30/03/2026
📝აღმოსავლეთ ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ორი ომის შუაში გეოგრაფიულად მოქცეული სამხრეთ კავკასია ეკონომიკური, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა. ოკუპირებულ აფხაზეთში და ნახჭევანში დრონების გამოჩენა არის დასტური, თუ რამდენად ახლოა საფრთხეები სამხრეთ კავკასიისთვის. უკრაინაში და ირანში დაპირისპირებული ბანაკები დიდწილად იდენტურია, რაც ორი ომის შუაგულში მოქცეულ სამხრეთ კავკასიას მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის. ომების დინამიკა ცხადად ავლენს დაპირისპირებულ ბანაკებს შორის საერთო ინტერესებს, რაც ორი ომის კიდევ უფრო დაახლოების შესაძლებლობებს ზრდის.
‼️ ამის დასტურია ახლო აღმოსავლეთში უკრაინული ფაქტორის გაძლიერება, როდესაც ირანის თავდასხმების მოსაგერიებლად რეგიონის ქვეყნებმა უკრაინის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საჭიროდ მიიჩნიეს. მდიდარი არაბული ქვეყნები, რომელთაც თავს დაატყდათ ირანის სამხედრო პასუხი აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, უკრაინული გამოცდილების გაზიარებას ესწრაფვიან. რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი მიზნად ისახავს ძირითადად დრონების ტექნოლოგიების გაცნობას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ტექნოლოგიების გაზიარება სამხედროების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, რაც ომის სპეციფიკიდან გამომდინარე მათ ირანის პოტენციურ სამიზნეში აქცევს.
➡️ამის შესახებ ირანიდან პირველი ცნობები უკვე გავრცელდა, როდესაც თქვეს, რომ დაბომბეს უკრაინული დრონების საწყობები და სამხედროები, რაც ოფიცილურმა კიევმა უარყო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მალევე გახდა ცნობილი, რომ რუსეთი ირანულ „შაჰედის“ დრონებს იყენებდა, რამაც ირანის მიმართ უკრაინის დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითად შეცვალა. ირანში ომის დაწყებისთანავე, თეირანში თქვეს, რომ ყველა და ყველაფერი სამიზნედ იქცევა, რაც გამოყენებული იქნება ირანის წინააღმდეგ. „ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო მოვლენა მოხდა, რომლებმაც რუსეთ-უკრაინის ომი და ირანის ომი ერთ კონფლიქტად გააერთიანეს“, - განაცხადა პიტსბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა უილიამ სპანიელმა.
📣ომების დრამატურგიას ამძაფრებს სულ უფრო ხშირად გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს „შაჰედის“ დრონების საკუთარ განახლებულ ვერსიას უგზავნის, რასაც ემატება დასავლეთში არაერთხელ გავრცელებული მოსაზრება, რომ მოსკოვი თეირანს მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციითაც ეხმარება. ისრაელის მიერ ირანის ბანდარ ანზალის პორტის დაბომბვა კასპიის ზღვაში სწორედ რუსული დახმარების შეფერხებას ისახავდა მიზნად. რუსეთი ირანში ჰუმანიტარულ დახმარებასაც გზავნის სახმელეთო გზით და ეს მარშრუტი აზერბაიჯანზე გადის. არის თუ არა ეს ტვირთები სრულად ჰუმანიტარული დახმარება და იგზავნება თუ არა ამ გზით სამხედრო აღჭურვილობა, ეს სრულად გარკვეული არ არის.
🚀ეს ორი ომი რომ ერთმანეთთან დაკავშირებულია, ადასტურებს ევროპული პოზიცია, სადაც აშშ-ის ღიად მოუწოდებენ ზეწოლა განახორციელოს რუსეთზე, რაც ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებას დაეხმარება. მოთხოვნის მიუხედავად, აშშ-მა ნატოსგან დახმარება ვერ მიიღო ჰორმუზის სრუტის განბლოკვისთვის, თუმცა ალიანსი ვაშინგტონის ომს მხარს უჭერს. „თუ ირანს ექნება ბირთვული პოტენციალი, მათ შორის, რაკეტების შესაძლებლობებთან ერთად, ეს იქნება პირდაპირი საფრთხე, ეგზისტენციალური საფრთხე ისრაელისთვის, რეგიონისთვის, ევროპისთვის“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ. რუსეთი სარგებელს მიიღებს, თუ დასავლეთი ირანის საკითხზე იქნება ორიენტირებული და ამის ნიშნები უკვე სახეზეა რუსულ ნავთობზე შეზღუდვების შემსუბუქების თვალსაზრისით. ირანი რუსული გამოცდილებით სარგებლობს დასავლეთთან დაპირისპირების ფარგლებში. უკრაინა კი ცხადად უკავშირდება ახლო აღმოსავლეთის დინამიკას.
