18/04/2020
ჯორჯ ორუელი - 1984
ორუელი მოგვითხრობს გარემოს შესახებ, სადაც ადამიანის უფლებები არ არსებობს, სახელმწიფოს ეკუთვნი, მათ სურვილებს ეკუთვნი, შენი გონება და სხეული მათი საკუთრებაა. ტოტალური კონტროლი გარანტირებულია.
წიგნის მთავარი პერსონაჟი უინსტონ სმიტია, რიგითი პარტიული მუშაკი, იგი „ჭეშმარიტების სამინისტროში“ მუშაობს და ისტორიის გადაკეთებით არის დაკავებული. თუ შენ კონკრეტული ფაქტი გახსოვს ისტორიიდან, მას ვერ დაამტკიცებ, რადგან ისტორია უინსტონის სამყაროში მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის და არ არსებობს წყარო რითაც შეძლებ სიმართლის დამტკიცებას.
იქ სადაც უინსტონი ცხოვრობს: ნდობა ლიკვიდირებულია, სიმართლე განდევნილი. მშობლებს - შვილები „აზრის პოლიციაში“ ასმენენ, ქმარი ცოლს ძილშიც ვერ ენდობა, ერთი გადაბრუნებული სიტყვისთვის შეიძლება სიკვდილით დაგსაჯონ, შემდეგ კი უინსტონის სამინისტრო შენ შესახებ ყველა ცნობას გააქრობს ისე, თითქოს არც არასდროს არსებობდი.
როგორ შეიძლება მსგავსი რეალობა ვინმეს მოსწონდეს? ვინმეს უნდოდეს იქ ცხოვრება სადაც უინსტონი ყოველდღე არსებობს? მას ეზიზღება რეალობა,ეზიზღება მისი საქმე და „მეგობრები“ ეზიზღება გათელილი სიმართლე, რომელსაც ვერაფრით დაამტკიცებს, ეზიზღება ეკრანი რომელიც სახლში დაუმონტაჟეს და მუდმივად უსმენს პარტიაზე რამე არ წამოცდეს, ეზიზღება სიცოცხლე, თუმცა ყველა ადამიანში არსებობს იმედი, ის დღე როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, იმედი აძლევს სიცოცხლის ხალისს.
წიგნში აღწერილია უინსტონის ყოველდღიურობა, მისი ფიქრები - ფიქრები რომელიც დასჯადია, გარემო სადაც ის ცხოვრობს, ადამიანები რომლებსაც დაკარგული აქვთ მორალი. მთავარი პერსონაჟის ისტორია საინტერესოდ ვითარდება, მისი გეგმები იმაზე მაღალია ვიდრე პარტიული შტაბის შენობა. დანარჩენს ვერ გეტყვი, უნდა წაიკითხო.
ფრაზა წიგნიდან :
„ჩვენთვის დაუშვებელია, რომ სადმე მსოფლიოში იარსებოს რაიმე ცდომილმა აზრმა, რაოდენ საიდუმლო და უძლურიც უნდა იყოს ეს აზრი.“