27/09/2014
კვირის სატრანსფერო სიახლეები
გთავაზობთ, მიმდინარე კვირის რამდენიმე სატრანსფერო სიახლეს:
მანჩესტერს ოზილი სურს
goal.com წერს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “მანჩესტერ იუნაიტედი” მესუთ ოზილის ყიდვას შეეცდება. როგორც იცით, გერმანელ ფეხბურთელს, “იუნაიტედი” “რეალშიც” აკვირდებოდა, თუმცა მისი გადაბირება, ვენგერმა მოახერხა.
რონალდუ მანჩესტერს 140 მილიონი ფუნტი დაუჯდება
ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Daily Mail ახალ ინფორმაციას აქვეყნებს, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით. წყარო წერს, რომ მადრიდის “რეალი” პორტუგალიელი ფეხბურთელის გაყიდვის ვარიანტებს შემდეგ ზაფხულს განიხილავს. როგორც იცით, კრიშტიანუს ყიდვით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული. წყარო წერს, რომ ლუი ვან გაალის გუნდს 140 მილიონი ფუნტი დაუჯდება რონალდუს დამატება. ხელფასს რაც შეეხება, Daily Mail-ის თანახმად, პორტუგალიელს 365 000 ფუნტს მოითხოვს ყოველკვირეულად.
“ჩელსი” მესიში 150 მლნ ევროს იხდიდა
გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე “ჩელსი” “ბარსელონას” თავდამსხმელ ლიონელ მესის შეძენას ცდილობდა, ავრცელებს ინფორმაციას sport.es.ბ“არისტოკრატები” მზად იყვნენ არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდის სანაცვლოდ 150 მილიონი გადაეხადათ იმ იმედით, რომ ეს უკანასკნელი კატალონიელებს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ვერ შეუთანხმდებოდა. მაგრამ, არც მესი და არც “ბარსელონა” ამ წინადადებამ არ დააინტერესა. საბოლოო ჯამში, არგენტინელმა “ბარსელონასთან” 2019 წლამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება. 26 წლის არგენტინელის ყოველწლიური ხელფასი 20 მილიონი ევროა, ბონუსების გამოკლებით, რომელიც დაახლოებით 3 მილიონამდე აღწევს. ცნობისთვის, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 250 მილიონი ევროა.
ბენიტესს გაუშვებენ?
ნეაპოლიტანელთა მთავარი მწვრთნელი უმუშევრად დარჩენის საშიშროებას ვერ გრძნობს. მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში “ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ოთხი მატჩიდან გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთში შეძლო და ასევე, უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ბილბაოს “ატლეტიკმა” გამოთიშა. წარუმატებლობის დაგროვებასთან ერთად, პრესაში თანდათანობით გაიზარდა ჭორები დაკავებული თანამდებობიდან რაფაელ ბენიტესის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა, ამ დრომდე უმუშევარმა რობერტო მანჩინიმ ჩაანაცვლოს. “თავს რისკის ქვეშ არ ვგრძნობ. პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ამის შესახებ საუბარი არ მქონია. მასთან ყოველ წუთს საუბარი არ მჭირდება იმისთვის, რათა თავი მშვიდად ვიგრძნო”, – აცხადებს რაფა ბენიტესი.
როისს რეალში უნდა
დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, მარკო როისმა შესაძლოა მომავალი სეზონი მადრიდის “რეალში” დაიწყოს, – იუწყება AS. როისი არ ჩქარობს “ბორუსიასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას, რადგან კლუბის სამომავლო გეგმების გაცნობა სურს. ესპანეთში არ გამორიცხავენ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა მადრიდულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწია. Goal.com-ის ინფორმაციის თანახმად, როისმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მომავალი სეზონიდან მადრიდის “რეალის” ღირსებას დაიცავს. გარდა ამისა, ჟურნალისტ ფრანჩისიო გალარდოს განცხადებით, “სამეფო კლუბმა” როისი 25 მლნ. ევროდ შეიძინა. “რეალის” გარდა გერმანელით დაინტერესებულია “ბარსელონა”, “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი”. აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე “რეალის” პრეზიდენტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა როისთან.
სტერლინგი ლივერპულში დარჩება
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი მოქმედ ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. თავკაცის განცხადებით, 19 წლის ფორვარდი “წითლების” რიგებში ბედნიერია და გუნდს არ დატოვებს. შეგახსენებთ, ამ კვირაში სტერლინგისადმი “რეალის” ინტერესის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. “სტერლინგის კონტრაქტის თაობაზე მე კი არა, კლუბი მუშაობს”, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს Liverpool Echo. “მაგრამ, ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, არ ვნერვიულობთ, რადგან რაჰიმი “ლივერპულში” ბედნიერია. ამავდროულად, ხელმძღვანელობა მას კარგ პირობებს სთავაზობს”.
“ინტერი” ლიხტშტაინერის შეძენას ეცდება
“ინტერი” “იუვენტუსის” მცველ შტეფან ლიხტშტაინერთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს, ავრცელებს ინფორმაციას Football Italia. ამ ეტაპზე, 30 წლის შვეიცარიელი ტურინელებთან მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც 2015 წლის ზაფხულში ეწურება. მაგრამ, ჯერჯერობით, მხარეები დეტალებზე ვერ თანხმდებიან. ამ სიტუაციით სარგებლობას გეგმავს “ნერაძური”, რომელიც მზადაა ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და წელიწადში 2,8 მილიონი ევრო გადაუხადოს ხელფასის სახით. მიმდინარე სეზონში ლიხტშტაინერმა იტალიის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
“ბარსელონამ” სერხი რობერტოსთან გაახანგრძლივა
“ბარსელონამ” სერხი რობერტოს კონტრაქტი 4 წლით, 2018/19 წლების სეზონამდე გაუხანგრძლივა. კონტრაქტში მითითებულია ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, რომელიც 40 მლნ. ევროს შეადგენს. ზაფხულში სერხი რობერტოს რამდენიმე მსურველი ჰყავდა, მათ შორის იყო “მილანი”. თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა “ბარსელონაში” დარჩენა გადაწყვიტა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” როდრიგესის შეძენას აპირებს
“მანჩესტერ იუნაიტედი” “ვოლფსბურგის” მარცხენა მცველის, რიკარდო როდრიგესის ტრანსფერით ჯერ კიდევ დაინტერესებულია. “წითელი ეშმაკები” როდრიგესის შეძენას ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელის გაშვებაზე უარი თქვა. 22 წლის ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერი 28 მლნ. ევროდაა შეფასებული, წლის საუკეთესო შვეიცარიელ ფეხბურთელად დაასახელეს.
“ინტერს” “აინტრახტის” მეკარე სურს
“აინტრახტის” გოლკიპერმა, კევინ ტრაპმა კარიერა შეიძლება “ინტერში” გააგრძელოს. როგორც Bild იუწყება, მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ 24 წლის გერმანელის შეძენის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ეს ტრანსფერი “ნერაძურის” ოთხი მილიონი ევრო დაუჯდება, კიპერის გამოსასყიდი თანხა სწორედ 4 მილიონია. მიმდინარე სეზონში ტრაპმა გერმანიის ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაუშვა.