08/08/2023
4. როგორ გავხდე წარმატებული?
საჭიროა მოთმინება, ძლიერი ადამიანის აზროვნების ტიპის გაგება და მისი აქტიურად გამოყენება, ჩვენი ოცნებისა და შესაძლებლობების გააზრება, მოქმედებისთვის მომზადება, თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა, სიკეთის მოზიდვა და მისი შენარჩუნებისთვის ზრუნვა, საუკეთესო ხალხის შემოკრება და მათთან ერთად ან მეგობრულ კონკურენციაში საქმის კეთება.
შეუძლებელი არაფერია?
შეუძლებელი თითქოს არაფერია და ჩვენ შესაძლოა ბევრი წარმოუდგენელი საქმე შევძლოთ, თუმცა, ამისთვის აუცილებელია სათანადო გარჯა, ვიშრომოთ, ნებისყოფა გამოვიჩინოთ და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ. სხვებისგან გვესმის რომ შეგვიძლია „სუპერმენიც“ ვიყოთ, მაგრამ, რეალურად, არაფერს ვაკეთებს „სუპერმენად“ გადაქცევისთვის, ველოდებით ვინმეს ან რამეს, რომ წარმოუდგენელი შესაძლებლობის წინაშე დაგვაყენოს. ზოგჯერ არც კი ვცდილობთ, რომ ამ შესაძლებლობამდე თავად მივიდეთ, თავად ვეძიოთ, შევიძინოთ ის უნარები და ჩვევები, რაც წარმატებულს გაგვხდის და თითქოს შეუძლებელს შეგვაძლებინებს.
წარმატებული რომ გავხდე რაზე ვფოკუსირდე?
რაღაც საქმეში ბუნებრივად ძლიერები ვართ და ამ საქმეში წარმატების მიღწევის უფრო დიდი ალბათობა გვაქვს, ვიდრე ისეთ რამეში, რაშიც სხვაა ბუნებრივად ძლიერი. ამასთან, რაღაც საკითხში თუ არ გვაქვს საჭირო გონებრივი, ფიზკური, თუ სხვა ტიპის აუცილებელი შესაძლებლობა, მას შეიძლება ვერც მივაღწიოთ. ამის მაგალითია მათემატიკური აზროვნების შესაძლებლობა: თუ ჩვენ არ გვაქვს მათემატიკური აზროვნება, როგორც წესი, მათემატიკოსობა არ უნდა მოვინდომოთ და რომც მოგვინდეს, გვარიანად ვერ შევეტოქებით მათემატიკური აზროვნების უნარით დაჯილდოვებულს, მაშინაც კი, თუ ეს უკანასკნელი ბევრად უფრო ნაკლებ შრომას ჩადებს თავისი ძლიერი მხარეების განსავითარებლად. გარკვეულ სფეროში, ძლიერი უნარით დაჯილდოვებულმა ადამიანმა შესაძლოა ერთ საათში იმაზე მეტი შექმნას, ვიდრე ჩვენ შევქმნით მთელი ცხოვრების მანძილზე.
ნიშნავს თუ არა ეს რომ მხოლოდ რაშიც ვართ ძლიერები ის უნდა ვისწავლოთ და მხოლოდ მასზე დავხარჯოთ ენერგია?
უმეტესი ენერგია, დრო და რესურსები ძლიერი მხარის გასავითარებლად უნდა გამოვიყენოთ, თუმცა, გარკვეული უნარები რაშიც ვერ ვართ ძლიერები, თუ ისინი აუცილებელია ჩვენი წარმატების მისაღწევად, მინიმალურ დონემდე უნდა განვივითაროთ. მაგალითად, ასეთი უნარი შეიძლება იყოს: გუნდური მუშაობა, კომუნიკაციის უნარი, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი, უცხო ენის ცოდნა და ა.შ..
ზოგი ბევრ რამეზე ფოკუსირდება და ადვილად იღებს საწადელს დიდი შრომის გარეშე?
წარმოუდგენელია მნიშვნელოვანი რამის მიღწევა თუ არა შრომით, თანაც თანმიმდევრულად. „უგზოუკვლოდ“ შრომა აზრს მოკლებულია. შესაძლებელია ვაკეთოთ ყველაფერი და ყველაფერში ერთბაშად წარმატებული პროფესიონალები ვიყოთ? ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი რამ გამორიცხულია, რადგან ნებისმიერ სპეციალობის დაუფლებას ბეჯითი შრომით გარკვეული დრო უნდა დავუთმოთ, თანაც იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენ შეგვიძლია ინფორმაციისა თუ ცოდნის მიღება, მისი აღქმა-გააზრება და პრაქტიკულად განხორციელება.