🇹🇷 ორივე ომი მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს თურქეთზეც. უკრაინის ომმა შავი ზღვის აუზში უპრეცედენტო სამხედრო და ეკონომიკური პრობლემები შექმნა, რაც დიდწილად თურქეთსაც შეეხო. ამის მაგალითია ხორბლის ექსპორტის შეფერხება უკრაინიდან, შავ ზღვაში ნაღმების აღმოჩენა და სხვა. ირანში მიმდინარე ომი კი უშუალოდ თურქეთის სასაზღვრო ზონაშია. ომის მიმდინარეობისას უკვე მეოთხედ თურქეთმა მისი მიმართულებით ირანიდან ბალისიტიკური რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა, თუმცა ამ ფაქტს ირანი უარყოფს. ომის გავრცელების რისკები თურქეთს სიფრხილისკენ უბიძგებს, რის გამოც თურქეთის ხელისუფლებაში არაერთხელ თქვეს, რომ არ გაებმებიან ომის ხაფანგში.
🇬🇪🇦🇲🇦🇿 ყოველივე ეს სამხრეთ კავკასიის ირგვლივ სახიფათო წრეს ქმნის, მაშინ როდესაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ომის მონაწილე და არამონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო კავშირში არიან. სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური დინამიკა ცვლილებების გზაზეა, თუმცა რადიკალურად ჯერ არაფერი შეცვლილა: აზერბაიჯანის მოკავშირეობა თურქეთთან და ახლო ურთიერთობები ისრაელთან; სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობა ირანთან და რუსეთის და სომხეთის ახლო კავშირები, მიუხედავად სომხეთის სურვილისა, შეამსუბუქოს რუსეთზე დამოკიდებულება დასავლეთთან ურთიერთობით. საქართველოსთან არავის აუღია სამოკავშირეო ურთიერთობის პასუხისმგებლობა და დასავლეთთან ურთიერთობების გართულების ფონზე, ორივე ომთან დაკავშირებით ერთგვარი ნეიტრალური პოზიცია საფრთხეების არიდებას ისახავს მიზნად. ორივე ომის დინამიკა აჩვენებს, რომ ვითარება შესაძლოა სწრაფად გართულდეს, რაც პატარა ქვეყნებისგან სიფხიზლეს მოითხოვს.
🆘ადგილობრივი შეტაკება მაგ. სიუნიუქში/ზანგეზურში შეიძლება მრავალშრიან კონფლიქტში გადაიზარდოს. ჩრდილოეთ ირანში ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის შესაძლო არეულობა საზღვრებს მიღმა გავრცელების რისკებს გაზრდის. საქართველოსა და აზერბაიჯანში მარიონეტული ომის, დივერსიისა და სადაზვერვო ოპერაციების რისკები შეიძლება გაიზარდოს. ასევე შესაძლებელია არასახელმწიფო სუბიექტების და პარამილიტარული ჯგუფების როლის გაზრდა. საქართველოს ირანთან პირდაპირი საზღვარი არ აქვს, მაგრამ ტრანზიტული სახელმწიფოა ვაჭრობისა და სანქციებისგან თავის არიდების თვალსაზრისით და გარკვეულწილად დაუცველია ჰიბრიდული ოპერაციების მიმართ. ვითარებას ართულებს რუსეთთან მიმდინარე დაძაბულობა ოკუპირებული რეგიონების გამო და ეკონომიკური ზრდისთვის რეგიონულ სტაბილურობაზე დამოკიდებულება.
🛤️საქართველო შესაძლოა იქცეს გაზრდილი წნეხის ქვეშ მყოფ ლოგისტიკურ ვიწრო ზონად, რომელიც შესაძლოა გახდეს ჰიბრიდული გავლენის სამიზნე, როგორიცაა: კიბერ, სადაზვერვო და პოლიტიკური ზეწოლა. ომების გლობალურობიდან გამომდინარე, არის მათი ერთმანეთთან სტრატეგიულად დაკავშირების ზრდის შესაძლებლობა. სამხრეთ კავკასია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი რეგიონია, რადგან ის შემდეგი ფაქტორების გადაკვეთაზე მდებარეობს: რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება, ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია და რეგიონული გადაუჭრელი კონფლიქტები. რისკების ზრდის ფონზე, სამხრეთ კავკასია აზიასა და ევროპას შორის ერთ-ერთ სტაბილურ დერეფნად იქცა და ამ სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონის ქვეყნებისთვის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს, თუმცა საფრთხეების თავიდან არიდება დიდწილად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული.
09/03/2026
12/02/2026
02/02/2026
13/10/2025
06/08/2025
28/07/2025
01/07/2025
14/06/2025
24/02/2025