10/08/2018
ხრიდოლი
ქართული საბრძოლო ხუთჭიდი
ხრიდოლი დღეს წარმოადგენს ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახეობას, საბრძოლო ხუთჭიდს, რომელშიც გაერთიანებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ხუთი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი, ფარიკაობა და შვილდოსნობა. ამ სახელწოდების საბრძოლო ხელოვნება ძველ საქართველოში არ არსებობდა. იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით ხრიდოლი იყო, შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს. სიტყვა “ხრიდოლის”, იგივე ხრიდონის, ხრიდულის საფუძვლი ხრიკიდან მოდის. ხრიდოლის წესით ბრძოლა ნიშნავდა, მეტოქის: გონიერებით, სიბრძნით, ხერხით დამარცხებას. ამ წესით ბრძოლა, ერთგვარი ოსატოტბის დონის მაჩვენებელიც იყო, რადგან გამომწვევი უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მეტოქეს უნდა შებმოდა და დამარცხების შემთხვევაშიც კი არ დაერღვია ხრიდოლის წესები.
ხრიდოლის ბრძოლის წესში ასახულია ქართველობის ისტორია. საუკუნეების განმავლობაში მუდმივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მტერთან გვიწევდა შეტაკება. ნაალაფარით ნაშოვნი სიმდიდრით, ლაშქრის სიმრავლით, უკეთესი შეიარაღებით ცდილობდნენ მსოფლიოს უდიდესი იმპერიები ჩვენს გატეხვას, მაგრამ მაინც ვერავინ აიძულა ქართველი გაქცეოდა განსაცდელს, სხვისთვის დაეტოვებინა ღვთისგან ნაბოძები მიწაწყალი. უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მტრის დამარცხება, ღირსების საქმედ ექცა ქართველს. “ხრიდოლის” შინაარსიდან გამომდინარე, 1997 წელს, ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემის აღდგენისას, “ხრიდოლი” გამოყენებული იქნა კრებით სახელწოდებად.
საბრძოლო ხელოვნების ის სახეობები, რომლებსაც ხრიდოლი შეისწავლის უძველესია. მათი ფესვები და ბრძოლის წესი რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. თანამედროვე სპორტულ ხრიდოლში, ძველი საბრძოლო სახეობებისგან განსხვავებით, ამოღებულია ის ილეთები, რომელთა შესრულება მეტოქის სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს. კისრისა და კიდურების მეყსეული მოტეხვა, სხეულის დაუცველ ადგილებში შეტევა. გარდა ხუთჭიდში შემავალი სახეობებისა, ხრიდოლის საბრძოლო სისტემა ზრდასრულ ასაკში შესულ ხრიდოლიონს ავალდებულებს შეისწავლოს ხელჩართული ბრძოლის ის ელემენტები, რომლებიც მას “სპორტული წესებით” ეკრძალება, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოადგება: ზემოთ აღნიშნული აკრძალული ფანდების გარდა, ხრიდოლის ოსტატი უნდა ფლობდეს ილეთებს, რომლებიც მას შიშველი ხელით ცივი თუ სხვა საბრძოლო იარაღით მოქმედ მეტოქესთან გამკლავების საშუალებას მისცემს.
ხრიდოლის საბრძოლო ჩოხა
ხრიდოლში საასპარეზო ჩასაცმელს წარმოადგენს ქართული ტრადიციული საჭიდაო ჩოხა, რომელიც ჩვენში მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებამდე იყო ხმარებაში. ეს საბრძოლო ჩოხა სამწუხაროდ ოცდაათიან წლებში შეცვლილი იქნა; ქართველ მოჭიდაავეებს გახადეს შარვალი და ზედას მოაცილეს სახელოები, რის გამოც გაუქმდა არერთი ფანდი და ჭიდაობამაც განსხვავებული სახე მიიღო. ეს საბრძოლო ჩოხა, 1997 წელს, ჩვენს მიერ ხრიდოლის საბრძოლო სისტემის დაფუძნებისას, ასევე აღდგენილი იქნა და ის დღეისათვის წარმოადგენს ხრიდოლში მიღებულ საბრძოლო ჩოხას სიტემის ხუთივე სახეობისთვის.
