17/04/2015
სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს
სხდომის ოქმი N17
თბილისი 19.03.2015
სხდომის დაწყების დრო: 14.05
სხდომის დასრულების დრო: 16.43
სხდომას ესწრებოდნენ:
1. მანანა მაზმიშვილი – მასწავლებელი,
2. ნელი ბუაძე – მასწავლებელი,
3. ნინო სამხარაძე – მასწავლებელი,
4. ნონა გოგოლაძე – მასწავლებელი,
5. ეთერ ნანობაშვილი–ნადირაშვილი – მასწავლებელი,
6. თამარ ფხაჭიაშვილი – მასწავლებელი,
7. ნინო ყაველაშვილი – მშობელი,
8. ნონა ჯოჯუა – მშობელი,
9. ვარდო გოქსაძე – მშობელი,
10. მარიამ ჭანტურია – მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი
11. დოდო ხარშილაძე – თბილისის მერიის წარმომადგენელი.
სხდომას არ ესწრებოდნენ: ეკა მამასახლისი, მაია ყოლბაია და მაიკო ქობულაძე
დღის წესრიგი:
1. სსიპ 117-ე საჯარო სკოლის შინაგანაწესის დამტკიცება (მომხ. მ. მაზმიშვილი)
2. სსიპ 117-ე საჯარო სკოლის სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობის განხილვა (მომხ. ვ. გოგსაძე)
I. მოისმინეს :
სამეურვეო საბჭოს თავმჯომარის მანანა მაზმიშვილის ინფორმაცია 117-ე საჯარო სკოლის ახალი რედაქციის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ. მ. მაზმიშვილმა აღნიშნა, რომ შინაგანაწესის პროექტის ბეჭდური ვერსია ხელმისაწვდომი იყო, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებისათვის, ისე სკოლის დაინტერესებული სხვა პირებისათვის (მასწავლებლებისათვის, მოსწავლეთა თვითმმართველობისათვის). საკმარისი იყო აგრეთვე დროც, რათა ყველა გაცნობიდა პროექტს და სამეურვეო საბჭოსათვის მოეწოდებინათ საკუთარი შენიშვნები. მ. მაზმიშვილმა სამეურვეო საბჭოს წარუდგინა საკუთარი შენიშვნები:
ა) წარმოდგენილ პროექტში რიგი პუნქტებისა მონიშნულია მუქად და შემოტავაზებულია ალტერნატიული ვარიანტები (მაგალითად, მუხ. 3, პ. 5,9,10; მუხ. 4; მუხ. 7, მუხ. 11, მუხ. 29). აუცილებელია, ამ ალტერნატიული წინადადებებიდან შერჩეულ იქნას ნორმის ვარიანტი, რომელიც შეესაბამება სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სასკოლო წლიურ გეგმას;
ბ) მე–9 მუხლი რედაქციულად გასამართია (გადასანომრია პუნქტები);
გ) მიზანშეწონილია მე–11 მუხლში შრომის ანაზღაურების გაცემის ვადად დაფიქსირდეს პერიოდი მიმდინარე კალენდარული თვის 25 რიცხვიდან, არა უგვიანეს ამ თვის დასრულებიდან 5 დღისა;
დ) მე–17 მუხლის პირველ პუნქტში ზ) და ი) ქვეპუნქტები შინაარსობრივად იდენტურია;
ე) დასაზუსტებელია ან საერთოდ ამოსაღებია შინაგანაწესის პროექტის მე–20 მუხლის მე–8 პუნქტში ფრაზა „როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი“;
ვ) 21–ე მუხლის მე–2 პუნქტიდან ამოსაღებია გ) და დ) ქვეპუნქტები, ვინაიდან აღნიშნული ზნეობრივ–ეთიკური რეგულაციები განსაზღვრულია მასწავლებლისა და დირექტორის ეთიკის კოდექსებში;
ზ) 21–ე მუხლის მე–2 პუნქტის ი) ქვეპუნქტში უნდა დაკონკრეტდდეს რა ითვლება სკოლის მიმდებარე ტერიტორიად;
თ) 22–ე მუხლის მე–4 პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოცემული გადაცდომა (მოსწავლეზე ემოციური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა), რისთვისაც დადგენილია დისციპლინური სანქცია – სასტიკი საყვედური, არ არის გათვალისწინებული ამავე შინაგანაწესის 21–ე მუხლში, სადაც მოცემულია დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალი. შესაბამისად, ეს პუნქტი ან საერთოდ უნდა ამოღებულ იქნას ან უნდა დაემატოს 21–ე მუხლსაც. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დეტალურად გაიწეროს ის ინდიკატორები, რომელთა საფუძველზეც უნდა მოხდეს ამგვარი ზეწოლის ფაქტის დადგენა–დადასტურება.
