14/09/2020
მეგობრებო, მინდა ჩემი პატარ-პატარა შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ ხოლმე სხვადასხვა წიგნის შესახებ. ამჯერად, ნინო ხარატიშვილის ერთ-ერთი რომანი "ჟუჟა" მიმოვიხილე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ 👉
არ მიკვირს, ეს ჩვენი სენია. არ ვიცნობთ ჩვენს ქვეყანას, კულტურას, ლიტერატურას, მაგრამ მთელი გულით მივისწრაფით სხვა, ჩვენთვის უცხო ქვეყნების შემეცნებას ა-დან ჰ-მდე. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, იმ განსხვავებით რომ, ერთხელაც გულით მომინდა "ჩემის" გაცნობა და ლიტერატურით დავიწყე.
მინდა ფრთხილად მივეახლო იმას, რასაც ჩვენი ჰქვია და რაღა შორს, უკან წავიდე, დავიწყებ სულ ცინცხალით, სულ ახლით. არადა, როგორ გვიყვარს ყველაფრის შორიდან, წარსულიდან დაწყება. სიშორეზე დედაჩემი მახსენდება, მოსიარულე ენციკლოპედია და ინტელექტია, მაგრამ მთელი ბავშვობა მეზარებოდა მისთვის კითხვის დასმა.
" - დე, უნამ რატო მიატოვა სელენჯერი და ცოლად თავისზე 60 წლით უფროს ჩაპლინს რატომ გაჰყვა?
- ღმერთმა სამყაროს შექმნა რომ დაასრულა, შემდეგ შექმნა პირველი ადამიანი, სახელად ადამი..... "
მარტივი კითხვის მარტივი პასუხი (თუმცა ვისთვის როგორ) იწყებოდა სამყაროს შექმნიდან, მე კი მეზარებოდა ამდენი ინფორმაციის მიღება, არადა ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში რომაა და ერთ წრეზე ტრიალებს კაცობრიობა გაჩენის დღიდან, ამას უნდა მიმხვდარიყავი დედაჩემის ასე შორს წასვლაში. რა პასუხია და 10 წლის წინ დედაჩემს ვკითხე, როცა მშიერი ვარ კუჭისთვის რა ჯობია მივითმინო, თუ უახლოეს საცხობთან მივიდე და ყველაზე უსარგებლო, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე გემრიელი ე.წ. ჰოთ-დოგი ვჭამო-მეთქი? დედაჩემი ჩაფიქრდა, აზრიანი თვალებით შემომხედა და მითხრა, ეს უბრალო კითხვა არ გეგონოს, ძალიან ფილოსოფიური შეკითხვაა და პასუხიც შესაბამისი სჭირდებაო.
ხოდა, თითები რომ ძალიან ექავება ადამიანს და რამის დაწერა უნდა, მაგ დროს რა ჯობია ნეტა, დაწეროს, თუნდაც ყველაზე დიდი სისულელე სისულელეთა შორის, თუ უბრალოდ მოითმინოს..
როგორც უკვე გითხარით, მომინდა საკუთარის გაცნობა და დავიწყე მწერლობით.
ჯერ ტურაშვილით დავიწყე, შემდეგ ნინო ხარატიშვილთან მივედი (ქართველი კია, მაგრამ გერმანულად წერს გერმანიაში და იქ უფრო იცნობენ, ვიდრე საკუთარ სამშობლოში). ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა, მაგრამ ერთი წაკითხვით - კი! ხოდა, შემიყვარდა. მინდა, "ჟუჟაზე" გესაუბროთ. რომანზე, რომელიც დაიწერა 2010 წელს და რომელიც 2020 წლის ზაფხულში მოვიდა ჩემთან. ერთი დიდი თავსატეხი, გამოცანაა წიგნში, მაგრამ პასუხი არა აქვს ამ თავსატეხს.
ეს ჩემი ბედია, მიყვარს კითხვები, ყველაფერზე ვსვამ კითხვას, ქართული ლექსიკონიდან ჩემი საუკეთესო მეგობარია კითხვა - "რატო?" პასუხი შეიძლება ვერც მივიღო, მაგრამ არაუშავს, მთავარია სამყაროში გაუშვა კითხვები და პასუხები ოდესმე აუცილებლად დაბრუნდება! მე ასე მჯერა.
