Teacher - ქართულის მასწავლებელი - მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

Teacher - ქართულის მასწავლებელი - მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

Share

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

23/06/2025
14/06/2025

ვინც წელს აბარებს მასწავლებლის გამოცდას, გამოადგება!♥️

მოგესალმებით, კოლეგებო!
აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია საგამოცდო ცენტრის მიერ დაწყებითი კლასის პედაგოგებისათვის შემოთავაზებულმა ანალიტიკურმა ესემ.
ბევრი პედაგოგი თვლის , რომ საილუსტრაციო მასალა არ იყო ნათლად მოწოდებული და ამიტომ გაუჭირდათ პრობლემის გამოკვეთა და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა.
გადაჭრით მინდა გითხრათ, რომ ეს მოსაზრება სწორი არ არის.
პრობლემაზე ორიენტირებული ესეს ფორმატი გულისხმობს პრობლემის გამომწვევი მიზეზების ძიებას და მათზე მსჯელობას.
შემოგთავაზებთ ამ ესეს განხილვის ჩემეულ ვერსიას.

გავიხსენოთ საილუსტრაციო მასალა:

ანალიტიკური წერა გაეცანით მონაცემებს:
➢ წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით:
▪ მოსწავლეთა 70%-ზე მეტს ასწავლიან მასწავლებლები, რომლებსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გავლილი აქვთ წაკითხულის გააზრების უნარებისა და სტრატეგიების სწავლების ტრენინგი;
▪ ქართველი მასწავლებლების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი იყენებენ მრავალფეროვან მიდგომებს და ელექტრონულ რესურსებს სწავლა-სწავლების პროცესში;
▪ მოსწავლეების 80%-ზე მეტს მათი მასწავლებლები ინდივიდუალურად აწვდიან უკუკავშირს თითქმის ყოველ გაკვეთილზე.
➢ მიუხედავად ზემოაღნიშნული კვლევის შედეგებისა, როგორც PIRLS-ის, ისე PISA-ს საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები წიგნიერებაში კვლავ საერთაშორისო საშუალო მონაცემზე დაბალია.

გაიაზრეთ წარმოდგენილი მონაცემები და იმსჯელეთ:
➢ რა ხასიათის პრობლემა იკვეთება წარმოდგენილ საილუსტრაციო მასალაში?
➢ რა გამოწვევების წინაშე აყენებს საზოგადოებას ეს პრობლემა?
➢ რა შეიძლება დავსახოთ პრობლემის გადაჭრის გზად?

რა არის საკვანძო ინფორმაცია ტექსტში?
რაზე დაყრდნობით უნდა გამოვკვეთოთ პრობლემა?
კვლევა გვეუბნება:
1. მასწავლებლების 70%-ს გავლილი აქვს წაკითხულის გააზრების უნარებისა და სტრატეგიების სწავლების ტრენინგი;
2. მასწვლებლები აცხადებენ, რომ იყენებენ მრავალფეროვან მიდგომებსა და ელექტრონულ რესურსებს სწავლა-სწავლების პროცესში და მოსწავლეთა 80 %-ს აწვდიან ინდივიდუალურ უკუკავშირს ყოველ გაკვეთილზე;
3. ამის მიუხედავად, როგორც PIRLS-ის, ისე PISA-ს საერთაშორისო კვლევების მიხედვით ქართველი მოსწავლეების მიღწევები წიგნიერებაში საშუალოზე დაბალია.

ეს სამი მონაცემი უნდა გადაიკვეთოს, უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს, შეჯერდეს პრობლემის გამოსაკვეთად!

პრობლემა წიგნიერების დაბალი დონე კი არ არის, ეს მოცემულობაა, ფაქტია, რომელიც საილუსტარაციო მასალაშია წარმოდგენილი. პრობლემა მდგომარეობს იმ მიზეზების ძიებაში, რაც იწვევს წიგნიერების დაბალ დონეს.

მოკლედ, პრობლემა ის არის, რომ მიუხედავად მასწავლებელთა მრავალმხრივი გადამზადებისა ( შემთხვევით არ არის ხასგასმული წაკითხულის გააზრების უნარებისა და სტრატეგიების ტრენინგი) და მიუხედავად მასწავლებელთა მხრიდან იმის მტკიცებისა, რომ ისინი ეფექტურად იყენებენ ამ ცოდნას სწავლა-სწავლების პროცესში და ასევე იძლევიან რეგულარულ უკუკავშირს, შედეგი მაინც არ დგება.

