კინოფილმების დახმარებით იტალიური, ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენების შესწავლა.
ალფეროვან შესაძლებლობებს შემოქმედებითად იყენებს ენების შესწავლის რთული პროცესის სრულსაყოფად, შესამსუბუქებლად და, რაც მთავარია, უფრო მეტი ეფექტურობისათვის.
„ცელულოიდის ენები“ კინოშედევრების დახმარებით შეგიყვანთ შესასწავლი ენის წიაღში და კინოფილმებზე დაყრდნობით გაგატარებთ ენობრივი განვითარება–დახვეწის კომპლექსურ გზას, კინოს საშუალებით დაგაახლოებთ შესასწავლი ენის ქვეყნის კულტურასთან და რეალობასთან, რომელთა წაკითხვის და გაგების ერთ–ერთ მთავარ იარაღს – ენას – ამავე კულტურის კონტექსტში შეგასწავლით საფუძვლიანად, ეფექტურად, ხალისიანად!
„ცელულოიდის ენებში“, კინოს წყალობით, სწავლის ძირიც ტკბილია, კენწეროზე რომ აღარაფერი ვთქვათ!
სახელმძღვანელოები:
„ცელულოიდის ენები“ პატენტირებული მეთოდია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა იტალიური, ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენების სახელმძღვანელოები.
თითოეულ სახელმძღვანელოს საფუძვლად უდევს ერთი ფილმი, რომელიც საგულდაგულოდ შეირჩა და კინომნიშვნელობით და ლინგვისტურად ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს (ფილმები კი ეკუთვნით ისეთ რეჟისორებს, როგორებიც არიან ჩაპლინი, ფელინი, გოდარი, ტრუფო, ბუნუელი, მორეტტი, საურა, ფერერი, ბერტოლუჩი, რიზი, ფოსი, სკორსეზე და სხვანი).
ფილმის დიალოგები ჩაწერილია, დაყოფილია რამდენიმე (14-16) თავად, თითოეული თავი მომზადებულია ლექსიკურად, გრამატიკულად, ყველა გრამატიკული სავარჯიშო ეფუძნება იმ ლექსიკას, რომელიც მოცემულ ან წინა თავ\ებშია.
ლექსიკა თავიდანვე მრავალფეროვანი და რთულია, და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „ცელულოიდის ენები“ ცალკეულ სიტყვებზე „დროს არ კარგავს“ და, ფაქტობრივად, მხოლოდ ენობრივი ფორმულებით, გამოთქმებით მუშაობს (იგულისხმება ფრაზეოლოგიზმები, იდიომები, სხვადასხვა სიტყვათშეთანხმებები, მზა ფრაზები და სხვა), ადვილი წარმოსადგენია, რა მდიდარ ლექსიკას ფლობს ჩვენი სტუდენტი პირველივე ლექციიდან და როგორი ხალისით აბანდებს იგი თავის ცოდნას ჩვენ მიერ შეთავაზებულ ვარიაციებში, რაზეც იხ. ქვემოთ.
თითოეულ სახელმძღვანელოში გატარებული გრამატიკული განვითარების ხაზით თამამად და არატრადიციულადაა დაწყვილებული მარტივი და რთული გრამატიკული საკითხები, ვრცლად და საფუძვლიანად რომ განვიხილავთ ჩვენს სახელმძღვანელოებში მოცემული უხვი სავარჯიშოების საშუალებით. ჩვენს სახელმძღვანელოებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ენობრივ–გრამატიკულ თავისებურებებს (მაგ. არტიკლს, ზმნათა პრეპოზიციულ მართვას, დროთა თანმიმდევრობას, ნაცვალსახელით გამოხატული ობიექტებს, პასივს და სხვას), რომლებიც უცხო ენის შესწავლისას სირთულედ შეიძლება იქცეს ქართველისათვის, ჩვენი სტუდენტები დროულად და სათანადოდ არიან აღჭურვილნი მათ დასძლევად, ამიტომაც რთული გრამატიკული საკითხები ჩვენთან არ არსებობს.