ი) მნიშვნელოვანია, რომ შინაგანაწესში დაემატოს ნორმა, სადაც განისაზღვრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის ვადა, მაგალითად, დისციპლინური სახდელის დადებიდან 6 თვეში;
კ) ყოვლად მიუღებელია 23–ე მუხლის მე–6 პუნქტის შინაარსი, რომლის შესაბამისადაც, დისციპლინური დევნა შეიძლება დაიწყოს დარღვევის ჩადენიდან ან გამოვლენიდან 3 წლის განმავლობაში. მიზანშეწონილია აქაც, ისევე როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაფიქსირდეს 2 თვიანი ხანდაზმულობის ვადა.
აზრი გამოთქვეს:
ნელი ბუაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ აქვს რიგი შენიშვნებისა და წინადადებებისა. კერძოდ:
ა) მუხლი 6. ვაკანტურ ადგილზე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება, გარდა ელექტრონული საშუალებებისა მიზანშეწონილია გამოიკრას სკოლის საინფორმაციო დაფაზეც, ხოლო კანდიდატის შერჩევა მოხდეს ყოველთვის კონკურსის წესით;
ბ) მუხლი 11. სკოლის ანგარიშზე სახელფას თანხის არსებობის შემთხვევაში, ხელფასი გაიცეს მიმდინარე თვის 25 რიცხვიდან თვის ბოლომდე, როგორც ეს ხდება სხვა საჯარო სკოლებში და ხდებოდა ჩვენს სკოლაში ადრე;
გ) მე–17 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ამოსაღებია, ვინაიდან უვადო შრომის ხელშეკრულების პირობებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა ვერ გახდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი;
დ) სასურველია 22–ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია – 10 დღის ხელფასის დაკავება, შეიცვალოს 5 დღის ხელფასის ოდენობის სანქციით;
ე) გაუგებარია და ამოსაღებია 22–ე მუხლის მე–4 პუნქტში გამოყენებულია ტერმინი: ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა.
ვ) 22–ე მუხლის მე–6 პუნქტის ბ) ქვეპუნქტში დაემატოს სიტყვა „განზრახ“ (სკოლისათვის განზრახ მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება);
ზ) 23–ე მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული, სახდეელის დადების 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა აბსურდულია და უნდა შემცირდეს 2 თვემდე;
თ) ვინაიდან, დისციპლინარული სახდელის მოქმედების პერიოდში არ გამოიყენება წახალისების ფორმები ,საჭიროა დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შესაძლებლობის განსაზღვრა, ვინაიდან შესაძლებელია ამ პერიოდში მასწავლებელმა დიდი წვლილი შეიტანა სკოლის წარმატებაში (ვთქვათ რესპუბლიკურ დონეზე განახორციელოს პროექტი, მისმა მოსწავლემ გაიმარჯვოს რესპუბლიკურ ოლიმპიადაში ან რაიმე მსგავსი );
ი) შინაგანაწესს უნდა დაემატოს 42–ე მუხლი, სადაც აღინიშნება, რომ შინაგანაწესის განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენს მოსწავლის ქცევის კოდექსი, მასწავლებლის ეთიკის კოდექსი და დირექტორის ეთიკის კოდექსი.