წავიკითხე მრავალი ესე.
რომელ ესეშიც ზემოთ აღნიშნული ურთიერთმიმართება იყო შენარჩუნებული და შემდეგ, საკითხის გაშლის დროს, მსჯელობის ნაწილში იყო გამომწვევი მიზეზების ძიება, არ განულებულა!

გთავაზობთ ჩემი მსმენელებების მიერ ( ცხადია, მათ ეს ნაშრომი გაუსწორდათ და მიიღეს სასურველი ქულა) დაწერილი შესავლის რამდენიმე ნიმუშს, ნიშნად იმისა, თუ როგორ უნდა გამოკვეთილიყო პრობლემა პირველ აბზაცში:

1. ,, აღნიშნულ ილუსტრაციაზე დაყრდნობით იკვეთება მოსწავლეთა წიგნიერების დაბალი დონე იმ ფონზე, როცა მასწავლებელთა უმეტესობას გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენი მიზანია გამოვკვეთოთ ის მიზეზები, რომლებიც იწვევენ ამ შეუსაბამობას.’’

2. ,, დღეს უამრავი საშუალებაა ტრენინგისა და გადამზადების სახით, რომ პედაგოგმა კვალიფიკაცია აიმაღლოს, თუმცა ერთია ინფორმაციია მიღება და მეორე - მისი სწორად და მიზანმიმართულად გამოყენება, რაც , ცხადია, მჟღავნდება მოსწავლეთა შედეგებში.’’
3. ,, მოცემულ საილუსტრაციო მასალაში იკვეთება წიგნიერების პრობლემა, რომელიც 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მართალია, მასალიდან ჩანს, რომ მასწავლებელთა უმრავლესობას გავლილი აქვს წაკითხულის გააზრების უნარების ტრენინგი, მაგრამ კვლევები ცხადყოფს საპირისპიროს - ქართველი მოსწავლეები კვლავ რჩებიან წიგნიერების თვალსაზრისით საშუალოზე დაბალ დონეზე საერთაშორისო მონაცემებთან შედარებით.’’

წიგნიერება ზოგადად ფართო სპექტრის ტერმინია. ის გულისხმობს ცოდნის შეძენის , გააზრებისა და გამოყენების ერთობლიობას. ამიტომ აღნიშნული პრობლემით გამოწვეული შედეგები საზოგადოებისათვის ძალიან თვალშისაცემია. ტექსტის არაადეკვატური , შეზღუდული ფორმატით წაკითხვა აქვეითებს კრიტიკული აზროვნების უნარს, ადამიანს უჭირს მოვლენის ადეკვატური გაგება-შეფასება, ადამიანი ხდება ადვილად სამართავი, რადგან ის ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან მთავარ და მეორეხარისხოვან ინფორმაციას, იღებს გარემოების შეუსაბამო გადაწყვეტილებებს...
ერთი სიტყვით, კვლევის შედეგები და შესაბამისად საზოგადოებაზე მისი ზემოქმედების მოსალოდნელი საფრთხეები დამაფიქრებელია. პრობლემა რომ აქტუალურია, ამას კვლევაც ადასტურებს.

ზოგადად, წიგნიერების დაბალი დონის გამომწვევი მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, თუმცა ჩვენ უნდა ამოვიდეთ საილუსტრაციო მასალაში წარმოდგენილი რეალობიდან. ამიტომ გამორიცხულია ტრენინგები, უკუკავშირი, ელექტრონული რესურსები და მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება. კვლევა გვეუბნება, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი წესრიგშია. უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.

პირველი მიზეზი, ჩემი აზრით, არის კითხვისა და გააზრების სტრატეგიების სწავლებისა და გამოყენების არათანმიმდევრულობა, კერძოდ, უმარტივესი უნარების ჩამოყალიბება უნდა დავიწყოთ დაწყებითი საფეხურიდან და შემდეგ მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ ამ უნარების განვითარებაზე.
1. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სკოლებში ბევრს ლაპარაკობენ ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, ინერციით წამოსული საბჭოთა სკოლის მემკვიდრეობა, რომ ლექსები ზეპირად, ხოლო პროზაული ნაწარმოები - თხრობით უნდა ჩავიბაროთ მოსწავლეებისგან, მაინც სერიოზულ გამოწვევად რჩება. ცხადია, თანამედროვე სკოლებში მეტწილად შეიცვალა ამ საკითხთან დამოკიდებულება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის.