ერთი შეხედვით, ზოგი მართლაც აღწევს წარმატებას ადვილად, თუმცა ეს განპირობებულია მათ მიერ მათი ძლიერი მხარეების დაიდენტიფიცირებით და გამოიყენებით. მაგ.: მშობლებისა თუ უახლოესი საკონტაქტო წრის დახმარებით პროფესიაში ადვილად გაერკვნენ და წინსვლაც გაუადვილდათ. მეორე მაგალითი შესაძლოა იყოს: დიდძალი სიმდიდრე დააგროვა, რადგან მემკვიდრეობა მიიღო, რაც სათანადო მართა. მაგრამ რეალურად ეს მათი მოცემულობის სწორად რეალიზებით მოხდა. ბევრი წარმატებული მშობლის თუ მდიდარი ადამიანის შვილი ვერ იპყრობს მწვერვალებს. უფრო მეტიც, პროფესიის გარეშე, თუ სულაც უქონელად ქცეულა.
გარკვეული უპირატესობა ყოველ ჩვენგანს აქვს, თუმცა მისი დანახვაა აუცილებელი, ის რაც ყოველ მიზეზ გარეშე გაგვიადვილებს წარმატების მიღწევას.
ფაქტია, თუ რამეს ადვილად ვაკეთებთ, და ეს საქმიანობა გვაბედნიერებს, აუცილებლად უნდა ვფოკუსირდეთ მასზე და ზედმეტად არ უნდა გავართულოს შედეგის მიღება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი შედეგის მისაღწევად ყველაზე ადვილი გზა დავსახოთ და ამით დავზოგოთ ფული, დრო თუ სხვა საჭირო რესურსი.
რატომ უნდა გამოვიჩინო მოთმინება-ნებისყოფა?
წარმოუდგენელია წარმატება მოთმინების გარეშე, ვიცით, რომ ყველაფერს თავის დრო აქვს, როგორც ქმედების შესრულებას, ისე, მისით მიღწეული შედეგის წარმოჩენას. შესაბამისად, აუცილებელია ქმედებას თან სდევდეს მოთმინება. შესაძლებელია ფეხით ერთ წამში ერთბაშად ასობით კილომეტრის გავლა? ერთ კილომეტრს მეორე მოსდევს და ამ ფორმით შეგვიძლია გავიაროთ ასობით კილომეტრი და მივაღწიოთ მიზანს, ამას კი ბევრად უფრო მეტი დრო სჭირდება.
ხშირად, სწორედ მოთმინების ნაკლებობა განაპირობებს ბევრი ადამიანის წარუმატებლობას. საჭირო დროისთვის მზადება შრომით და თანმიმდევრული ქმედებით აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ადამიანმა აუცილებელია წვრთნას საკუთარი თავი, გამოიმუშაოს ის ნებისყოფა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
რატომ უნდა ვიყო თანმიმდევრული?
აუცილებელია ვიყოთ თანმიმდევრული, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სანამ დიდ საქმეს შევეჭიდებით მცირედი რამით უნდა დავიწყოთ, საჭიროა მცირე წარმატებებით მოვემზადოთ უფრო დიდი წარმატებისთვის.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ხშირ შემთხვევაში, ერთი რამე რომ გახდეს შესაძლებელი, მეორე პირობა უნდა დავაკმაყოფილოთ, მაგ.: თუ გვსურს გარკვეულ სტატუსს ღირსეულად მივაღწიოთ, მაგ.: დამსახურებული (ემერიტუსის) პროფესორის სტატუსი, ამისთვის სათანადო შრომა დაგვჭირდება, უნდა ვისწავლოთ, საგულისხმო აკადემიური შრომა გავწიოთ, რომ უნივერსიტეტმა დამსახურებული შრომისთვის მოგვნიჭოს აღნიშნული სტატუსი. სხვაგვარად მინიჭებული სტატუსი უბრალოდ სირცხვილიცაა და ალბათ ზოგჯერ გაგვიგია ამათუ იმ პირმა დაიკავა თანამდებობა, მიიღო სტატუსი მაგრამ რად გინდა შეუფერებელიაო, უღირსად მიიღო ესა თუ ის ჩინ-მედლებიო.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოცნება სიახლეებით თანმიმდევრულად ვკვებოთ, რადგან ახალი მიუწვდომელი მწვერვალებისკენ სწრაფვა აუცილებელია მომავალში სვლის, განვითარების მოტივაციისთვის.