ქ–ნმა ნელი ბუაძემ, არა შენიშვნის, არამედ სამსჯელო თემად დასვა მასწავლებლის ოჯახის წევრის გარდაცვალების ან ქორწინების შემთხვევაში, პედაგოგისათვის 3 დღიანი შვებულების მიცემისა და მისთვის ხელფასის შენარჩუნების საკითხი.
ნონა ჯოჯუამ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მოსწავლეთა ქცევის კოდექსზე და განსაკუთრებით მოსწვლეთა ჩაცმულობაზე; მისი აზრით კარგი ქნება თუ შემოვიღებთ სასკოლო ფორმას; სხვა შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ჩაცმის ნორმები, დაუშვებელია შორტებით, ძალიან ღრმა დეკოლტეთი, დახეული ჯინსითა და ვულგარული სამოსით სკოლაში სიარული.
მარიამ ჭანტურიამ, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ქ–ნი ნონა ჯოჯუას წინადადებას სასკოლო ფორმების შემოღების თაობაზე.
საბჭოს თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა წარმოდგენილი სკოლის შინაგანაწესის დამტკიცების საკითხი, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (გარდა ქ–ნ ნ. ჯოჯუას წინადადებისა, სასკოლო ფორმების შემოღების თაობაზე, რომელიც სადავო გახადა მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელმა).
კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (მომხრე – 10, წინააღმდეგი –0, თავი შეიკავა – მარიამ ჭანტურიამ), სამეურვეო საბჭომ
დაადგინა:
1. დამტკიცდეს სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის შინაგანაწესი სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული რედაქციით;
2. ეთხოვოს სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის დირექტორს ამ დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად გადამუშავებული შინაგანაწესის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისათვის ხელმოსაწერად წარდგენა და საჯაროდ გამოქვეყნება.
II. მოისმინეს სამეურვეო საბჭოს წევრ ვარდო გოგსაძის ინფორმაცია სკოლის სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ. ქალბატონმა ვარდომ განაცხადა, რომ სანიტარულ–ჰიგიენური კომისია კვირაში ერთხელ ამოწმებს სკოლაში სისუფთავის მდგომარეობას. გამოვლინდა, რომ ყველა სველ წერტილში არის ტუალეტის ქაღალდი და საპონი, მაგრამ არ ხდება ქლორით დამუშავება, საპირფარეშოებში (განსაკუთრებით დაწყებითი კლასების ბლოკში) არაა საკმარისი სისუფთავე, ხშირად სუნია. არ ხდება კლასების დალაგება სველი წესით, მტვერია.
აზრი გამოთქვეს:
დოდო ხარშილაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქლორით დამუშავება არ უნდა მოხდეს ყოველდღიურად, ამისათვის უნდა გამოიყენონ ქლორიანი ანალიზი-10% ხსნარი, რომელიც რეკომენდირებულია სველი წესით დალაგებისათვის და არ ახასიათებს სპეციფიური სუნი. მისი აზრით, სასურველია ასევე, სკოლამ აიყვანოს ექიმი.
ნონა ჯოჯუამ, რომელმაც დასვა წინადადება – ეთხოვოს სკოლის დირექციას, რომ მოაწესრიგოს კანალიზაცია საპირფარეშოებში.
კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (მომხრე – 10, წინააღმდეგი –0, თავი შეიკავა – მარიამ ჭანტურიამ), სამეურვეო საბჭომ
დაადგინა:
1. სკოლის სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა ჩაითვალოს გაუმჯობესებულად;
2. სკოლის დირექციას მიეცეს რეკომენდაცია უზრუნველყოს სკოლის სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესება, შემდეგი ღონისძიებებით:
ა) დამლაგებელთა სამსახურებრივი მოვალეობების ურთიერთშენაცვლება;
ბ) სველი წესით დასუფთავებითი სამუშაოების სიხშირის ზრდა;
გ) საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების შეძენისა და დეზინფექციის ჩატარება.
საბჭოს თავმჯდომარე: მანანა მაზმიშვილი
მდივანი: ნელი ბუაძე