05/04/2026
ალექსანდრე სულხანიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი იყო, ქაქუცას მარჯვენა ხელი; 1924 წელს ქაქუცას რაზმთან ერთად დატოვა საქართველო და 66-წლიანი იძულებითი ემიგრაციის შემდეგ, 1990 წელს ღრმად მოხუცებული დაბრუნდა საქართველოში.
დაუძლურებული იყო, ზვიად გამსახურდია რომ ესტუმრა. ეს კადრებიც ამ სტუმრობას ასახავს. ალექსანდრე (საშა) ძალიან ღელავს, საუბარს ცდილობს.
- საქართველო იყიდება?! (მიმართავს ზვიადს);
- ნუ გეშინიათ, მოვუვლით მაგათ. მოვუვლით ყველას (ზვიადი ამხნევებს);
- დასაღუპი რუსეთი დაგვთმობს?! - კითხვას უსვამს ზვიადს.
ძალიან მძიმეა ამ კადრების ნახვა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალექსანდრე სულხანიშვილის დღიურები წავიკითხე, რომელმაც უფრო ნათლად წარმომადგენინა, როგორ იბრძოდა ქაქუცა და მისი რაზმი ოკუპაციის შემდეგ 3 წლის განმავლობაში ტყე-ტყე; რამდენი საფრთხე, რამდენი წინააღმდეგობა გადალახეს; როგორ ცდილობდნენ, ამ გამოწვევების პარალელურად, აჯანყებისთვის ქვეყნის მომზადებას; რამდენი ღირსეული ქართველი ჰყავდა მაშინ ქვეყანას.
დღიურები აცოცხლებს ქაქუცას პიროვნებასაც. განსაკუთრებით გულის ამაჩუყებელია მთიანი საქართველოს სიმტკიცე, ღირებულებები, რომლებიც, ადათისა და წესის გამო, ასეთი დაცული და შემონახული იყო.
ტყე-ტყე სიარულში სულ ხიფათი სდევდათ. მდევარი არ ასვენებდა. ალექსანდრე სულხანიშვილი არაერთ სცენას აღწერს, როდესაც ტყვედ ჩავარდნის ან დაღუპვის რისკი მაღალი იყო, მაგრამ თითოეულ ასეთ ეპიზოდს თან გასდევს ერთი ფრაზა - როგორც ჩანს, ასე იგულიანებდა ხოლმე თავს.
„მაგრამ აუცილებლად გადავწყვიტე წასვლა და გულში კი ვთქვი: რაც მომივა, მომივიდეს, ჯანი გავარდეს-თქო!“
ამ წიგნში ბევრი რამ არის საინტერესოა - აჯანყების მზადება; პროცესში დაშვებული შეცდომები; აჯანყების წარუმატებლობის სავარაუდო მიზეზებზე შეფიცულთა რაზმის მოსაზრებები.
ძალიან მძიმეა წასვლის სცენა - მთებში თურქეთისკენ რომ იკვალავდნენ გზას, ახალგაზრდა მეცხვარე შეხვდათ, რომელმაც დაწვრილებით აუხსნა გზა და როცა ქაქუცამ ვინაობა გაუმხილა, ძალიან შეწუხებულა: თურქეთში რად მიდიხართო.
„აბა, რა გვეთქვა და ისევ უსიტყვოდ გავაგრძელეთ გზა,“ - წერს ალექსანდრე სულხანიშვილი.
ძირს რუსეთის დამპალი იმპერია !
გაიმარჯვე საქართველო 🇬🇪