12/08/2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 11 აგვისტოს №110/ნ ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებების, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესი.
ახალი წესი განსაზღვრავს სასკოლო ფორმის ხელმისაწვდომობის, რეალიზებისა და იმ მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მექანიზმებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის ბენეფიციარები არიან.
რას ითვალისწინებს ახალი წესი?
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმით უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“.
კომპანია უზრუნველყოფს სასკოლო ფორმის დამზადებას ან შესყიდვას, დასაწყობებასა და შენახვას, რეალიზაციას ან გადაცემას, მათ შორის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში - უსასყიდლოდ გადაცემას, ასევე შესაბამის აღრიცხვას.
სკოლის როლი
საჯარო სკოლებს ეკისრებათ შესაბამისი სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონით დადგენილი სასკოლო ფორმის სავალდებულოდ ჩაცმის მოთხოვნის შესრულება.
სკოლამ შინაგანაწესით უნდა განსაზღვროს შესაბამისი მონიტორინგის, პრევენციისა და პასუხისმგებლობის ზომები. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი მოსწავლის სასკოლო ფორმის ჩაცმის ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი სამინისტროსთან წერილობით უნდა შეათანხმოს.
როგორ განხორციელდება ფორმის მიღება?
სასკოლო ფორმის რეალიზაცია შესაძლებელი იქნება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ განსაზღვრულ რეალიზების პუნქტებსა და გაცემის ცენტრებში, აგრეთვე შესაბამისი ვებგვერდის საშუალებით ონლაინგაყიდვის გზით.
ფორმის შეძენისას ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ფორმით.
პროგრამის ბენეფიციარებისთვის ფორმის უსასყიდლოდ გადაცემა განხორციელდება რეალიზების პუნქტებიდან/გაცემის ცენტრებიდან ან ონლაინმოთხოვნის საფუძველზე, ბენეფიციარის სტატუსის დადასტურების შემდეგ.
რა რაოდენობის ფორმას მიიღებს ბენეფიციარი (ვისაც უფასოდ ეკუტნის) ?
ერთი სასწავლო წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გაიცემა:
ბიჭისთვის — 1 პიჯაკი და 2 შარვალი;
გოგოსთვის — 1 პიჯაკი, 1 შარვალი და 1 ქვედაკაბა.
თუ მოსწავლე სასწავლო წლის განმავლობაში მოიპოვებს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს, მისმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. მოთხოვნა განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება 10 სამუშაო დღის ვადაში.
მშობლების უფლებები
სასკოლო ფორმის მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი გადაცვლა ან დაბრუნება.
გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია, მათ შორის, ქარხნული წუნის ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში. ამასთან, ნივთს უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული სასაქონლო სახე, ეტიკეტი და სამომხმარებლო თვისებები და არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების კვალი.
აღრიცხვა და უსაფრთხოება
სასკოლო ფორმის გადაცემა სათანადო აღრიცხვას ექვემდებარება. პროგრამის ბენეფიციარებისთვის ფორმის გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ინფორმაციას ელექტრონულ სისტემაში აღრიცხავს.
ფორმის შენახვისთვის გათვალისწინებულია უსაფრთხო, მშრალი, სუფთა და ტენისგან დაცული სასაწყობე ფართები. საწყობი უნდა იყოს დაცული, ხოლო შენობის პერიმეტრი — აღჭურვილი ვიდეომონიტორინგის სისტემით.
პერსონალური მონაცემების დაცვა
წესის განხორციელებისას მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა განხორციელდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. წესში განსაზღვრულია იმ მონაცემთა ჩამონათვალი, რომელთა დამუშავებაც პროგრამის მიზნებისთვის არის გათვალისწინებული, ხოლო მონაცემთა დამუშავებასა და დაცვაზე პასუხისმგებლობა შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ ეკისრება.