06/07/2026
🌐🎉კოლეჯ „იკაროსმა“ გერმანიაში პროფესიული განათლების საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში მიიღო მონაწილეობა
🔵საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის გერმანიის ქალაქ ბონში საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გაიმართა. ვიზიტის მიზანი იყო გერმანიის პროფესიული განათლების სისტემის, თანამედროვე სწავლების მოდელების, პროფესიულ განათლებასა და შრომის ბაზარს შორის თანამშრომლობის მექანიზმებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა.
🔵ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები გამართა გერმანიის პროფესიული განათლებისა და ტრენინგის ფედერალურ ინსტიტუტში (BIBB – Federal Institute for Vocational Education and Training), რომელიც გერმანიაში პროფესიული განათლების პოლიტიკის, კვლევებისა და პროფესიული სტანდარტების განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს. მონაწილეები გაეცნენ პროფესიული განათლების მართვის მოდელს, დუალური განათლების სისტემას, პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების პროცესსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მიდგომებს.
🔵პროგრამის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ – Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit), სადაც განხილულ იქნა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტები, პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები და პროფესიული განათლების სისტემის განვითარების საერთაშორისო გამოცდილება.
🔵დელეგაცია ასევე ეწვია ბონის პროფესიულ კოლეჯს (Robert-Wetzlar-Berufskolleg der Stadt Bonn), რომელიც UNESCO-ს ასოცირებული სკოლების ქსელის წევრია. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს თანამედროვე სასწავლო სივრცეები, გაეცნენ პრაქტიკული სწავლების ორგანიზების მოდელებს, დამსაქმებლებთან თანამშრომლობის მექანიზმებს, სტუდენტთა მხარდაჭერის სისტემებსა და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პრაქტიკას.
🔵საერთაშორისო სასწავლო ვიზიტმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაეღრმავებინათ ცოდნა პროფესიული განათლების თანამედროვე ევროპული მიდგომების შესახებ, გაცნობოდნენ ინოვაციურ სასწავლო მოდელებსა და პროფესიული განათლების განვითარების წარმატებულ პრაქტიკას, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში.
🔵კოლეჯ „იკაროსი“ აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას, პროფესიული განათლების ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვას. მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას, პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნას.
კოლეჯი "იკაროსი"
🌐სამყარო შენია...