„ცელულოიდის ენების“ ერთი კურსი გულისხმობს ორი ფილმის ანუ ორი სახელმძღვანელოს გავლას.
მეორე სახელმძღვანელო ეფუძნება პირველში მიღებულ ცოდნას (გრამატიკა სრულად) და მრავალმხრივად აღრმავებს მას, გარდა ამისა, მეორე სახელმძღვანელო ითვალისწინებს წერასაც, და რადგან ჩვენი სტუდენტები ამ ეტაპისთვის უკვე უპრობლემოდ აფორმებენ სათქმელს ვერბალურად, წერა ხდება მექანიკური პროცესი – ჩაწერა.
გაკვეთილი:
„ცელულოიდის ენების“ გაკვეთილი 3–საათიანია და კვირაში ორჯერ ტარდება. სახელმძღვანელოს თითოეულ თავზე სამი ტიპის გაკვეთილი გვაქვს და ესენია: 1. კასტინგი, 2. სუფლიორი და 3. ვარიაციები. სამივე ტიპის გაკვეთილი გულისხმობს ფილმის დიალოგების ტექსტის დამუშავებას, რაც პირველივე გაკვეთილიდან მეტყველებაზე, საუბარზე აქცენტით მიმდინარეობს.
სტუდენტები ხდებიან ფილმის პერსონაჟები და 9 საათს უთმობენ ფილმის ერთ თავს (3–4წთ.იან ფილმის ნაწილს), რომელზე მუშაობაც ხალისიანი და შემოქმედებითია. მაგალითად, მესამე ტიპის გაკვეთილი ანუ ვარიაციები შესწავლილი თავის ლექსიკით სრულიად ახალი სიტუაციების შექმნას, ურთიერთპარტნიორობას, სერიოზულ თამაშს გულისხმობს.
ლექსიკური მარაგი მდიდრდება და მყარდება გრამატიკული სავარჯიშოებითაც, რომელთა რაოდენობა ვარირებს იმის მიხედვით, რამდენად სრულყოფილად იქნა გაგებული და ათვისებული სტუდენტთა მიერ ესა თუ ის გრამატიკული საკითხი, საჭიროების შემთხვევაში რთული საკითხი „თანამდევ სულად“ იქცევა და მანამ ვერ დაგვტოვებს, სანამ თითოეული სტუდენტისათვის უმარტივესი სათამაშო არ გახდება.
ჩვენი მიდგომა გვაქვს ენის არაწესიერი, გამონაკლისური თუ ნაკლული ფორმებისადმი, რომლებსაც თანდათან ვაბევრებთ და მუდმივი, სხარტი და ხალისიანი გამეორებებით მექანიკურ ცოდნად ვაქცევთ.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ „ცელულოიდის ენებში“ არ არსებობს საშინაო დავალება! ყველაფერი ისწავლება გაკვეთილზე!
პედაგოგები:
„ცელულოიდის ენების“ ყველა პედაგოგი გარდა იმისა, რომ სრულყოფილად ფლობს ენას, რომელსაც ასწავლის, არის ფილოლოგი–ლინგვისტი, პროფესიული ცოდნის მიღება–გამყარების გარკვეული ეტაპი გავლილი აქვს იმ ქვეყანაში, რომლის ენასაც ასწავლის, თითოეულ პედაგოგს უშუალოდ „ცელულოიდის ენების“ მეთოდის ავტორისგან აქვს შესწავლილი მეთოდი, მისივე თანაავტორობით ან კონსულტაციით აქვს შედგენილი „ცელულოიდის ენების“ სახელმძღვანელო და მეთოდის ავტორის უშუალო ზედამხედველობით მიჰყავს კურსი.
შედეგი:
ჩვენი მომავალი სტუდენტი შეიძლება იყოს როგორც დამწყები, ასევე გარკვეული დონის ცოდნის მქონე იმ ენაში, რომლის შესწავლასაც აპირებს. იგი იწყებს პირველი სახელმძღვანელოთი ანუ ნულიდან და ასრულებს მეორე სახელმძღვანელოთი – უმაღლესი საფეხურით, სადაც იგი თავისი ნებისმიერი აზრის, შეკითხვის, სურვილის და სხვა ვერბალურად გაფორმებას შეძლებს გრამატიკულად კორექტული ფორმით, ორთოგრაფიულად გამართულად ჩაწერს მას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თავისუფლად წაიკითხავს ყველაფერს და გაიგებს, რასაც მას ეტყვიან ამ ენაზე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და მედიებიდანაც.