ნაწარმოები თავისი ფორმითაც ძალიან გამორჩეულია, პატარა ლაბირინთია, რომელშიც დაიკარგები, თუ არიადნემ ძაფი არ შემოგაწოდა. მე გამიმართლა, არ დავიკარგე, ბოლომდე წავიკითხე! რომანში დიდი უცნაურობა ხდება.
სხვადასხვა დროს რამდენიმე ქალმა მოიკლა თავი და მიზეზი (ან უფრო საბაბი) ყველასთვის ერთი იყო, წაიკითხეს უცნობი ავტორის ნაწერები. საოცრებაა არაა? კითხულობ რაღაცას, თუნდაც ყველაზე დიდ საშინელებას და იკლავ თავს! ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი ძალიან მგავს მე, ისიც ჩემსავით მთელი რომანის განმავლობაში სვამს კითხვას - რატოომ? კი, მაგრამ რატოომ? რატომ იკლავენ ეს ქალები თავს და იწყება ლიტერატურული გამოძიება.
პერსონაჟი, რომელიც ძალიან მგავს მე, სტუდენტია, გამოუცდელია და ბუნებრივია, სჭირდება სხვისი დახმარება. ის სხვა კი შუახნის ქალბატონია, ლექტორია და მეტი საქმე არა აქვს, ვიღაც წკვინტლიან სტუდნეტს დაუკმაყოფილოს ბავშვური ინტერესი, თავისი ცხოვრება და სადარდებელი აქვს.
ახალგაზრდული ბუნება და სული როგორი დაუოკებელია ყველამ, ვინც ახალგაზრდაა ან ოდესმე მაინც ყოფილა ახალგაზრდა, კარგად იცის. ხოდა დაითანხმებს სტუდნეტი ლექტორს და დაიწყება დიდი გამოძიება. როგორ უნდა გაგწიროს მწერალმა, 400 გვერდი წაიკითხოს იმის იმედით რომ ბოლო გვერდზე მაინც იქნება პასუხი და შემდეგ პირში ჩალა გამოვლებული დაგიტოვოს.
რომანის გმირები მთელი გულით ცდილობენ მიაკვლიონ საბედისწერო ტექსტის ავტორს, რომლის წაკითხვამაც 16 ქალს მოაკვლევინა თავი, მაგრამ ამაოდ.. წიგნის გამომცემელზეა ეჭვი რომ სწორედ ისაა ტექსტის ავტორიც, ყველაზე დიდი უბედურებაა ისაა, რომ მისმა ცოლმაც მოიკლა თავი.
რამდენი კითხვაცაა რომანში, იმდენივე გაუცემელი პასუხია. წიგნი ისე მთავრდება, ვერ ვიგებთ ვინ ყოფილა იმ მომაკვდინებელი ტექსტის ნამდვილი ავტორი, რატომ მოიკლეს იმ ქალებმა თავი, როგორ შეიძლება წაკითხულმა მიგიყვანოს თვითმკვლელობამდე, მაგრამ მაინც ბედნიერები და კმაყოფილები ვხურავთ წიგნს, რადგან ირიბი პასუხები მაინც მივიღეთ, სულ არაფერს კი სჯობს! შუახნის ლექტორი წიგნის გამომცემელთან გააბამს მხურვალე რომანს და შემდეგ უბრალოდ წყვეტს ლიტერატურულ გამოძიებას.
რატომ? ალბათ, იმიტომ რომ მან თავისი პასუხი გასცა ამ დიდ თავსატეხს და რაღაში აინტერესებს "რეალობა" რისთვისღა უნდა იმის გაგება არის თუ არა ის გამომცემელი, რომელთანაც რომანი გააბა და რომლის ცოლმაც ასევე თავი მოიკლა, წიგნის რეალური ავტორი? ხანდახან კითხვის შენეული პასუხი უფრო საინტერესო და ამომწურავია, ვიდრე რეალობა, რომელიც შეიძლება ყველაზე ბანალური რამ აღმოჩნდეს.
#ჟუჟა #ხარატიშვილი #ნინო #შთაბეჭდილებები
13/09/2020
02/09/2020