19/05/2022
მშობლისა და ბავშვის პოზიტიური ურთიერთობის ძალა 💫
🔵ჰოლისტური მიდგომა
ბავშვთან ჩვენი ურთიერთობა განსაზღვრავს ბავშვის ხედვას სამყაროს მიმართ, რაც გავლენას ახდენს მის განვითარებასა და მომავალ ცხოვრებაზე.
ზრუნვით აღსავსე ურთიერთობები ბავშვს საშუალებას აძლევს, გამოხატოს საკუთარი თავი (ტირილით, სიცილით, კითხვების დასმით) და მიიღოს შესაბამისი პასუხი (ღიმილი, თვალით კონტაქტი, შეხება, ჩახუტება, კითხვებზე პასუხები...). გარემოდან „საპასუხოდ მიღებული რეაქციები“, გამოხატული შესაბამისი ხმის ტემბრითა და სახის გამომეტყველებით, ბავშვს აძლევს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას სამყაროს შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედოს გარემოში, სადაც ცხოვრობს: როგორ იფიქროს, გაიგოს, დაამყაროს ურთიერთობა, მოიქცეს, აჩვენოს ემოციები და განვითარდეს სოციალურად.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მშობლები ვფლობდეთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გამოხატავს ბავშვი საკუთარ საჭიროებებს ჩვილობის ასაკიდანვე და როგორ ვუპასუხოთ მისი კომუნიკაციის ყოველ მცდელობას: ტირილს, ღუღუნს, სიცილსა თუ წუწუნს...
ნაზი, თბილი და სიყვარულით სავსე რეაქციებით, ხშირი ჩახუტებით, თბილი ხმით ან თუნდაც ღიმილით ეხმარებით ბავშვს თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და დაცულად. უსაფრთხო გარემოში კი, ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა დააკვირდეს სამყაროს, შეისწავლოს, აღმოაჩინოს, ჩაატაროს ექსპერიმენტები, გადაჭრას პრობლემები, ვინაიდან მან იცის, რომ თქვენ გვერდით ხართ და მხარს დაუჭერთ, დაეხმარებით, გაამხნევებთ, წაახალისებთ, გაუზიარებთ ახალ გამოცდილებას.
სწორედ პოზიტიური ემოციური კავშირი თქვენსა და ბავშვს შორის, რომელსაც თან ახლავს დაცულობის გრძნობა, არის სანდო მიჯაჭვულობა, რისი ჩამოყალიბებისთვისაც მნიშვნელოვანია, იყოთ დაკვირვებული მშობელი, დროულად გამოხატოთ დახმარების მზაობა და ინტერესი; იყოთ მგრძნობიარენი ბავშვთან ურთიერთობაში კვების, ბანაობის თუ თამაშისას და ამ გზით, მის თვალებში წაიკითხავთ და ადვილად განჭვრეტთ მისი ქცევის მოტივს.
გახსოვდეთ, თქვენი შვილის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობები იწყება თქვენგან!
ჰოლისტური განვითარება - ბავშვის განვითარების თანამედროვე მიდგომა
ადრეულ ასაკში ბავშვის განვითრების და ფსიქო–ემოციური კეთილდღეობის გასაღები არის ბავშვის მრავალმხრივი, იგივე ჰოლისტური განვითარება, რაც გულისხმობს ფიზიკური, ემოციური, შემეცნებითი, სოციალური უნარების ერთობლივ, ჰარმონიულ განვითარებას.
ბავშვის ჰოლისტური განვითარება, განსხვავებით ტრადიციული მიდგომისაგან, სადაც ძირითადი ყურადღება მხოლოდ ერთ სფეროზე, მაგალითად აკადემიურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მახვილდებოდა, არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ფოკუსირებულია ბავშვის განვითარების ყველა სფეროზე (როგორც მის ინტელექტუალურ, თუ ფიზიკურ შესაძლებლობებზე, ასევე ინტერესებზე, ტემპერამენტზე, ემოციურ მდგომარეობაზე...) და მის გარემოზე (როგორც ფიზიკურზე, ასევე სოციალურზე).
