26/12/2025
თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტალისტის, ირაკლი კობახიძის გამოსვლასა და მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც ბიზნესის ხელშეუხებლობის საკითხზე ფოკუსირდა, ეროვნული ბანკის დღევანდელმა ხელმძღვანელმა, ნათია თურნავამ, მოხდენილად უპასუხა: „ეს არ ნიშნავს თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევას“.
ეს სიმართლეა, რადგან სახელმწიფო არ აპირებს ეკონომიკური პოლიტიკის თუნდაც ნაწილობრივ გადაწყობას. ხელისუფლებამ ფასების ზრდის მიზეზი მხოლოდ კარტელურ გარიგებებში დაინახა, რაც თავისუფალ ბაზარს ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევს.
ამიტომაც შიში, რომ ბიზნესი შეიზღუდება, სამწუხაროდ, არარეალისტურია.
მომავალში, შესაძლოა, რეგულირების მინიმალური სტანდარტები ვიხილოთ, თუმცა ესეც ქსელური მარკეტების მფლობელებთან იქნება შეთანხმებული. დასხდებიან და მოილაპარაკებენ - განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბაზრის მოთამაშეთა ძირითადი ნაწილი სახელისუფლებო პოლიტიკის დამფინანსებელია. შესაბამისად, მხოლოდ სამართლებრივი ბრძოლით ფასების კლებას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ აიძულებენ; მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა მოხდეს გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებები, რაც მოგების ზრდის პროცესს არ შეაფერხებს.
თუ სახელმწიფოს რეალურად სურს ფასების კლება, მან მკაცრი რეგულირება უნდა დაიწყოს: არსებობისთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტებზე ფასის სტანდარტის დაწესებიდან დაწყებული, ბაზარზე სახელმწიფო სასურსათო სივრცეების შექმნით დასრულებული.
ეს უკანასკნელი კი სოფლის მეურნეობის განვითარებასა და საწარმოო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას უნდა დაუკავშირდეს.
ამგვარი პოლიტიკა წარმოუდგენელია იმ ეკონომიკური ცნობიერებისთვის, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, რადგან აქ არც უცხოელებზე გასაყიდი კორპუსებია და არც ჰესებისთვის გასასხვისებელი მდინარეები.
სასურსათო თვითუზრუნველყოფის კუთხით, საქართველო სრულად ვერცერთ პროდუქტს ვერ აწარმოებს: ხილ-ბოსტნეულზე მოთხოვნის ნახევარიც არ იფარება, ხორბალი თითქმის არ გვაქვს, ხორცის წარმოებაც მოთხოვნის 50%-ზე დაბალია. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა რძის პროდუქტების მხრივ, თუმცა მათ ხარისხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის მოვლენებიდან გამომდინარე, დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. ამიტომ ადგილობრივი წარმოების განვითარება და პროდუქციის სახელმწიფო სასურსათო ქსელებით მოსახლეობამდე მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ თავისუფალი ბაზარი ხელშეუხებელი დარჩება და სურსათის სფეროში მომუშავე მონოპოლისტი კაპიტალისტები პრივილეგიებს არ დაკარგავენ. მაშინ ვინ შეიძლება დაზარალდეს ყველაზე მეტად?
სუპერმარკეტებში დასაქმებული ახალგაზრდები.
ვინაიდან ეკონომიკური პოლიტიკა არ იცვლება, სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმიური ხედვა არ არსებობს და ქვეყნის სასურსათო დამოუკიდებლობა არ ძლიერდება, დისტრიბუტორებთან ბრძოლის პროცესს მსხვილი ბიზნესი კვლავ სათავისოდ გამოიყენებს. მანამ, სანამ ეს სამართლებრივი იწილო-ბიწილო გაგრძელდება (იქნება ეს სუს-ის თუ საპარლამენტო კომისიების სახით), დასაქმებული პერსონალის ხელფასები არ გაიზრდება და მათი შრომითი პირობები არ გაუმჯობესდება.
სუპერმარკეტებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი ახალგაზრდაა, მათ შორის - სტუდენტი. მათი შრომა გამორჩეულად რთული და დაბალანაზღაურებადია. ხშირად მათ რამდენიმე საქმის შეთავსება უწევთ. ალბათ, გინახავთ სუპერმარკეტში მომუშავე გოგონა, რომელიც ჯერ დახლებზე პროდუქტს ანაწილებს, შემდეგ კონსულტანტად გვევლინება, ბოლოს კი სივრცის დალაგებას იწყებს. მას მუდამ ეჩქარება, რათა სამუშაო დროში ჩაეტიოს და აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ შრომაში არ ჩაებას, რადგან მეორე დღეს, შესაძლოა, უნივერსიტეტში გამოცდა ქონდეს.
სხვათა შორის, კარტელური გარიგებები მხოლოდ პროდუქტის ფასებზე არ ვრცელდება; სუპერმარკეტებში შრომის ანაზღაურებაც შეთანხმებულია ბაზრის მოთამაშეებს შორის. სახელფასო ბალანსი უფრო მეტად ემთხვევა ერთმანეთს, ვიდრე პროდუქციის ფასები.
სახელმწიფო ამ შრომით მოცემულობას ყურადღებას არ აქცევს. იგი არ ინტერესდება, როგორ აისახება მისი გადადგმული ნაბიჯები დასაქმებულებზე და არ სთავაზობს მათ სოციალური დაცვის მექანიზმებს, როგორიცაა უმუშევრობის დაზღვევა ან მინიმალური ხელფასის სტანდარტი.
მშრომელი ახალგაზრდები ყველაზე დაუცველები არიან. თუ ბიზნესს დროებით ფასების დაწევა მოუწევს, იგი ამას საკუთარი მოგების ხარჯზე არ გააკეთებს. ვინაიდან მოგების შემცირება მიუღებელია როგორც მფლობელისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, დანაკლისი კვლავ დასაქმებულთა ხარჯზე - ხელფასების შემცირებით ან კადრების ოპტიმიზაციით შეივსება. ასეთ პირობებში ზეგანაკვეთური შრომა კიდევ უფრო რადიკალურ ფორმებს მიიღებს.
სახელმწიფო და ბიზნესი „დალაგდებიან“, თუმცა ორივე ერთად დააზარალებს მშრომელს, რომელიც დღესაც მინიმალური საარსებო წყაროსთვის იბრძვის.
20/12/2025
10/12/2025
29/11/2025
27/11/2025
20/11/2025