18/05/2020
📢 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ო ფ ი ც ი ა ლ უ რ ი
განცხადება
ძვირფასო სტუდენტებო,
გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინალური გამოცდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.
ფაკულტეტებთან თანამშრომლობით ვმუშაობთ გამოცდების ადმინისტრირების ისეთ სისტემაზე, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, თავად გადაწყვიტოთ გამოცდას დისტანციურად ჩააბარებთ თუ ფიზიკურად, უნივერსიტეტის შენობაში.
ამასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდები გაიმართება აკადემიური კალენდრის მიხედვით და მათ სექტემბერში გადატანას არ განვიხილავთ, მით უმეტეს, რომ გაურკვეველია, შემოდგომაზე ქვეყანაში როგორი ეპიდსიტუაცია იქნება.
იმის გამო, რომ გაზაფხულის სემესტრის ძირითადი ნაწილი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, გვესმის, რომ ჩვენი სტუდენტების დიდი ნაწილისთვის გამოცდების უნივერსიტეტში ჩაბარება პრობლემებთან იქნება დაკავშირებული (შეზღუდვების პირობებში თბილისში დაბრუნება, კრიზისის პირობებში საცხოვრებლის დაქირავება და სხვ.), შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, მათ, სურვილის შემთხვევაში, ფინალური გამოცდების დისტანციურად ჩაბარების შესაძლებლობა ექნებათ.
სტუდენტთა იმ ნაწილისთვის კი, რომელიც უპირატესობას ფინალური გამოცდების უნივერსიტეტის სივრცეში ჩაბარებას მიანიჭებს, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს გამოცდების ჩატარებისთვის უსაფრთხო გარემოს. გამოცდების ფიზიკურ სივრცეში ადმინისტრირების პროცესში დაცული იქნება რეკომენდაციები, რომლებიც ამა წლის 15 მაისს, პარასკევს, მივიღეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროსგან.
რეკომენდაციები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4871200?publication=0
მიუხედავად იმისა, რომ ფინალურ გამოცდებამდე საკმაოდ მცირე დროა დარჩენილი და რეკომენდაციები კომპლექსურია, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან (განათლების სამინისტრო, შესყიდვების სააგენტო და სხვ.) თანამშრომლობით ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.
უახლოეს დღეებში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, როგორ და სად შეძლებთ დააფიქსიროთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ – ფინალური გამოცდის ჩაბარების რომელ გზას აირჩევთ.
აღნიშნული ინფორმაცია არ ეხება იმ კურსებს, რომლებშიც განმსაზღვრელია სწავლების პრაქტიკული კომპონენტი (მაგ.,ლაბორატორიული სამუშაო). ამ კურსების ფინალურ გამოცდებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ კურსის ლექტორს ან ფაკულტეტს.
გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის