06/08/2012
აგვისტოს ომის შემდეგ 4 წელი გავიდა. ომში დაღუპულ ადამიანთა პატივსაცემად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართება ღონისძიებათა მთელი ციკლი, სადაც თითოეულ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. კვირეულის ფარგლებში მოეწყობა Facebook აქცია,სახელწოდებით- ჩემი გმირია, რომელიც თავის თავში გულისხმობს ჩვენს გვერდზე განთავსებული ალბომიდან გმირის ფოტოს არჩევასა და მის დაყენებას მთავარ ფოტოდ, რათა საზოგადოებისათვის ცნობილი გავხადოთ ის ადამიანები, რომელთაც თავი შესწირეს ჩვენი მომავლისათვის, ამასთან ჩვენი გვერდის საშუალებით თქვენ მოგეცემათ საშუალება მიწეროთ წერილი დაღუპული გმირების ოჯახებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციას სურვილი აქვს მადლიერება გამოხატოს თითოეული ჯარისკაცის მიმართ, სწორედ ამიტომ მოეწყობა მადლობის კედელი, რომელზეც ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სურს ასეთი ფორმით გამოხატოს პატივისცემა გმირებისადმი მიეცემა საშუალება აღნიშნულ კედელზე გააკეთონ წარწერები და უკვდავყონ ის ღვაწლი, რაც საქართველოს წინაშე აქვთ მშვიდობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლ ჯარისკაცებს. ღონისძიება ასევე მოიცავს ვიდეო-რგოლს, რომლითაც გვინდა ვუთხრათ ყველას, რომ ჩვენ ვამაყობთ თითოეული ჩვენი მებრძოლით და არასდროს დაგვავიწყდება მათი თავდადება.
ასევე განხორციელდება ტელეხიდი, სადაც იქნებიან მომხსენებლები იმ ქვეყნებიდან, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული ოკუპაცია.
დასასრულს მშვიდობის სურვილითა და მადლიერების გრძნობით, გმირთა სახელისა და ყველა იმ ადამიანის უკვდავსაყოფად რომელიც შეეწირა რუსულ ოკუპაციას მტკვარზე მოხდება სანთლებითა და ყვავილებით შემკული ტივების გაშვება.
შემოგვიერთდით ყველა ვინც ამაყობთ საქართველოს გმირებით!