Home
>
Georgia >
Tbilisi >
ქალაქ თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის #10 ხელოვნების სკოლა
ქალაქ თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის #10 ხელოვნების სკოლა
Share
ქალაქ თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის #10 ხელოვნების სკოლა.
საბავშვო მუსიკალური განათლების კერა, ქალაქ თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის №10 ხელოვნების სკოლა დაარსადა 1932 წელს. სკოლა ესთეტიკური აღზრდის პრინციპებით ყოველთვის ემსახურებოდა საქართველოს სამუსიკო განათლების და კულტურის საზოგადოებაში ფართოდ დანერგვას. მის სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა შესაბამისი ასაკობრივი პროგრამის გათვალისწინებით, თანმივდევნურად იყო და არის წარმოდგენილი სხვადასხვა კულტურული
ეპოქა. სკოლის სასწავლო პროცესის ჩამოყალიბებაში დიდია მისი დირექტორების წვლილი. ესენია - სერგო პოღოსოვი, სავიოლინო სკოლის ამაგდარის ანდრია ყარაშვილის შვილი მარიამ ყარაშვილი, კომპოზიტორი ვლადიმერ კურტიდი, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი ნათელა წერეთელი. სწორედ ნათელა წერეტელის ხელმძღვანელობის დროს სკოლას 1956 წელს გადაეცა დამოუკიდებელი შენობა დიდი საკონცერტო დარბაზით, რომელიც ფეხბედნიერი გახდა გამოჩენილი მუსიკოსების გ. ნეიჰაუზის, იოხელესის, თ. ქუთათელაძის, გ. გურევიჩის, რ. როჟოკის, რეიმანის, ე. რუსიშვილის მასტერკლასების ჩასატარებლად. აქ ტარდებოდა სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორების შ. ასლანიშვილის და პ. ხუჭუას ლექციები. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ნიჭიერ მოსწავლეთა ათწლედის და კონსერვატორიის სტუდენტების, ასპირანტების გამოსვლები ხშირი მოვლენაა ჩვენი სკოლის დარბაზისთვის. შემდეგი დირექტორი იყო ირაკლი ჯოხაძე. ამჟამინდელი დირექტორი, რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე ტარიელ ბერიძე, უკვე 37 წელია, რაც სკოლას უძღვება. დაუღალავმა, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებულმა პედაგოგმა, მან დიდი საგანმანათლო-მეთოდური მუშაობა გაშალა და მჭიდრო კავშირი დაამყარა საქართველოს ყველა ქალაქის სამუსიკო კერასთან. მან, კულტურის სამინისტროსა და მეთოდკაბინეტის მივლინებით გაგზავნილმა წარმომადგენელმა, შემოწმების ფუნქციას უთავსებდა შემოქმედებითი კავშირების გაღრმავებას, რეგიონების სკოლებიდან იწვევდა წარმატებული მიგნებების გასაზიარებლად და თავის სკოლაში დასანერგად ყველა კოლეგა-პედაგოგს თუ დირექტორს და ამით ხელს უწყობდა სკოლათა და ქალაქებს შორის სიახლეების გაზიარებას, მჭიდრო პედაგოგიური კავშირების დამყარებას. ყველა თეორიულ, თუ საშემსრულებლო განყოფილებაზე ამ მიმართულებით მუშაობა დღემდე გრძელდება.
ფასდაუდებელია სასწავლო ნაწილის გამგის რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის მარგარიტა აგაჯანოვას ღვაწლი სკოლის ტრადიციების ჩამოყალიბებაში. მან ამ თანამდებობაზე 56 წელი იმუშავა. სკოლას ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1982 წლის 27 ნოემბრის №21/27527 გადაწყვეტილებით მიენიჭა არამ ილიას ძე ხაჩატურიანის სახელი (ა.ი. ხაჩატურიანი - სახალხო არტისტი, გამოჩენილი საბჭოთა კომპოზიტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, დაიბადა ქალაქ თბილისში). საგულისხმოა, რომ ყოველი წლის 6 ივნისს სკოლაში ტარდება ხაჩატურიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღია კონცერტი, სადაც სრულდება ქართველი და სომეხი კომპოზიტორების ნაწარმოები.
