16/08/2026
ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და კოლეგებო!
დიდი ფიქრის შემდეგ მივიღე ჩემთვის ძალიან მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება: მივდივარ სკოლიდან, რომელსაც ასე ვეთაყვანები. ჩემი სამომავლო გეგმები ამჟამად სხვა გზას არ მიტოვებს - მათ განსახორციელებლად მჭირდება დიდი დროის გამოთავისუფლება და შინაგანი ძალების მობილიზება. მიზანი კი მეტი სარგებლის მოტანაა ჩვენი ქალაქისთვის, რომლის სიყვარულშიც ბოლომდე დავიფერფლები!
მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თანადგომისა და იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და რომელიც მაძლევდა ძალას, ღირსეულად მემსახურა ჩემი საქმისა და მოვალეობისთვის!
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამ პიროვნებას:
ქალბატონ მანანა ჩიქოვანს Manana Chiqovani - იმიტომ კი არა, რომ დირექტორია, არამედ იმიტომ, რომ თავისი საქმის თავგანწირული მეომარია. ეს არის ქალი, რომელმაც მოქალაქეობის უმაღლესი დონე გამოავლინა, გაიმარჯვა საკუთარ თავზე და პირველი სკოლა არნახულ სიმაღლემდე აიყვანა; ეს არის ადამიანი, რომელმაც მაშინ გამომიწოდა დახმარების ხელი, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა; მომცა საშუალება, გამომევლინა ჩემი სიყვარული პირველი სკოლისა და ჩვენი ლამაზი ქალაქისადმი; დამეხმარა, განვვითარებულიყავი პიროვნულად და პროფესიულად. მადლიერი დავრჩები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!
ქალბატონ მაია სიჭინავას Maia Sichinava- ბევრჯერ მიმიღია მისგან დედაშვილური უანგარო რჩევა, რაც კეთილად წამდგომია ცხოვრებაში; ყოველთვის გვერდით მედგა, ყოველ ჯერზე ითვალისწინებდა ჩემს ლაბირინთივით ჩახლართულ გრაფიკს და სასწაულებს ახდენდა ამ მხრივ.
ჩემს უთბილეს, უტკბესსა და უკეთილშობილეს რუსიკო რუსიკო კვარაცხელია, მასწავლებელს; ჩემს დამრიგებელს, მეგობარსა და მოგვიანებით - კოლეგას. მისთვის დღემდე დავრჩი მეხუთეკლასელ “დათუნიად”, რომელზე ზრუნვაც (როგორც თითოეულ მოსწავლეზე) წმინდა მოვალეობად მიაჩნდა და მიაჩნია. უკვე სამი ვაჟის მამას ჩუმად გამიყვანდა ხოლმე დერეფანში და საგულდაგულოდ შეფუთულ, თავისი მადლიანი და დალოცვილი ხელებით მომზადებულ გემრიელობებს გადმომცემდა საიდუმლოდ - ვიცი, გიყვარსო... ადამიანი, რომლისგანაც დღემდე ვსწავლობ, რომლისგანაც არასდროს გამიგია, ვინმეზე აუგი დასცდენოდა. უბრალოდ ასეთია და მორჩა!
ყველაზე დიდი მადლობა კი ჩემს უსაყვარლეს მოსწავლეებს, რომლებთანაც ურთიერთობამ უდიდესი სიხარული და ბედნიერება მომანიჭა. ქრისტეს ნათელი არ მოგკლებოდეთ თქვენს სავალ გზებზე, ჯვარცმულის ძალა და მადლი შეგეწიოთ ყოველ კეთილ საქმეში! თუ ვინმეს ოდესღაც უნებურად რამე გაწყენინეთ, გულწრფელად გთხოვთ პატიებას! გეფერებით და მიყვარხართ!
P.S. ვრჩები ისევ ჩემს მშობლიურ ქალაქში და პედაგოგიურ საქმიანობას ვაგრძელებ კერძო მიმართულებით (რეპეტიტორობით). მთელ ჩემს დარჩენილ სიცოცხლეს, შესაძლებლობებსა და უნარებს შევალევ მის განვითარებასა და სიყვარულს!
უდიდესი სიყვარულით, მოწიწებითა და პატივისცემით, დავით ნაჭყებია