27/04/2026
ქშიშტოფ ჩიჟევსკი, პოლონელი მწერალი, პოეტი, ფილოსოფოსი, თავდაპირველად - 70-იანი წლების პოლონური ექსპერიმენტული თეატრიდან წამოსული ფიგურა, რომელმაც მსოფლიოს გამოსავალად ,,პატარა ცენტრების" და ,,ქსენოპოლისის" ძიება შესთავაზა, ქართულად რამდენიმე წლის წინ გამოვეცით. რაკი ქშიშტოფი მაისის დასაწყისში თანამოაზრეებთან - პროექტ ,,დილემას" ხალხთან თბილისში იქნება და 4-ში, საღამოს 6 საათზე ( 18.00 - დიზაინის ინსტიტუტში, უზნაძის 82) ტირაჟი თითქმის ამოწურულია, მაისის დასაწყისში გამომცემლობის გვერდზე მისი წიგნის მთლიან ტექსტს დავდებთ. აქ კი ერთი თავი იყოს, როგორც ესეი, რომელიც კითხვას სვამს იმ რეგიონის ბედის ირგვლივ, რომელსაც მისი გონება დაუსრულებლად უტრიალებს - ევროპის მრავალსაუკუნოვანი ჰუმანიტარული აზროვნების საუკეთესო ნიმუშს ქმნის. პასუხები და ახალი კითხვები მის წიგნში ,,მსოფლიოს პატარა ცენტრები". იმედი გვაქვს, ,,ქსენოპოლისისკენ" ასევე ითარგმნება და ჩვენ გამოვცემთ.
ეროვნული ინტელიგენცია და ევროპელები
მოდით, წარსულში მოვძებნოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც გვაღელვებს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიული სახელ მწიფოების დაშლის შემდეგ (ორი ერის რეჩპოსპოლიტა, ავსტრო-უნგრეთი, ოსმალეთის იმპერია) ცხოვრების ასპარეზზე გამოდის სოციალური ჯგუფი, რომელსაც იშტვან ბიბომ ეროვნული ინტელიგენცია უწოდა და რომლის შესახებაც ასე წერდა თავის ესეში „მცირე აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების გასაჭირი“: „გაიზარდა იმ ინტელექტუალური პროფესიების მნიშვნელობა, რომელთა ინტერესის სფეროშიც შედიოდა ეროვნული საზოგადოების სპეციფიკური მახასიათებლების შენარჩუნება და მათზე მზრუნველობა. ამრიგად, ავანგარდში აღმოჩნდნენ მწერლები, ენათმეცნიერები, ისტორიკოსები, სასულიერო პირები, მასწავლებლები, ეთნოგრაფები. ამიტომაც, ამ ქვეყნებში კულტურა უზარმაზარი პოლიტიკური დატვირთვის მქონე ფაქტორი გახდა, რაც სხვათა შორის არა იმდენად ამ კულტურის აყვავებას ნიშნავდა, არამედ გაპოლიტიკურებას. […] ეროვნულ ინტელიგენციას დაეკისრა ეროვნული უნიკალურობისთვის დამტვერილი ფარდის ახდის და მისი აღორძინების ამოცანა, მისი მისია გახდა ახლად დაბადებული თუ ფერფლიდან აღმდგარი ერების თვითმყოფადობისა და გამორჩეულობის შენარჩუნება […]“18. ეს კლასი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის საოცრად სიცოცხლისუნარიანი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მას თავიდანვე ჰქონდა განსაკუთრებული უპირატესობა - იგი დინამიურ ძალას წარმოადგენდა, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას უჭერდა მხარს. მას სხვა გარემოებებიც უწყობდა ხელს, განსაკუთრებით კი ევროპის ამ ნაწილის ქვეყნების მუდმივად საფრთხის ქვეშ მყოფი სუვერენიტეტი. ანატოლ ლივენი წიგნში: „The Baltic Revolution: Estonia, Latvia, Lithuania and the Path to Independ ence“ - წერდა, რომ „ინტელიგენცია თავს იკავებდა ნაციონალი სტური ტრადიციების კრიტიკისაგან, რადგანაც ამის გამო იგი მტრის დახმარებაში შეიძლებოდა დაედანაშაულებინათ. შედეგად მივი ღეთ კონფორმიზმი და უაზრო ნაციონალიზმი, როგორითაც ხასიათდება დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნების საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აზროვნება.