14/05/2026
წმინდა ბასილი დიდი
"თუკი სწორად შესწირე, მაგრამ სწორად არ გაჰყავი, შესცოდე (დაბ. 4.7). ჩვენ კი, როდესაც გვგონია, რომ მცნებათაგან ერთი თუ შევასრულეთ ასე თუ ისე, - ვერ ვიტყოდი, რომ შევასრულეთ, რადგან ყველა მცნებას, მოძღვრების ჯანსაღი მნიშვნელობის შესაბამისად, ერთმანეთთან ისეთი კავშირი აქვს, რომ ერთის დარღვევით, აუცილებლობით, მასთან ერთად ირღვევიან დანარჩენებიც, - არ ველით რისხვას იმათ გამო, რომლებიც უგულებელვყავით, არამედ ველოდებით პატივს იმ ერთის გამო, რომელიც თითქოსდა სწორად აღვასრულეთ. ვინც მიცემული ათი ტალანტიდან ერთი ან ორი შეინახა, დანარჩენი კი დააბრუნა, იგი არ მიიჩნევა კეთილგონიერად იმის გამო, რომ უფრო დიდი ნაწილი დააბრუნა, არამედ მხილებულია, როგორც უსამართლო და მომხვეჭელი უფრო მცირე ნაწილის მოკლების გამო. და რად ვამბობ "მოკლებას"? იგი, ვისაც ერთი ტალანტი მისცეს და შემდეგ დააბრუნა ის მთლიანად და ხელუხლებლად, ის, როგორც მიიღო (მათე, 25. 18,24-28), განისჯება იმის გამო, რომ არაფერი შეჰმატა მოცემულს. მას, ვინც ათი წელი პატივისცემით ეპყრობოდა მამას, შემდეგ კი მხოლოდ ერთი დარტყმა მიაყენა, არ მიეგება პატივი, როგორც კეთილისმყოფელს, არამედ განისჯება, როგორც მამისმკვლელი" (ასკეტიკონი; ვიქტორია ჯუღელის თარგმანი).