მგონი უკვე ბევრნი შევთანხმდით იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობები გარკვეულწილად ყველას გვაქვს, გააჩნია როგორ გარემოში, საზოგადოების როგორ წრეში და როგორ ადამიანებთან აღმოვჩნდებით. ბევრ ჩვენგანს ჯერ კიდევ გვიჭირს ერთმანეთის პატივისცემა, მიღება, აღიარება, თანადგომა და ხანდახან უფრო გვიადვილდება ერთმანეთის გარიყვა ან საჭიროებების იგნორირება. გარიყვის მიზეზი ალბათ ბევრია: უბნიდან - ეროვნებამდე. მატერი
ალური მდგომარეობის, სოციალური სტატუსის, სექსუალური ორიენტაციის, ხასიათის, ტემპერამენტის, ინტელექტუალური შესაძლებლობების და კიდევ ბევრი მიზეზის გავლით. ამ ყველაფერთან ერთად ერთმანეთის მიღება, აღიარება, დაფასება, პატივისცემა, თანაგრძნობაც ძალიან კარგად გამოგვდის. ხშირად ზუსტად იმავე მიზეზების გამო. ჩვენ, ჩვენი კულტურის, მრავალფეროვნების, ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ღირებულებების მქონე ძალიან პატარა ქვეყნის - საქართველოს მოქალაქეებს, უსაზღვრო შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ ვიპოვოთ ოქროს შუალედი. მივიღოთ, ვაღიაროთ, პატივი ვცეთ და თანავუგრძნოთ თითოეულს. და ჩამოვაყალიბოთ იმდენად კეთილგანწყობილი საზოგადოება, რომ აღარავის მოგვიწიოს ამა თუ იმ იმ დღის აღნიშვნა - იქნება ეს ჰომოფობიასთან ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, დაუნის სინდრომის, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების, ბავშვთა დაცვის, თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე. - რადგან ასეთ საზოგადოებაში ყველა დღე ყველასი იქნება. ოქროს შუალედის ძიების პროცესში კი ნამდვილად თითოეულ ჩვენგანს შეუძლია წვლილის შეტანა