“19 ვფიქრობ, ლივენის შენიშვნები თანაბარი წარმატებით შეიძლება მიესადაგოს ევროპის ამ ნაწილის სხვა ქვეყნების ინტელექტუალთა წრეებსაც. უდავოა, რომ ამ სოციალურ ფენას აგრეთვე ხელს უწყობდა სამომხმარებლო საზოგადოების რწმენისა და ღირებულებების „ეროზია“. როგორც ჩესლავ მილოშს არაერთგზის აღუნიშნავს, ეს მოვლენა განაპირობებს საკუთარი თავის მსგავსთა საზოგადოებაში გარევა-ჩაკარგვის მოთხოვნილებას - ჯგუფში, რომელიც ჩვენია და „სხვებს“ უპირისპირდება. კიდევ ერთი სოციალური ჯგუფი, რომლის გამოყოფაც, ჩვენი აზრით, საჭიროა - აგრეთვე კომუნისტურ ეპოქაში ჩამოყალიბდა. ეს არის დისიდენტური ინტელიგენცია. ეს ჯგუფი, რომელიც ევროპული ღირებულებების და ადამიანის თავისუფლების სახელით ტოტალიტარიზმს ებრძოდა - უნივერსალისტურ იდეებს ეყრდნობოდა და ზუსტად ამის გამო გახდა მეზობელი ქვეყნების საზოგადოებებთან ტრანსნაციონალური ურთიერთშეთანხმების პლატფორმის შექმნის წინამორბედი. ურთიერთშეთანხმებას ხელს ის უწყობდა, რომ მტერი საერთო იყო. ზუსტად ამ სოციალურმა ჯგუფმა გამოკვეთა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი და ოთხმოციანი წლების გასაყარზე ცენტრალური ევროპის იდეა, რომლის შესახებაც დისკუსია მთე ლი დეკადის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარადოქსია, მაგრამ 1989 წლის „ერების შემოდგომა“ ცენტრალური ევროპის იდეის და მისი მადეკლარირებელი ინტელექტუალების მარცხით დამთავრდა. საჭიროა ამ მოვლენის გულდასმით და კრიტიკულად გაანალიზება, რისგანაც, სხვათა შორის, მუდმივად თავს ვიკავებთ.
მოდით, გამოვყოთ მარცხის ის მიზეზები, რომლებიც, ჩემი აზრით, უმთავრესია: 1) ევროპის ჩვენი ნაწილის ისტორიის ცალმხრივი აღწერა (ხაზი ესმება კეთილ თანაარსებობას და აქაური ცხოვრების ფერადოვნებას, მაგრამ გვერდი ევლება საკმაოდ მძაფრ „ჩრდილოვან მხარეებს“), 2) უდავოდ ძალზე მძაფრი ნეგატიური ასპექტი, რომელიც ცენტრალური ევროპის მთელ იდეას რუსეთის წინააღმდეგ მიმართავს, რისი წყალობითაც შენების მიმართულებით ძალიან ცოტაა გაკეთებული, 3) ელიტარულობა, 4) მიდრეკილება მითოლოგიზაციისკენ, უპირველეს ყოვლისა კი განუწყვეტელი დაბრუ ნება წარსულში (იქნება ეს ჰაბსბურგული თუ იაგელონური პერიოდები), რაც „წარმატებით“ თრგუნავს მომავლისაკენ გახედვის ყოველ მცდელობას და მისკენ მიმართულ მკვეთრ იდეებს. მინდა განვაცხადო, რომ არ ვაპირებ 80-იან წლებში ცენტრალური ევროპის იდეის ფარგლებში მიღწეული მონაპოვრისთვის ხაზის გადასმას. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ეს მონაპოვარი დიდწილად გაიფლანგა. იგი ვერ იქნა გამოყენებული ყველაზე დიდი გამოცდის დროს, რომელსაც რეალობასთან დაპირისპირება ჰქვია. ...