ჭიდაობა
“ქართულ ჭიდაობაში” მოქმედება ხდება მხოლოდ დგომში, ჩოქბჯენში ბრძოლის გაგრძელება აკრძალულია. დაუშვებელია აგრეთვე ხელებით ქვედა კიდურებზე რაიმე საჭიდაო მოქმედება, აგრეთვე მტკივნეული ილეთები და გაგუდვა. არსებული წესები ქართულ ჭიდაობას გამორჩეულ, დახვეწილ იერს აძლევს, რის გამოც ის ჭიდაობის ერთ-ერთ ულამაზეს სახეობადაა მიჩნეული.
რკენა
რკენა(ხევსურული ჭიდაობა) საკმაოდ განსხვავდება თავისი წესებით ქართული ჭიდაობისაგან. მისი ერთ-ერთი სახელწოდებაა `მოშ და მოშ~, რაც მთის კილოზე ხელების შემოხვევით მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების შესრულებას გულისხმობს. რკენაში დასაშვებია ნებისმიერი ილეთის შესრულება, რომელიც ქართულ ჭიდაობაში ან ჭიდაობის საერთაშორისო სახეობებში არ იკრძალება. გარდა ამისა, “რკენაში”, ისევ ხევსურეთში შემორჩენილი ტრადიციის თანახმად, დასაშვებია “მუქასარში”(შარვლის ტოტებში) ხელის ჩავლებით ილეთების შესრულება. “რკენაში” ორთაბრძოლა გრძელდება ჩოქბჯენშიც. გარდა ამისა, დასაშვებია - როგორც დგომში, ასევე ჩოქბჯენში მახრჩობელა და მტკივნეული ილეთების შესრულება, რომლებიც კისრისა და კიდურების მეყსეულ მოტეხვას არ იწვევს. ძველი საბრძოლო წესებით ამ ტიპის ილეთების შესრულებაც დასაშვები იყო. ქულებით ფასდება შებოჭვა.
კრივი
ქართულ კრივში ბრძოლა ხრიდოლის ჩოხით მიმდინარეობს. ძველ დროს უხელთათმანოდ, ახლა სპეციალური “ხრიდოლის ხელთათმანებით”. ხელთათმანი თითებს არ ფარავს და საშუალებას აძლევს მებრძოლს მეტოქის ჩოხაზე ან ქამარში ხელის ჩავლებით ილეთი შეასრულოს. ბრძოლის დროს დასაშვებია, დარტყმების მიყენება, მუშტით და ფეხით, სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში, აკრძალული ადგილების გარდა. დასაშვებია თავით, მუხლით და იდაყვით სხეულის ნებისმიერ ადგილას შეტევის განხორციელება(სპორტული ასპარეზობის დროს სახეში იდაყვის, მუხლის და თავის დარტყმა იკრძალება). დასაშვებია, საჭიდაო ილეთების გამოყენება. როგორც დგომში, ასევე ჩოქბჯენში. ასევე დასაშვებია, დგომში და ჩოქბჯენში მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების გამოყენება. აკრძალულია დარტყმები საზარდულში, ყელში, კეფაში, ზურგისა და ხერხემლის მიდამოებში, დგომიდან წაქცეულის ცემა.
ფარიკაობა
ხევსურულ ფარიკაობაში მეტოქეები იბრძვიან ხმლით და პატარა წრიული ფორმის ფარით. ძველ დროში, უმცროსი ასაკის მებრძოლები, სწავლების პროცესში, ხმარობდნენ ხის “საჩვევ იარაღს”, თანამედროვე სპორტული შეჯიბრებების დროსაც ხრიდოლის მებრძოლები ასევე იყენებენ ხის ფარ-ხმალს. აკრძალულია ხმლის მხრიდან მოქნევა, რადგან, ქართული ადათით, თუ მეტოქე მოსისხლე მტერს არ წარმოადგენს, მებრძოლმა მაჯიდან უნდა მიაყენოს მსუბუქი ჭრილობა და მეტოქის სიცოცხლეს გაუფრთხილდეს. თანამედროვე სპორტულ ფარიკაობაში, ტრავმების თავიდან აცილების მიზნით, ხმლის პირი დარბილებულია სპეციალური დამცავით.
შვილდოსნობა
შვილდოსნობაში გამოიყენება ხრიდოლის მებრძოლთა მიერ დამზედებული ტრადიციული ხის მშვილდები, დასაშვებია რქის მშვილდიც. აკრძალულია თანამედროვე სპორტული მშვილდების გამოყენება. მშვილდის ზომა არ არის განსაზღვრული ის დამოკიდებულია მეტოქის ასაკსა და სურვილზე.