ტექსტის გაგება- გააზრება დაწყებითი საფეხურიდან უნდა იწყებოდეს. თუ მასწავლებელი დაწყებით კლასში არ ამახვილებს ყურადღებას მხატვრული თუ არამხატვრული ტექსტის კითხვის უმარტივეს სტრატეგიებზე, ბოლო ორი წლის ტრენინგები (ასეა საილუსტრაციო მასალაში მოცემული) შედეგს ვერ მოგვცემს. წაკითხულის გააზრების ხერხებისა და სტრატეგიების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია (მასწავლებლები აცხადებენ, რომ ტრენინგები გავლილი აქვთ ამ საკითხზე), აგრეთვე, თვით სასკოლო სახელმძღვანელოებშიც ხშირადაა მითითებული, როგორ ვასწავლოთ ესა თუ ის ტექსტი, რა სტრატეგიები გამოვიყენოთ.

საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეს გავუადვილოთ სწავლის პროცესი. უნდა ვასწავლოთ, როგორ ისწავლოს, რას დაუკვირდეს კონკრეტული ტექსტის ანალიზის დროს. ინფორმაციის მიცემა სწავლის სტრატეგიების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველი გაკვეთილის მიზანს უნდა შეადგენდეს.

ცხადია, მხატვრული და არამხატვრული ტექსტის გაგება- გააზრების სტრატეგიები ერთმანეთისგან განსხვავდება და ეს განსხვავებაც უნდა წარმოაჩინოს მასწავლებელმა პრაქტიკულად შესაბამისი ტექსტების მაგალითზე.

ამის გათვალისწინებით, პრობლემის გადაჭრის გზები მოიცავს იმ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებზეც მასწავლებელი უნდა ამახვილებდეს ყურადღებას დაწყებით სკოლაში: ,, სიტყვის სალარო“, ენობრივ მასალაზე დაკვირვება და მათი პრაქტიკულად გამოყენება ზეპირსა თუ წერით მეტყველებაში,
მარკირების მეთოდი გარკვეული სახის ინფორმაციის მოსანიშნად...
მაგ. მხატვრული ტექსტის წაკითხვის დროს უნდა ამოწერონ ყველაზე ლამაზი სიტყვები. ისინი, სავარაუდოდ, ტროპის სახეებია, რაც ჯერ არ იციან, მაგრამ მნიშვნელოვანია მათზე აქცენტირება, რადგან სწორედ ამ ლამაზ სიტყვებში მალავს ავტორი მთავარ აზრს... ამოწერონ პერსონაჟის სახელები, დააჯგუფონ , მიუწერონ დამახასიათებელი ნიშნები, გაიაზრონ იდეის გამომხატველი სიტყვები, ახსნან სათაური, დაუკავშირონ ტექსტს და ა.შ.

არამხატვრული ტექსტებში კი მოსწავლემ უნდა შეძლოს ფაქტის, მოსაზრება/ ვარაუდის, დასკვნის და ა.შ ერთმანეთისგან გამიჯვნა. მარკირების მეთოდი თვალსაჩინოდ წარმოადგენს განსხვავებას ფაქტსა და ვარაუდს, არგუმენტსა და მოსაზრებას შორის, აზრის გამოხატვის დროს საჭიროა გამახვილდეს ყურადღება არგუმენტების მრავალფეროვნებაზე, ჩამოიწეროს ისინი დაფაზე, განვიხილოთ ცალ-ცალკე და შევადაროთ, რომელია მათ შორის ძლიერი/ სუსტი. არსებული ინფორმაციის სისტემატიზაცია კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოადგენს განსახილველ ტექსტს და მოსწავლეებს გაუადვილებს მათს ანალიზს.

ბუნებრივია, ასაკის მატებასთან ერთად, კიდევ უფრო გართულდეს და დაიხვეწოს კითხვის სტრატეგიები და მოსწავლემ უნდა შეძლოს ქვეტექსტების წვდომა, გაიხსენოს პარალელები, განაზოგადოს და გამოიყენოს მიღებული ცოდნა.



