05/12/2024
დაგროვილი აგრესიისა თუ აღშფოთების გამო, რაც ყოველ ჩვენგანშია, ძალზედ რთულია ცივი გონების შენარჩუნება. ამასთან, მოვლენების შეფასება კონკრეტული სინამდვილის წინააღმდეგობივი ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით თუ მოვლენა ისტორიული მნიშვნელობისაა, გარკვეულ დროით დისტანციას მოითხოვს.
სანამ ანალიზს დავიწყებთ და კვლავ მივუსხდებით საწერ მაგიდას, მანამ ჩვენ თვალწინ და უშუალოდ, ხალხის პრაქტიკული ჩართულობით ცხოვრება იცვლება. ისტორიულ მოვლენას იმიტომ ეწოდება ისტორიული, რომ ყოფა ისე ვეღარ გაგრძელდება, როგორც უწინ იყო. სწორედ ასეთ მომენტს ვუმზერთ დღეს, როდესაც მხოლოდ ორი ძირითადი მიმართულებით განვითარებაა შესაძლებელი — ამბოხის ჩახშობის შემთხვევაში, ფაშისტური და რეპრესიული აპარატის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება გარდაუვალია. სახელმწიფო აპარატთან შეზრდილი განგსტერული კაპიტალიზმი, კიდევ უფრო გაშლის ფრთებს და თავისი მყრალი სუნით წინააღმდეგობის ყველა კერას გაგუდავს. სპეკულიანტების, ბანდიტებისა და თაღლითების ბატონობა ხალხს სრულად დააკარგვინებს იმას, რასაც საყოველთაო და საერთო ბუნების რესურსებზე წვდომა და ზოგადად ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნება ჰქვია. წინააღმდეგობის გამარჯვების შემთხვევაში გვაქვს კიდევ ერთი რთული და დამღლელი გზა გასავლელი, რასაც ვუწოდებთ დემოკრატიის შესაძლებლობას.
დღესდღეობით, ყოველდღიური გაჭირვება და პაუპერიზაცია ადამიანებს აკარგვინებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილების შესაძლებლობას და მათ მხოლოდ საკუთარი თავის გატანაზე ფიქრს აიძულებს. ეს განსაკუთრებით საქართველოს პერიფერიებში იგრძნობა. დემოკრატიის შესაძლებლობამ უნდა მიგვიყვანოს სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკურ საზოგადოებად გარდაქმნამდე — ე.ი. ხალხის პოლიტიკაში ჩართვამდე საერთო, საყოველთაო ინტერესებისათვის. ამ პროცესში მუდმივად იარსებებს ზემოხსენებულ ვითარებაში მოხვედრის საშიშროება, მაგრამ, ასევე, ამ პროცესში უნდა გამოიკვეთოს მთავარი — კაპიტალისა და შრომის ბაზისური წინააღმდეგობა. ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს ფაშისტური სოციალური პოლიტიკა, როდესაც მშრომელი მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როგორც კი რაიმე პოლიტიკური მოტივით მათ გაფიცვისკენ და გვერდში დგომისკენ მოვუწოდებთ. ახლა მაინც უნდა ვხედავდეთ, თუ რა ძალა აქვს თითოეულ ავტობუსის მძღოლს, მეტროს მემანქანეს, დასუფთავების სამსახურის პერსონალს, სხვადასხვა საწარმოში დასაქმებულ მშრომელს. მათ მიმართ სამართლიანი დამოკიდებულების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ ეკონომიკურ თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების აშენებას.
ამასთან, უნდა ვახსენოთ მემარცხენეობის იარლიყს ამოფარებული შავრაზმული ძალები, რომლებიც — დასავლურ იმპერიალიზმთან აბსტრაქტული ბრძოლისას, პოლიტიკ-ეკონომიის ცალმხრივი წაკითხვის პროცესში — არა მარტო მოსწყდნენ რეალობას და დაკარგეს ყოველგვარი კრიტიკული ანალიზის უნარი, არამედ გარდაიქმნენ ხალხთმოძულე ფაშისტებად. პოლიციის რეპრესიული აპარატის აპოლოგეტობა და რეაქციონერთა ბანაკში ყოფნა გვაფიქრებინებს, რომ ისინი თავიდანვე მეშჩანური ინტერესებით მოქმედებდნენ და მხოლოდ პირადი სარგებლის მოხვეჭაზე ფიქრობდნენ. მეტიც, პოლიტ-ეკონომიური კატეგორიების ცალმხრივი წაკითხვა არ გულისხმობს მხოლოდ მარქსიზმის ვერგაგებას, მისი ბოროტად გამოყენება საზოგადოებაში მთლიანად მეცნიერულ აზროვნებაზე ჩირქის მოცხებაა. ისინი — ვისაც თავიანთი ქვეყნის ჩაგრული ხალხის ამოოხვრა არ ესმით — შეუძლებელია სოლიდარულები იყვნენ სხვა ჩაგრულების მიმართ. ისინი, ვინც ე.წ. გეოპოლიტიკურ გადანაწილებას აფარებენ თავს და ფატალისტური ბოდვით ცდილობენ უიმედობის დათესვას, იმ რუხ ზონაში არიან, რომელიც მუდმივად ახლავს ყოველ ფაშისტურ რეჟიმს.
რამდენიმე სიტყვის თქმა გვსურს მათზეც, ვინც გარედან მოვლენილ „მესიას“ და „მხსნელს“ ელის. თანამედროვე მსოფლიო კვლავაც იმპერიალისტურ ძალთა სისხლიანი ჭიდილის არეალია. ამ მსოფლიო წესრიგში არ არსებობს რომელიმე ჰეგემონიური ძალა, რომელიც სუფთა სინდისით, ემანსიპატორული განზრახვით ცდილობს პერიფერიაში მცხოვრები ადამიანების ყვლეფისგან, ძარცვისგან, რეპრესიებისგან, ხოცვა-ჟლეტისგან დაცვას. ის, ვისგანაც „ხსნას“ ველით, სხვა, ჩვენი მსგავსი ხალხებისთვის, ბოროტების მახვილია. ჩვენი ბედი ჩვენვე გვეკუთვნის, ნუ დავემსგავსებით მათ, ვინც ერთი ხელით კოლონიალიზმს აკრიტიკებს, მაგრამ საკუთარი თავის გადასარჩენად ნებისმიერ უცხო ძალას მიეყიდება.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენს სამშობლოში ფაშიზმის ბაცილა გამოღვიძებულია; ბაცილა, რომელიც ყოველ დროში, ყოველ ხალხში მიძინებულია და თუკი გასაქანს ნახავს შავი ჭირის ეპიდემიასავით იფეთქებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ბრძოლა არ გადის „გეოპოლიტიკურ არჩევანზე“, ჩვენ ვიბრძვით ფაშიზმის წინააღმდეგ. გვჯერა, რომ ამ ბაცილას ისევ მივაძინებთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტუნელის ბოლოს სინათლის გამოჩენა, არ გვაზღვევს ბაცილის ახალი მატარებლის გამოჩენისგან.
ყოველი მომავალი წამი შესაძლებლობის ახალი ჰორიზონტია!
თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა!