27/09/2019
მთავრობის განცხადებით, ტყიბულის შახტები ახალ კორპორაციას (Global Steel Trading Company) გადაეცემა მფლობელობაში. ივლისში საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ტყიბულში სამუშაო პროცესი შეწყდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა გახშირებული ტრაგიკული შემთხვევები ქალაქში. დაიღუპა და დაშავდა ბევრი მეშახტე.
სახელმწიფოსა და კომაპნიას დღემდე არ გამოუქვეყნებიათ არანაირი დასკვნა ტრაგიკული შემთხვევების გამომწვევი მიზეზების შესახებ, საწარმოში შექმნილი ვითარებისა და უსაფრთხოების სიტემების მუშაობასთან დაკავშირებით.
ნათელია, რომ სახელმწიფო და მასთან გარიგებული კომპანია არსებით ცვლილებებს არ გეგმავენ, როგორც ტექნოლოგიური, ისე უსაფრთხოების მხრივ და კვლავ ძველებური რეჟიმით აპირებენ მუშაობას.
ოფიციალური ინფორმაციით, ერთი წლის წინ სამმხირვი კომისიის (მთავრობა, პროფესიული კავშირები, კომპანია) საერთო გადაწყვეტილებით მოიწვიეს გერმანული კომპანია (DMT-Group), რომელსაც დაუკვეთეს ექსპერტიზის ჩატარება. მოწვეულ ექსპერტებს უნდა შეესწავლათ ტყიბულის შახტებში არსებული ვითარება და დაედოთ დასკვნა.
მთავრობას უკვე რამდენიმე თვეა ეს დასკვნა აქვს, მაგრამ არ აქვეყნებს.
კომიკურია, რომ დასკვნა არ გააცნეს არც პროფესიულ გაერთიანებებს, რომელებიც ფორმალურად ექსპერტების მოწვევის ინიციატორები იყვნენ.
ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვიცით, საკმარისი აღმოჩნდება თუ არა გერმანელი კომპანიის აღნიშნული დასკვნა საწარმოში სრული სურათის შესაფასებლად. ასეთ ვითარებაში მთავრობა ამ დოკუმენტსაც უმალავს ხალხს. შესაბამისად, შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ მთავრობა უარს ამბობს საკუთარ პასუხიმგებლობაზე და მხოლოდ კორპორაციებთან საეჭვო გარიგებებს ართმევს თავს. პარალეურად, ამ ყველაფერს მედია პრემიერ მინისტრის პერსონის წარმოსაჩენ სპექტაკლად ფუთავს.
საჭირო ექსპერტული დასკვნების არსებობის შემთხვევაში, ეს ცოდნა მისცემდა საშუალებას მშრომელებს და პროფესიულ გაერთიანებებს, ჩართულიყვნენ და შეეფასებინათ შახტის გადაიარაღების, უსაფრთხოების სისტემის დანერგვის პროცესი.
მოვუწოდებთ, მთავრობას გამოქვეყნოს გერმანელი ექსპერტების დასკვნა, რადგან არ შეიძლება არსებობდეს რაიმე არგუმეტი მისი საიდუმოდ დატოვებისთვის. გარდა ერთისა, მთავრობის წევრები შეგნებულად ატყუებენ საზოგადოებას, რათა იოლად გაურიგდნენ კორპორაციას.
წლებია მოქალაქებს აშანტაჟებენ, რომ შახტა შეიძლება დაიხუროს, რადგან კომპანიისთვის მომგებიანი არაა. 2016 წელს სწორედ ამ საკითხზე აპელირებით შეძლო გიორგი გახარიამ( საქართველოს ბიზნესომბუდსმენი 2013-16 წწ.) ტყიბულის გაფიცვის შეჩერება.
სახელმწიფოსა და კორპორაციის წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ შახტა მხოლოდ სოციალური პროექტია. ამ დღეებში ამასვე ამბობდა პროფესიული კავშირები თავის ოფიციალურ განცხადებაში.
ჩვენ არ შეგვიძლია ვირწმუნოთ, რომ ეს კორპორაციები სოციალური პროექტების კეთებითა არიან დაინტერესებულნი. მეშახტის შრომა ზედმეტად მძიმეა, სოციალური საწარმოსათვის. ამასთან, კომპანიაში დასაქმებული მაღალი რგოლი, საერთო შემოსავლის უდიდეს ნაწილს ითვისებს, რაც ასევე არ გამოდგება სოციალური საწარმოს აღსაწერად.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ფლობს ქალაქი რეალურად, როგორია ქალაქის და წარმოების განვითარების ხანგრძლივი ხედვა, რას აწარმობენ მშრომელები და ვინ ითვისებს რესურს, რომელიც ქალაქის საერთო ინტერესებისკენ უნდა იყოს მიმართული.
საზოაგდოების ყველა წევრს, პოლიტიკოსებს, კანონმდებლებს, პროფესიულ კავშირებს, უნივერსიტეტებს, კვლევით ორგანიზაციებს, მედიას მოვუწოდებთ, დააფიქსირონ თავიანთი ინტერესი, რათა მთავრობამ გამოქვეყნოს ტყიბულის შახტებში შექმნილი ვითარების ექსპერტული შეფასება და საჯაროდ გააცნოს საზოგადოებს მისი ხედვა უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ.
ტყიბულში მომხდარი ტრაგედიები გვარწმუნებს, რომ შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს. ეს ამ ქვეყნის მმართველებმაც მკაფიოდ უნდა გაიაზრონ.
#აუდიტორია115