2. ასევე ამ პრობლემის წარმომშობ ერთ- ერთ მიზეზად მიმაჩნია, მოსწავლეთა ინდივიდულური თავისებურებების გათვალისწინება სწავლა-სწავლების პროცესში. ჩვენ ნუ გვგონია, რომ ინდივიდულური მიდგომა მხოლოდ რამდენიმე მოსწავლეს დასჭირდება კლასში. არა, ყველა ბავში ინდივიდია და ყველას მხოლოდ მასზე მორგებული სწავლების სტრატეგია თუ ხერხი სჭირდება. ტრენგზე მიღებული ცოდნის მოდიფიცირება ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს და თუ გვგონია, რომ რომელიმე ტრენინგი უნივერსალურ ხერხს მიგვაგნებინებს, რომელიც ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გაამართლებს, მწარედ ვცდებით. თუ ინფორმაციას მოსწავლეს ისე მივაწვდით, რომ არ გვექნება წარმოდგენა მათს შესაძლებლობებზე, არ შევურჩევთ ინდივიდუალურ მიდგომას, დიდხანს ვიქნებით ბოლო ადგილზე წიგნიერების თვალსაზრისით. რაც მარტივად იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსწავლე წაკითხულიდან ადეკვატურ შინაარს ვერ გამოიტანს, ტენდენციური იქნება და საერთოდაც ვერ იმეგობრებს წიგნთან ან სხვადასხვა სახის ბეჭდურ მასალასთან.
გთავაზობთ ამონარიდს ჩემი მოსწავლის ესედან: ,, ვერ ასწავლი მოსწავლეს ფერადი და ლამაზი წიგნებით, თუ ის ასოებს ვერ აღიქვმას. დისლექსია არის დავადება, რომელიც არც მხედველობასთან არ არის დაკავშირებული და არც გონებასთან. სრულიად ნათელი გონების ბავშვს უჭირს ასოების აღქმა. ალალი ჰანთის მოთხრობაში ,, თევზი ხეზე“ძალიან კარგად ჩანს ახალი პედაგოგის მისტერ დენიელსის მიდგომა მოსწავლეების მიმართ. მან ბლოკნოტში ჩანაწერების მეშვეობით გაიგო საკუთარი მოსწავლეების შინაგანი მდგომარეობა და როცა აღმოაჩინა ელის პრობლემა- მას აქვს დისლექსია, უჭირს ასოების წერა და კითხვა, მისცა უფლება ნახატებით გადმოეცა თავისი სათქმელი. ნახატებითვე ასწავლა ასოები და დააწყებინა კითხვა. რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა, იმის დახმარებით მიიღო შედეგი.“

წყალში რომ არ ჩაიყაროს ტრენინგებზე დახარჯული დრო და ენერგია, იმისათვის, რომ სწავლა-სწავლების პროცესი იყოს ნაყოფიერი, მასწავლებელმა აუცილებლად წინასწარ უნდა დაგეგმოს გაკვეთილი, მოსწავლეების შესაძლებლობიდან გამომდინარე შეარჩიოს გამოსაყენებელი რესურსი, შესაფერისად ხშირად ცვალოს სწავლების ხერხები...
თუ მასწავლებელს ეცოდინება თავისი მოსწავლეების ძლიერი მხარეები და სწორედ ამას გამოიყენებს იარაღად, აუცილებლად მიაღწევს მიზანს.

ერთი სიტყვით, ჩვენ ორი ფაქტორი გამოვყავით, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო კონკრეტულ მოცემულობაში პრობლემის გამომწვევი მიზეზი. ერთი- წიგნიერებაში პრობლემების აღმოფხვრა ხანგრძლივი პროცესია და მას დაწყებითი კლასებიდანვე უნდა მიექცეს სათანადო ყურადრება და მეორე- მასწავლებელი მუდმივად უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის ინდ. თავისებურებებს. სხვა მიზეზებიც მრავლადაა. მასწავლებლები მრავალ მიზეზს ასახელებენ და სწორი არგუმენტირების შემთხვევაში, ცხადია, ისინიც იქნება რელევანტური.

ამ წერილის მიზანი პრობლემის გამოკვეთა და მასზე მსჯელობა იყო, თუმცა ჩვენ ზემოთ, აქტუალურობის განხილვის კვალდაკვალ, შევეხეთ, თუ რა უარყოფითი შედეგების მომტანია საზოგადოებისთვის წიგნიერების დაბალი დონე, ასევე ასე თუ ისე გადაჭრის ხერხებიც განვიხილეთ.

და ბოლოს, გონიერი სამოქალაქო საზოგადოება წიგნიერების საშუალოზე დაბალი დონით არ მიიღება. სამწუხაროდ, საერთაშორისო კვლევებით დადასტურებული შედეგები არასახარბიელო რეალობაა და მრავალმხრივი სამუშაოა ჩასატარებელი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Tbilisi