და თუკი ეს ასეა, მაშინ, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა ჩვენი ფორმაციის რეალური სასიცოცხლო სტიმულები. მან საკუთარი ეთოსის დაკარგვის შესახებ დაიწყო განსჯა და იმაზეც დაფიქრდა - საჭიროა თუ არა, საერთოდ, ინტელიგენცია დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ეპოქაში. გამოიღვიძა ინტელიგენციის კომპლექსებმა. შედეგად, 1989 წლის შემდგომ, ჩვენ შორის ხელახლა იშვა ეროვნული ინტელიგენცია, რომელიც ახლა აღშფოთებით იშვერს საჩვენებელ თითს მისი ოდინდელი მტრის - ევროპელისაკენ, უცხო ზესახელმწიფოთა ხელშემწყობისაკენ, რომლის დედაქალაქიც ახლა ბრიუსელი გამხდარა. 52 აი, ჩვენი ანაქრონიზმი, აი, ჩვენი ადგილზე ბოლთის ცემა. თითქოსდა ულტრათანამედროვე ქალაქში ვიღაც მეთვრამეტე საუკუნის ველოსიპედით შემოგორდა და თანაც ისე, რომ ეს არავის გაკვირვებია. ასეთი პოზიციის მაგალითად შეიძლება გამოდგეს დისკუსია პოლონეთის პარლამენტში, რომელიც ევრორეგიონების პრობლემატიკაზე გაიმართა. ამ დისკუსიაში გაისმა ხმები, რომ თითქოსდა ევრორეგიონები შეიძლება კონფლიქტების კერებად იქცეს, ეროვნულ ინტერესებს დაემუქროს, უცხოთა მიერ პოლონეთის საქმეებში ჩარევის საფუძველი გახდეს. ზოგი მონაწილე ამ იდეას პირდაპირ ეროვნულ ღალატადაც კი განიხილავდა. დეპუტატთა ეს გაცხარებული დისკუსია XIX საუკუნის გადმონაშთი იყო.ამ დროს კი ევრორეგიონები შეუფერხებლად იქმნება. თანაც არა ბალკანეთში - იქ, სადაც ერთ-ერთი ჩვენი დეპუტატის აზრით, გამანადგურებელი საომარი კონფლიქტების ცეცხლი ზუსტად იმიტომ აგიზგიზდა, რომ ევრორეგიონები შეიქმნა (სამწუხაროდ, ევრორეგიონი ბალკანეთში ჯერჯერობით არ შექმნილა), არამედ მაგალითად, გერმანია-საფრანგეთის საზღვარზე. ეს საზღვარი მშვიდობის საზღვრად არის მიჩნეული, ევრორეგიონი კი დინამი უ რად ვითარდება და ადგილობრივ მცხოვრებთა ეროვნულ იდენტობას არ ემუქრება. როგორ უნდა გადავწყვიტოთ ევრორეგიონების საკითხი? უდავოა, რომ სამუშაო მრავალ სიბრტყეშია შესასრულებელი: ადგილობრივ დონეზე, „მცირე სამშობლოთა“ განვითარების სფეროში, სამეზობლო სივრცეში - კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში - ცენტრალურევროპულ სამეზობლო სივრცეში, დაბოლოს, ევროპული ინტეგრაციის სიბრტყეში. საჭიროა საქმიანობის კულტურულ განზო მილებაზე ზრუნვა, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ადგილობრივ მცხოვრებთა იდენტობას, ტრადიციების უწყვეტობას და აგრეთვე გააღრმავებს მრავალკულტურულობას. გარდა საერთა შორისო სამართლის ცოდნის საჭიროებისა, ახლებური მენეჯმენ ტისა და თანამედროვე ეკონომიკისა - აგრეთვე საჭიროა კონფლიქტების გადაჭრის უნარები, ტოლერანტობა, თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების და ახალი კულტურული ფორმე ბის შექმნა, მშობლიურ ტრადიციებზე რომ იქნება დაფუძნებული, მაგ რამ ეთნოგრაფიული სკანსენის ფარგლებში არ ჩაიკეტება... ...და აი, კვლავ ვუბრუნდებით დასაწყისში გაჟღერებულ კითხვას: ვინ უნდა გადაჭრას ჩვენი პრობლემები?