07/11/2022
როგორ დავეხმაროთ ჩვენს შვილს ძლიერ ემოციებთან გამკლავებაში
როგორც ცნობილია ჩვენი ტვინი ორი ნახევარსფეროსგან შედგება, მარჯვენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია ჩვენს ემოციებზე, იგი უფრო მეტად არის დაკავშირებული ჩვენს სხეულთან, აღიქვამს და რეაგირებს სხეულიდან მიწოდებულ სიგნალებზე, ველოსიპედით მივდიოდით და დავეცით, ქუჩაში დიდმა ძაღლმა დაგვიყეფა და შეგვეშინდა, საყვარელი ნივთი გაგვიტყდა და გავბრაზდით, ან იმედგაცრუება დაგვეუფლა და ა.შ. ეს ყველაფერი გადამუშავდება და მათზე შესაბამისი ემოცია წარმოიქმნება ჩვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში. ამისგან განსხვავებით მარცხენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია ლოგიკურ აზროვნებაზე, მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირების პოვნასა და მათ სიტყვებად, წინადადებებად ჩამოყალიბებაზე (მარჯვენა ნახევარსფერო შეიგრძნობს და ემოციით პასუხობს, მარცხენა ნახევარსფერო გაიაზრებს და აზრებად აყალიბებს შესაბამის მოვლენას). ხშირად გვსმენია, ან ჩვენ თვითონაც გამოგვიყენებია შემდეგი წინადადება: „ცივი გონებით განსაჯე“, ცივი გონებით განსჯა ეს არის მარცხენა ნახევარსფეროს ფუნქცია.
იმისთვის რომ ჩვენს შვილებს დავეხმაროთ ემოციებთან გამკლავებაში, მათ უნდა ვასწავლოთ ტვინის მარჯვენა და მარცხენა სფეროების ინტეგრირებულად მუშაობა, ამისთვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ? ჩვენი ამოცანაა, როდესაც ბავშვი ტირის, ბრაზობს, შეშინებულია თუ ა.შ. პირველ რიგში მასთან ემოციური კავშირი დავამყაროთ, დავუყვავოთ, ვუთხრათ რომ მისი გვესმის, ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ (ანუ მისი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს რეაქციებს, ჩვენი ტვინის მარჯვენა ნახევავრსფეროს ემპათიის უნარით ვუპასუხოთ, რომ შედგეს სრულყოფილი კავშირი) და შემდეგ კი დავინტერესდეთ რა მოხდა. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული მოვლენა ბავშვზე ძლიერ ემოციურ გავლენას მოახდენს და ეს მის შემდგომ ქცევებში გამოიხატება, მაგალითად ველოსიპედით სეირნობისას წაიქცა და ამის შემდეგ ველოსიპედზე აღარ ჯდება, იმიტომ რომ ეშინია კიდევ არ წაიქცეს, საუკეთესო დახმარება ამ შემთხვევაში იქნება რომ მას მოვაყოლოთ რა მოხდა. დავეხმაროთ მოვლენის სრულ აღდგენაში. მთავარი მთხრობელი უნდა იყოს ბავშვი, მაგრამ ჩვენ ვეხმარებით რომ სრული სურათი აღიდგინოს და დავეხმაროთ თვითონ გაიაზროს რა მოხდა. მაგალითად ველოსიპედით სეირნობისას შემთხვევით ორმოს გადაუარა, რომელიც ვერ დაინახა და ამიტომ წაიქცა, (ანუ ველოსიპედზე კი არ უნდა თქვას უარი, არამედ უნდა დააკვირდეს რომ ორმოს არ გადაუაროს). კონკრეტული ამბის თხრობისას ბავშვის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო იწყებს მუშაობას და მოვლენის ლოგიკურ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვს აწყობს, რის შედეგადაც გაუაზრებელი ემოციური შიში ადგილს უთმობს მოვლენის ლოგიკურ გააზრებას და შესაბამისად ბავშვს იცავს ტრამვული გამოცდილებბის შემდგომი არაპროგნოზირებადი შედეგებისგან.
უფროსები ხშირად ვამბობთ რომ ბავშვი ერთსა და იმავე ამბავზე ლაპარაკობს და ეს გვაშფოთებს, ვცდილობთ რომ ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინოთ. სინამდვილეში თუ ბავშვის დახმარება ნამდვილად გვინდა, მას უნდა დავეხმაროთ იმდენჯერ მოყვეს კონკრეტული მოვლენა, სანამ სრულად არ გაიაზრებს და შიშს არ გადალახავს. ვინაიდან რაც უფრო პატარაა ბავშვის ასაკი, მით ნაკლებად არის მისი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო განვითარებული, განმეორებითობა მას გააზრების სწავლაშიც ეხმარება და ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროს ინტეგრირებაშიც.
27/08/2022
22/08/2022