ჰოლისტური განვითარება უკავშირდება ბავშვის ბუნებრივ გარემოს და ყოველდღიურ რუტინულ სიტუაციებს, სადაც ბავშვი ვითარდება ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების, სოციალური აქტივობების და აქტიური სწავლების მეშვეობით.
თუ იქნებით ინფორმირებული მშობელი, მაშასადამე, მზად იქნებით, რომ ყოველი დღე და წუთი აქციოთ ბავშვის განვითარების შესაძლებლობად და ამავდროულად გქონდეთ შვილთან ჯანსაღი ემოციური კავშირი.
თუ, ქვემოთ მოყვანილი სფეროების მიხედვით, ასაკის, შესაძლებლობების და ინტერესების შესაბამისად, წაახალისებთ ბავშვს ჩაერთოს სხვადასხვა სახალისო აქტივობებში, ამით ხელს შეუწყობთ მის განვითარებას:
ფიზიკური განვითარებისთვის წაახალისეთ ისეთი აქტივობები, რომელიც მოიცავს ჩვილის ხელში აყვანას და ჩახუტებას, რწევას, მუცელზე დაგორებას, უსაფრთხო გარემოში იატაკზე ჯდომასა და ხოხვას, აძრომა–ჩამოძრომას, კოტრიალს, ხტუნვას, სირბილს, ველოსიპედის ან სკუტერის გამოყენებას, მიწის თხრას, ქვიშით, „პლასტელინით“, მოზაიკით, კუბებით სხვადასხვა თამაშებს...
სოციალურ განვითარებისთვის, იდეალურია ბუნებრივი გარემო, სადაც ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა, ერთი მხრივ, ნახოს, თუ როგორ ურთიერთობენ და ამყარებენ კომუნიკაციას უფროსები ერთმანეთთან და პატარებთან, და მეორე მხრივ, შესაძლებლობა ეძლევა, თავად დაამყაროს ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან.
ბავშვთან თამაშისას, თუ მასთან ურთიერთობის ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, გამოავლინეთ და აჩვენეთ ბავშვს ისეთი უნარები როგორიცაა გაზიარება, რიგის დაცვა, დახმარების თხოვნა ან შეთავაზება, მადლიერების გამოხატვა...
ემოციურ განვითარებას ასევე ძალიან უწყობს ხელს გამოცდილების ბუნებრივად მიღება სახლში და საზოგადოებაში, სადაც ბავშვი ხედავს და სწავლობს სხვისი ემოციების, გრძნობების გაგებას, თანაგრძნობას და ასევე თავად ეძლევა შესაძლებლობა გამოავლინოს თუ რას გრძნობს და განიცდის.
უპირველესად, მნიშვნელოვანია, თავად თქვენ გრძობდეთ კარგად, რას განიცდის ბავშვი სხვადასხვა სიტუაციაში, იყოთ ყურადღებიანები და ემპათიური მის მიმართ;
მისცეთ შესაძლებლობა გამოხატოს ემოციები, გაიაზროს და თქვას, რას გრძნობს როცა სწყინს, ბრაზობს, სტკივა თუ უხარია, მაგალითად: როცა ბავშვს სხვისი სათამაშო უნდა და ტირილით ან კივილით გამოხატავს საკუთარ სურვილს, თქვენ მისი ემოციები უნდა გაახმოვანოთ: „გეწყინა (ან გაბრაზდი) სათამაშო რომ არ გათხოვეს?“;
თავად იყავით მაგალითი და ესაუბრეთ თქვენს ემოციებზე, თუ რას გრძნობთ ხოლმე სხვადასხვა სიტუაციებში, მაგალითად, უთხარით შესაბამისი სახის გამომეტყველებით და ხმის ინტონაციით „როგორ გამიხარდა, რომ მათხოვე“, „როგორ გამიხარდა ჩემი ყვავილი რომ გაიფურჩქნა“... ან „როგორ მეწყინა, ჩემი საყვარელი ჭიქა რომ გატყდა"
🔵იგივე შესაძლებელია სხვადასხვა წიგნების კითხვისას და ამბების, თუნდაც საკუთარი ისტორიების მოყოლის დროს. წიგნში წაკითხული ამ მოყოლილი ამბების მაგალითზე, ბავშვთან ერთად იმსჯელეთ, რა ემოცია შეიძლება განიცადონ ადამიანებმა სხვადასხვა სიტუაციებში.
