26/03/2026
2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები:
I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2026 წლის 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2026 წლის 4 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით.
II ეტაპი - ამ ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2026 წლის 24 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით განხორციელდება.
ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები:
რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია;
რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
III ეტაპი - ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია - 2026 წლის 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება;
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
საჯარო სკოლებში III ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2026 წლის 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით.
IV ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.
მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
V ეტაპი - ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2026 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მეხუთე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.
პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.