვის თეორიის კათედრაზე, მაღლივი კორპუსის 816-ე ოთახში გამოდიოდა პერიოდული კედლის გაზეთი. ამავე ოთახში, ნიკოლოზ მარკოზაშვილის ხელმძღვანელობით, იმართებოდა სასწავლო სემინარები. გაზეთის სახელწოდება ნათლად ასახავდა სემინარების არსს. მონაწილეთა განწყობა, გაგების დონე და ცნობისმოყვარეობა, თავისთავად, კედლებს მიღმა ტოვებდა მათ, ვინც „გამგები“ არ იყო.
განვლო წლებმა... გადავედით საბაზრო ეკონომიკის სამყაროში... ნიკოლოზ მარკოზაშვილი ESM-თბილისის დაარსების დღიდან (1992 წ.) ამ სკოლის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი იყო. სემინარის მონაწილეთა უმრავლესობამ წარმატებას მიაღწია მეცნიერებაში, ბიზნესის მართვასა და სხვა სფეროებში.
2007 წელს ნიკოლოზ მარკოზაშვილმა დააარსა სასწავლო ცენტრი „Sapienti Sat“, რომელიც ძირითადად ბიზნესის მართვის საკითხებით არის დაკავებული. ჩვენ აქაც ვცდილობთ ვიპოვოთ, გავაერთიანოთ და ხელი შევუწყოთ ზრდაში ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავის გზას ეძებენ, შეუძლიათ გართობა შემეცნებით, შემოქმედება - ბიზნესის მართვით, დასვენება - სწავლით.
ასეთი ადამიანები საზოგადოებაში გაფანტულები არიან. რთულია, მოვძებნოთ ისინი და ვაჩვენოთ, რომ სასწავლო ცენტრი “Sapienti Sat” მათ მომავლის პერსპექტივების განჭვრეტის და თანამედროვე მართვის მეთოდების შესწავლის საშუალებას აძლევს.
ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ მზა რეცეპტები ბიზნესში არ არსებობს და არ ვართ დაკავებული ფაქტების უბრალო ჩამოთვლით ან/და აღწერით. ინფორმაციის ზედაპირულად გაცნობის ნაცვლად, საკითხების შინაარსს ვუღრმავდებით. მსმენელებთან ერთად ვმუშაობთ რეალობის ადექვატური აღქმის, ხედვის და აზროვნების უნარების განვითარებაზე.
სწავლისადმი ასეთი მიდგომა საშუალებას გაძლევთ ცვალებად ბიზნეს გარემოში სხვებზე ადრე დაინახოთ ახალი შესაძლებლობები და არ შეგეშინდეთ იყოთ პირველები. სხვისი გამოცდილების გადმოტანისას კი მოახდინოთ მოდელის ადაპტირება საქართველოში არსებული პირობებთან.