სამომავლოდ მსგავსი გამოცდილება ბავშვს დაეხმარება ეფექტურად გაუმკლავდეს სირთულეებს ურთიერთობებში.
ინტელექტუალურ განვითარების ხელშესაწყობად, და შემოქმედებითობის გასავითარებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა სხვადასხვა ტიპის საბავშვო თამაშები, რომლითაც ბავშვი სწავლობს იმიტაციას, მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს, პრობლემების გადაჭრას, მეტყველებას, ლოგიკურ მსჯელობას, უმდიდრდება ლექსიკური მარაგი, ინტერესები... ასეთია: სოციალური თამაშები - „ჭიტა“, „წიპა, წიპა“, „აფრინდა–აფრინდა“, „წეროები“ და სხვა, სამაგიდო თამაშები - სხვადასხვა სახის ლოტო თუ ფაზლი, კონსტრუქციული თამაშები - კუბები, „ლეგოები“ და სხვა, ფიზიკური აქტივობები - „კლასობანა“, „მგელობანა“, „დახუჭობანა“ და სხვა, სიმბოლური, „ვითომ-ვითომ“ თამაშები - „სახლობანა“, „მაღაზიობანა“ და ა.შ. ვრცლად, იხ. თამაში.
ზემოთ აღწერილი უნარები ჰოლისტური განვითარების ხელშემწყობ გარემოში ვლინდება. ჰოლისტური აქტივობების დაგეგმვის დროს უნდა მოიცვათ ყველა ზემოთ აღწერილი სფერო, რაც ერთი შეხედვით, თითქოს, რთულია მოსაფიქრებლად, მაგრამ რეალურად, უამრავი აქტივობა ბუნებრივად მოიცავს თითოეულ მათგანს.
ეფექტური ჰოლისტური აქტივობები
ეფექტური ჰოლისტური აქტივობები ბუნებრივი, ოჯახური, ყოველდღიური სოციალური აქტივობებია, რომლებიც თავისთავად ერთდროულად უწყობს ხელს ყველა ზემოთჩამოთვლილ სფეროს განვითარებას და არ საჭიროებს ოჯახისგან ზედმეტ ძალისხმევას და განსაკუთრებული დროის გამოყოფას, მაგალითად:
ოჯახურო პიკნიკი, ან უბრალოდ პარკში სეირნობა, მხოლოდ „ბუნებაში დასვენება“ კი არ არის, არამედ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობათა რეპერტუარია. თამაშები ბუნებაში და ურთიერთობა ოჯახის წევრებთან ბავშვისთვის კოგნიტური, ფიზიკური და სოციალურ–ემოციური განვითარების შესაძლებლობაა, რაც სწორედ ჰოლისტურ განვითარებას წარმოდგენს.
კვების, ბანაობის, ჩაცმა–გახდის პროცესიც კი შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ, აქციოთ ბავშვისთვის საინტერესო აქტივობებად და გამოიყენოთ როგორც განვითარების შესაძლებლობა. მაგალითად: მიაღებინეთ ბავშვს მონაწილეობა საჭმლის მომზადებაში, დაიხმარეთ სუფრის გაშლაში, დასვით მაგიდასთან საყვარელი დათუნია, აბანავეთ თოჯინა, ან რომელიმე საყვარელი ცხოველი, თავად შეაგროვებინეთ ბავშვს გასარეცხი ტანისამოსი, ან დააკეცინეთ, კარადაში ჩაალაგებინეთ და ა.შ. რაც მთავარია, აჩვენეთ რომ ამით ძალიან მოხიბლული ხართ და მასთან ერთად გიხარიათ...