პასუხები ხშირ შეკითხვებზე:
1. თქვენ სალაპარაკო ენას ასწავლით?
პასუხი: დიახ, ჩვენ სალაპარაკო ენას ვასწავლით, რადგან არასალაპარაკო ენა, ზოგადად, არ არსებობს. მაგრამ ჩვენ არ ვასწავლით სალაპარაკო ენას ტრადიციული ქართული გაგებით ანუ გრამატიკულად გაუმართავ ენას („მე ავღნიშნავ, ყოველი ჩვენთაგანი, ცეკვაში დადიან ორი ძმები, შეყვარებულია ნესტანში, ყური მაშინვე დაუგდო, რეამინაციაში წევს, კარებები გააღო “ და სხვა). ჩვენ ვასწავლით გრამატიკულად სწორ სალაპარაკო ენას.
2. რამდენი სიტყვა მეცოდინება ამ კურსის გავლის შემდეგ?
პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმძღვანელოებში ყველა თავს თავისი ლექსიკონი აქვს (სადაც თავად შეგიძლიათ კომფორტულად დათვალოთ სიტყვები და გამოთქმები), ჩვენ არ ვითვლით სიტყვებს, ჩვენ მხოლოდ ვზრუნავთ მათ გააქტიურებაზე, ტექსტზე მუშაობისას, გრამატიკული სავარჯიშოების კეთებისას კვლავ და კვლავ ვუბრუნდებით მათ, უფრო სწორად სიტყვებს კი არა, გამოთქმებს, სიტყვათშეთანხმებებს, მზა ფრაზებს... ამიტომაც ჩვენი კურსის დამთავრების შემდეგ თქვენ გეცოდინებათ არა სიტყვები, არამედ ლაპარაკი. ამას აზრი აქვს, ამიტომ ამისთვის დრო არ გვენანება, სიტყვების დათვლისთვის კი დრო არა გვაქვს. თქვენ შეიძლება იცოდეთ 3000 და მეტი უცხოური ლექსიკური ერთეულიც, მაგრამ ვერასოდეს გააქტიუროთ ეს „ცოდნა“ ანუ ვერ ილაპარაკოთ.
3. გავლილი მაქვს B2 საფეხური, როგორ უნდა დავჯდე ჯგუფში დამწყებებთან ერთად, ვინც სრულებით არაფერი იცის?
პასუხი: „ცელულოიდის ენები“ ენასთან დაკავშირებით აღიარებს, ასე ვთქვათ, მხოლოდ ორ „დონეს“: ენის ცოდნას ან ენის არცოდნას.
თუ თქვენ სწავლობდით ენას, ახვედით გარკვეულ საფეხურზე, მაგრამ ან ენაზე საუბარი, აზრის თავისუფლად ჩამოყალიბება გიჭირთ და, რაც მთავარია, არ შეგიძლიათ ამ ენაში დამოუკიდებლად განვითარება და ცოდნის ორგანიზება, მაშინ თქვენ „ცელულოიდის ენები“ დამწყებად განგიხილავთ, და, როგორც თავად დაინახავთ, დაახლოებით მეორე/მესამე გაკვეთილზე თქვენს დონეზე იქნება ნულიდან დამწყებიც, რადგან ჩვენი მთავარი სამუშაო არის მეტყველება, მრავალფეროვანი ლექსიკა და გაცნობიერებული გრამატიკული ცოდნა, ამ კომპონენტების კოორდინაციით თქვენ რეალურად ისწავლით თქვენ მიერ შერჩეულ ენას და „ცელულოიდის ენების“ კურსის დამთავრების შემდეგ არასოდეს დაგჭირდებათ ამ ენის ისევ სწავლა!