2007 წლიდან სამუსიკო სკოლა გადაკეთდა ხელოვნების სკოლად. შესაბამისად, სკოლის სასწავლო დისციპლინებში დაემატა ხელოვნების ახალი დარგები. კერძოდ, სახვითი ხელოვნების და ქართული ხალხური საკრავების შემსწავლელი განყოფილებები. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახვითი ხელოვნების განყოფილების მუშაობა, რომელიც წელიწადში ორჯერ აწყობს გამოფენას ,,სამების’’ საკათედრო ტაძარში და მონაწილეობას ღებულობს მერიის სკოლების ყველა გამოფენაში.
საკმაოდ მრავალფეროვანია სკოლის შემოქმედებითი წარსული. მისი მოწავლეები ყველა ჩატარებული საქალაქო თუ რესპუბლიკური ფესტივალის და კონკურსის აქტიური მონაწილე იყო. სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა საკმაოდ დიდ პლეადიდან აღნიშვნის ღირსია ისეთები, ვინც შორს გაიტანა ქართული მუსიკალური განატლების სახელი და დღემდე განაგრძობენ საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ესენია - ს. შავგულიძე, ნ. წვერელი, თ. ჩიტაძე, ე. ასათიანი, მ. გველესიანი, ვ. მურადოვი, გ. მურადოვი, ი. აივაზოვა, ლ. კალამკაროვა, ს. რინენბერგი, ნ. ბიჭიაშვილი, ბ. შპეტიშვილი, ნ. შერმადინი, ს. გელოვანი, ნ. წიკლაური, ა. სირაძე და სხვები.
აღსანიშნავია სკოლის მიერ დამყარებული მეგობრულ - შემოქმედებითი კონტაქტები. კერძოდ, ქალაქ მოსკოვის №16 სამუსიკო სკოლასთან, ქალაქ ერევნის №3 სამუსიკო სკოლასთან, სანქტ - პეტერბურგის სამუსიკო სკოლასთან. დაუვიწყარი ემოციური შთაბეჭდილებებით იყო აღსავსე ქალაქ კლინის პ.ი. ჩაიკოვსკის სახლ-მუზეუმში კომპოზიტორის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ზაქარია ფალიაშვილის, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმებში, საჯარო ბიბლიოთეკის საკონცერტო დარბაზში, კომპოზიტორთა კავშირში გამართული საღამოები, სადაც ჩვენი სკოლის აღსაზრდელებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. არამ ხაჩატურიანის სახელობის ხელოვნების სკოლა საქართველოს ტელე - რადიო მაუწყებლობის ხშირი სტუმარის. სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ისეთ ტელე - რადიო გადაცემებში, როგორიცაა ,,მუსიკალური ვიქტორინა’’, ,,მოსაწვევი ბარათი’’, ,,დებიუტი’’, ,,საყმაწვილო რადიოთეატრი’’, ,,ჩაიკოვსკის 100 წლისთავი’’, ,,რომანტიული მუსიკა’’, ,,ინსტრუმენტული კონცერტი’’.
სკოლის ინიციატივით 2011 წელს ჩატარრდა ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლების მოსწავლეთა ფესტივალი, რომელიც მიეძღვნა ვ.ა. მოცარტის დაბადებიდან 255 წლისთავს. 2013 წელს, კვლავ ჩვენი სკოლის ინიციატივით, ჩატარდა ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლების მოსწავლეთა ფესტივალი ,,გერმანული მუსიკა’’. 2015 წელს დაგეგმილია საქალაქო ფესტივალის ჩატარება, რომელიც მიეძღვნება საფრანგეთის და საქართველოს მუსიკალური კულტურების ურთიერთობის ისტორიას.
აქტიური საგანმანათლებლო და აღმზდელობითი მუშაობის გარდა, განუზომელია სკოლის როლი ხალხთა შორის მეგობრობისა და ტოლერანტობის გაღრმავებაში. ეთნიკურად მრავალფეროვანი შემადგენლობის ავლაბარში მდებარე განათლების კერა ყოველთვის პირუთვნელი ობიექტურობითა და სიყვარულით ახალისებდა და ხელს უწყობდა ყველა ნიჭიერ მოსწავლეს წარმატებების მიღწევაში. სკოლა ამაყობს როგორც ქართველი, ასევე სომეხი, რუსი, ებრაელი, აზერბაიდჟანელი, ბერძენი, უკრაინელი, ქურთი ბავშვების წარმატებებით. ამ ბავშვებს დამსახურებული აღიარება აქვთ მოპოვებული შიდარესპუბლიკურ და საერთაშორისო ასპარეზზე.