და, რაღა თქმა უნდა, თამაში ბავშვის აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის თამაშებში (სენსორულ, ფიზიკურ, კონსტრუქციულ თუ სოციალურ თამაშებში) დღემდე ითვლება დასწავლის საუკეთესო ფორმად.
თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ აქტივობის ან თამაშის შერჩევა, მნიშვნელოვანია, პროცესიც - რამდენად ჩართული ხართ თამაშში ბავშვთან ერთად, რამდენად არის თამაში ინტერაქციული და ემოციებით დატვირთული, რამდენად იძლევა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების ადრეულ ასაკში), რომ ბავშვმა იკვლიოს, აღმოაჩინოს, და შესაბამისად დაისწავლოს უშუალო თანამონაწილეობით, ოჯახის წევრებთან, სხვა ადამიანებთან, მცენარეებთან, ცხოველებთან, გარე სამყაროსთან ურთიერთობით.
ბავშვის ტემპერამენტი - ბავშვთან ურთიერთობაში გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი
ბავშვის ტემპერმენტის გაგება მშობლობის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია.
ტემპერამენტი მოიცავს სხვადასხვა მახასიათებლებს – თუ რამდენად ემოციურია პიროვნება, რამდენად რეაქტიულია _ რამდენად მწვავედ გამოხატავს რეაქციებს, მაგალითად, იმედგაცრუებას, ბრაზს... , ან რამდენად მორცხვია, როგორ რეაგირებს ახალ ადამიანებზე ან როგორ რეაგირებს ცვლილებებზე.
ტემპერამენტის ეს მახასიათებლები ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ გარკვეულ სიტუაციებში როგორ იქცევა პიროვნება.
ინფორმაცია შვილის ტემპერამენტის შესახებ დაგეხმარებათ იყოთ უკეთესი მშობლები, მგრძნობიარე და მეტად მზრუნველი, წინასწარ განჭვრიტოთ ამა თუ იმ სიტუაციაში ბავშვისგან რა რეაქცია შეიძლება იყოს მოსალოდნელი, რათა უკეთ გაუგოთ და გაუწიოთ შესაბამისი მხარდაჭერა.
განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:
თუ იცით, რომ ბავშვს, ახალ სიტუაციაში ან ახალ ადამიანებთან შეგუება უჭირს, შესაბამისად დაგეგმავთ, მაგალითად, მის გასართობ ცენტრში მიყვანას; წინასწარ მოუყვებით, ვინ დახვდება ცენტრში, რას გააკეთებენ, როგორი ფიზიკური გარემოა, როგორი მუსიკა, განათება, შესაძლებელია, გასართობი ცენტრების ვიდეოც კი აჩვენოთ, საქმის კურსში ჩააყენებთ „ანიმატორს“, რომ ზედმეტად არ შეეხოს ან შეაწუხებს ბავშვი და ფრთხილად დააინტერესოს სხვადასხვა აქტივობებით... ამგვარად ადაპტირებაში დაეხმარებით თქვენს შვილს, რომ მისთვის ახალ გარემოში და ახალ ადამინებთან მოხვედრა იყოს არა სტრესული, არამედ უმტკივნეულო, კომფორტული, საინტერესო და სახალისო.
ან, თუ თქვენი შვილი იმედგაცრუებაზე ძალიან მწვავედ რეაგირებს, საქმის კურსში ჩააყენებთ ზედმეტად კრიტიკულ “მეზობელს“ ან „ბებიას“, რომ მათმა რეაქციამ კიდევ უფრო არ გაამწვავოს ბავშვის ქცევა და ა.შ.
