არქიტექტურის პოეტიკის დამფუძნებელი შოთა ბოსტანაშვილი (1948-2013) - არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრი, სტუ-ს სრული პროფესორი. სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი, პოეტი, კულტუროლოგი.
“არქიტექტურის პოეტიკის” სტუდია დაარსდა 1990 წლის 7 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, როგორც დამოუკიდებელი სკოლა - “თავისუფალ მსმენელთა აუდიტორია” - აკადემიური სასწავლო ფორმატის ალტერნატივა, დამყარებული ხელმძღვანელის პირად ინიციატივაზე. აქ სტუდენტის თავისუფლება ნიშნავს მხოლოდ კარნახით მიღებულის საშემსრულებლო ინტერპრეტაციას, უკვე არსებულ სათამაშო მოედანზე შემოსვლას.
2008 წელს ჩამოყალიბდა დისციპლინად და თავი მოიყარა შოთა ბოსტანაშვილის სადოქტორო დისერტაციაში “სივრცის პოეტიკა”. ამავე ნაშრომში ჩაეყარა საფუძველი არქიტექტურის სემიოტიკის პრობლემატიკას, რომლის კვლევაც წარმატებით დასრულდა დავით ბოსტანაშვილის სადოქტორო დისერტაციაში “ნიშანი და ნაშენი”. ამ შრომამ კი, გზა გაუხსნა არქიტექტურის კრიტიკულ დისკურსს. "არქიტექტურის პოეტიკა არქიტექტურის ფილოსოფია და პრაქტიკაა; ის ჩემი პოეზიის ნაწილია, სივრცული სინთეზის მეთოდია, ახალი კონცეპციაა, მოძრაობაა სიტყვიდან საგნამდე და უკან. იგი აღმოცენდა ჩემი შემოქმედებითი პრაქტიკიდან, გამოიარა ქაღალდის არიტექტურა და გადმოვიდა პედაგოგიურ მოღვაწეობაში. 1990 წლიდან ჩატარებულია 1000-ზე მეტი მასტერკლასი მრავალი სტუდენტის მონაწილეობით.”
”მეტაკულტურის და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში სივრცე უპირველესად ტექსტია - კულტურათა დიალოგი და დიალოგის კულტურაა. მისი მიზანია არქიტექტურის, როგორც ხელოვნების სინთეზის მაორგანიზებელი ფენომენის რეაბილიტაცია. ამ თვალსაზრისით მეტაპოეტიკა აუქმებს ქრონოტოპულ საზღვრებს; ხუროთმოძღვრულ გენეზისს - სახეებით განსხვავებულებს - სახელებად წარმოადგენს: მასა, კედელი, სვეტი, კიბე, ჩარჩო, რიდე. აღნიშნული სახელები მოქცეულნი არიან დეკონსტრუქციათა ციკლში: დაბადება, დიალოგი, მეტამორფოზა, პარადოქსი, დასასრული" - შ.ბ.
არქიტექტურის პოეტიკა - ეს გახლავთ სივრცის თავგადასავალი კულტურაში და კერძოდ, ხუროთმოძღვრებაში.
კულტურის სივრცე სინათლის განვრცობით იწყება - “იყოს ნათელი” (დაბ. 1:3). 1. სივრცე არის “მყარი” (წყალთა წიაღში”) და “გამყოფი” (დაბ. 1:6). 2. სივრცე არის “ქვემოთ” და “ზემოთ” არსებულ წყლებს შორის (დაბ. 1:7). ხუროთმოძღვრების ვიტრუვიუსისეულ ტრიადაში (სარგებლიანობა, სიმყარე, სილამაზე), “მყარი” უკვე ცენტრალური ფიგურაა. “გამყოფი” (შინ/გარეთ) და “ზემოთ/ქვემოთ” (ჭერი / იატაკი) არქიტექტურის თანმდევი პარადიგმებია, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ესთეტიკის და პოეტიკის ტექსტებს. არქიტექტურის მეტაპოეტიკა რეფლექსიაა აღნიშნულ ტექსტებზე და ამავე დროს სივრცული სინთეზის ახალი პრაქტიკაა, პასუხია “დასასრულის” კრიზისული და პრაგმატული დროის პრობლემატიკაზე შეცვლილი პრობლემური ველის (ეპისტემე) პირობებში, გლობალიზაციის და ციფრული ტექნოლოგიების ზღურბლიდან (1990) მისი ოცწლიანი გამოცდილების ჩათვლით.
არქიტექტურის მეტაპოეტიკა იმ ვაკანსიების შევსებაა, რომლებიც გაჩნდნენ ფილოსოფიის და ესთეტიკის ადგილზე და შეცვალეს ცოდნის კონფიგურაცია. ამ ნიშნით შესაძლებელია მისთვის არქიტექტურის კულტუროლოგიაც გვეწოდებინა.
არქიტექტურის მეტაპოეტიკამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ინსტრუმენტარიებს (inter esse და ტრიადა: სახე, სახელი, სახლი) და კონცეპტებს, მათ შორის დიქოტომიას - ნაშენი/ნანგრევი - ბინარულ წყვილს, ოპოზიციებს, რომელიც არქიტექტურას არ ჰქონდა. ნანგრევი არის არა მხოლოდ საგნობრივი დესტრუქცია, არამედ მენტალური: ხედის გადაფარვა, კადრის გაუქმება, რაც კოდების მოსპობით აიხსნება და არა დესაკრალიზაციით.