19/05/2014
თბილისში კომპიუტერული გრაფიკის პირველი ფესტივალი ჩატარდება
24-25 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაცია „CG Georgia“-სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში კომპიუტერული გრაფიკის პირველი ფესტივალი ჩატარდება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება: საქართველოში შექმნილი კომპიუტერული გრაფიკის მასშტაბური გამოფენა; კონფერენცია განათლების, რეკლამის, ფილმწარმოების, გრაფიკული დიზაინის, ვებ-დიზაინის, არქიტექტურისა და GIS სისტემების, ტელევიზიის და კომპიუტერული თამაშების წარმოების შესახებ; ოთხი სხვადასხვა მიმართულების კონკურსი: ორგანზომილებიან გრაფიკაში (digital painting); სამგანზომილებიან ვიზუალიზაციაში; სამგანზომილებიან მოდელირებაში; სამგანზომილებიანი პერსონაჟის ანიმაციაში. აღსანიშნავია, რომ კონკურსების მონაწილეებმა დავალებები უკვე მიიღეს და გამარჯვებულები ფესტივალის ბოლო დღეს გამოვლინდებიან.
სპიკერებს შორის იქნებიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლებიც, როგორებიც არიან: Autodesk, Adobe, Chaos Group. ისინი ახალი პროდუქტების პრეზენტაციას გამართავენ.
ფესტივალის მიზანია საქართველოში კომპიუტერული გრაფიკის სფეროში არსებული პოტენციალისა და წარმოებული პროდუქციის დემონსტრირება, გამოცდილების გაზიარება, არსებული პრობლემების ღია განხილვა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა, პოტენციურ დამკვეთებსა და შემსრულებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება, კომპიუტერული გრაფიკის კუთხით საგანმანათლებო სისტემის განვითარება და ზოგადად სფეროს პოპულარიზაცია და განვითარების სტიმულირება.
ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან: ინტერაქტიული აპლიკაციების ლაბორატორია, საქართველოს კომპიუტერული თამაშების
მწარმოებელთა ასოციცია IGDA Georgia, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, Jok.FM, კომპანია „სი ჯი ლებ“ და კომპანია „იზი სოფტი.“