უნდა გახსოვდეთ, რომ არ არსებობს სწორი და არასწორი ტემპერამენტი, არსებობენ სხვადასხვა ტემპერამენტის მქონე ბავშვები და იმის მიუხედავად, თუ როგორი ტემპერამენტი აქვთ, მათ სჭირდებათ გაგება და მხარდაჭერა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რეაქტიული ბავშვები და მორცხვი ბავშვები. მორცხვი ბავშვების მშობლებს, როგორც წესი, სურვილი აქვთ თავიანთი შვილები იყვნენ რეაქტიულები და პირიქით, რეაქტიული ბავშვების მშობლებს სურვილი აქვთ მათი შვილები იყვნენ მორიდებულები და მორცხვები. არადა, გარკვეულ სიტუაციებში, სირთულეებს შეიძლება გადააწყდეს ორივე ტემპერამენტის მქონე ბავშვი და მისი მშობელი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს გამოიყენოს მისი ტემპერამენტის ძლიერი მხარეები, ასევე ის მხარეები, რომელთა გამოვლენის დროსაც მას მხარდაჭერა სჭირდება და დავასწავლოთ, როგორ გაუმკლავდეს მისთვის რთულ სიტუაციებს! ამისთვის კი საჭიროა, ადრეული ასაკიდანვე:
ბავშვთან ღიად ისაუბროთ ემოციებისა და გრძნობების შესახებ;
გაუზიაროთ ერთმანეთს სხვადასხვა სიტუაციასთან დაკავშირებული საკუთარი გამოცდილებები თუ ისტორიები;
წაახალისოთ, დასვას მისთვის საინტერესო ნებისიმიერი კითხვა,;
დაეხმაროთ ბავშვს მისი ძლიერი მხარეების დანახვაში;
მიიღოთ ისეთი, როგორიც არის, ყოველგვარი იარლიყების გარეშე (მაგალითად: „მორცხვი“, „გიჟმაჟი“...).
ეს არის იმ სტრატეგიათა მოკლე ჩამონათვალი, რაც ბავშვს ასწავლის საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემას, უყალიბებს ადეკვატურ თვითშეფასებას, ხდის საკუთარ ძალებში თავდაჯერებულს, უყალიბებს მნიშვნელოვან უნარებს სირთულეებთან გასამკლავებლად.
თუ თქვენს შვილთან გექნებათ ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები, თუ ფაქიზად და ნელ–ნელა დაეხმარებით ბავშვს თავისი უნიკალური თვისებების გამოვლენაში, ის მეტად თავდაჯერებული იქნება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე - თანატოლებთან თუ უფროსებთან ურთიერთობაში, თამაშის, სწავლის თუ მუშაობის დროს, ადვილად იპოვის და დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში.
საყურადღებო ნიშნები
თუ ბავშვი ავლენს ქვემოთ მოყვანილ ერთ ან რამდენიმე საყურადღებო ნიშანს, ისინი ნებისმიერ ასაკში შეუშლის მას ხელს ახალი უნარების განვითარებაში, შესაბამისად მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ სპეციალისტს – ფსიქოლოგს, ნეირო-ფსიქოლოგს, ადრეული განვითარების სპეციალისტს ან ბავშვის პედიატრს, ისინი გაგიწევენ კონსულტაციას და უზრუნველყოფენ შესაბამის მხარდაჭერას:
ხშირად შფოთავს ან ტირის, მიუხედავად იმისა, რომ არც დაღლილია და არც მშიერი;
აქვს ჩაძინების ან ძილის პრობლემები;
არ აქცევს ყურადღებას ადამიანებს, თითქოს მისთვის სულერთია ვინ არის მის გვერდით;
ძირითადად უკმაყოფილოა;
აქვს კომუნიკაციის ან სოციალური უნარების დეფიციტი;
აქვს გარკვეულ შეფერხება განვითარების სხვა რომელიმე სფეროში;
აქვს ვიზუალურ ან ხმოვან სტიმულებზე რეაქციების სიმცირე.
გახსოვდეთ, ადრეულ ასაკში განვითარების ხელშეწყობა ბავშვის ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრების წესის საფუძველია.
მოეფერეთ, ჩაეხუტეთ, ეთამაშეთ შვილებს, ისიამოვნეთ მათთან ურთიერთობით და ასწავლეთ ერთად ყოფნის ბედნიერება.
💫 წყარო:http://adreuli.ge/ka/sainphormacio-resursebi/1-mshoblebistvis