Tamuna Chichua's Blog • თამუნა ჩიჩუას ბლოგი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Tamuna Chichua's Blog • თამუნა ჩიჩუას ბლოგი

Tamuna Chichua's Blog • თამუნა ჩიჩუას ბლოგი პროფესიონალი ქოუჩი PCC, ტრენერი და ემოციური ინტელექტის პრაქტიკოსი EQCP, ენეაგრამის კონსულტანტი

12/04/2026

ერთმანეთს ვულოცავთ, გვიხარია აღდგომა, ბრწყინვალე დღე-სასწაულს ვუწოდებთ. იმიტომ, რომ მორწმუნეებს იმედი გვაქვს ჩვენი ზრუნვა შვილებზე, მშობლებზე, ახლობლებზე, ჩვენი შემოქმედება, ჩვენი საქმიანობა, ჩვენი მიღწევები, ჩვენი მონდომება - ერთ დღეს სამუდამო წყვდიადით კი არ დასრულდება სადღაც მიწაში, არამედ გაგრძელდება ახალ სამყაროში, სინათლეში და სიმშვიდეში..

მაგრამ ვინ აღდგება ქრისტეს მსგავსად, თავის სხეულში, მარადიული ნეტარებისთვის?

ყველა?
-არა, მაშინ აზრს კარგავს ქრისტეანული რჯულისკანონი.

უცოდველი ადამიანი?
- არა, უცოდველი ადამიანები არ არსებობენ.

მაშინ ვინ? ვისთვის არის აღდგომა?

ჯვარცმის დღეს იესომ უთხრა მის გვერდით გაკრულ ერთერთ ავაზაკს, სწორედ ავაზაკს - დღეს საღამოს ჩემთან ერთად იქნები სასუფეველშიო..

მაგრამ ჩემთან ერთად იქნებიო - უთხრა მხოლოდ იმ ავაზაკს, რომელმაც შეიგრძნო თავისი არარაობა უცოდველ, სიყვარულის მქადაგებელ, უდანაშაულო ჯვარცმულ იესოსთან შედარებით..

ჩემთან ერთად იქნებიო - არ უთქვამს თვითკმაყოფილი ავაზაკისთვის, რომელმაც ქედმაღლურად და დამცინავად მოსთხოვა უდანაშაულო ჯვარცმულს - სად არის მამაშენი, თუ ღმერთის შვილი ხარ, მაშინ იხსენი შენი თავიც და ჩვენცო..

კი, რათქმაუნდა ჩვენ ყველა ავაზაკები ვართ - პოსტ-მოდერსნისტულ სამყაროში, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება - სადაც ერთმანეთში გადაიზილა ტყუილ-მართალი, სადაც მეფობს ორმაგი სტანდარტები, სიყალბე და სიცრუე, სადაც სირცხვილია ქრისტეანულ მორალზე საუბარი და წახალისებულია ათასგვარი ურჯულობა - რთულია იცხოვრო ქრისტიანული წესების მიხედვით.

მაგრამ ავაზაკებს შორისაც არსებობს განსხვავება.

მრავალჯერ შემცდარებს, შეიძლება კიდევ ბევრჯერ არ გვეყოს ძალა გავუძლოთ ცდუნებებს.. მაგრამ მთავარია სინანული, თავმდაბლობა და უფლის სიდიადის შეგრძნების უნარი არ მოგვაკლდეს..

და მაშინ კი ნამდვილად ვიქნებით ჩვენც, იესო ქრისტეს გვერდით, სასუფეველში, იქ სინათლეში, ხალისში და ნეტარებაში, აწ და მარადის, საუკუნეთა საუკუნეების მანძილზე..

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

გილოცავთ ☦️

----------------

24. 04. 2022
თამუნა ჩიჩუა, PCC
ემოციური ინტელექტის ქოუჩი

#აღდგომა #სიყვარული #სიცოცხლე

ომში წაგებულია ყველა ადამიანი - ომის დაწყების დღიდანვე,უკლებლივ ყველა.ისიც, ვინც დაიღუპა,ისიც ვინც გადარჩა,ვისაც ოჯახის ...
09/04/2026

ომში წაგებულია ყველა ადამიანი - ომის დაწყების დღიდანვე,
უკლებლივ ყველა.

ისიც, ვინც დაიღუპა,
ისიც ვინც გადარჩა,
ვისაც ოჯახის წევრი დაეღუპა,
ვისაც მაგობარი დაეღუპა,
ვინც დაკარგა ადამიანური სითბო და სიხარული,
ვინც დაკარგა შექმნის საშუალება,
ვინც დაკარგა ცხოვრების აზრი და ხალისი,
ვისაც ნანახმა და განცდილმა ფსიქიკა დაუზიანა..

მაგრამ ომში, პირველ რიგში ბავშვები მარცხდებიან…

არ არსებობს ომი, რომელსაც რაიმე კარგი მოაქვს რომელიმე ბავშვისთვის. ეს არის აბსურდი.

რა უკეთესი მომავალი, რა ცვლილებები, რა აღმშენებლობა, რა სასურველი შედეგიც არ უნდა მოჰყვეს ფორმალურად ომს - ვერასდროს ვერ აანაზღაურებს, ვერ გაანეიტრალებს და ვერ დაუკომპენსირებს ბავშვებს იმ დანაკარგს, რაც მათ განიცადეს..

რადგან ომი არ ანადგურებს მხოლოდ სხეულს. ფიზიკურად გადარჩენილი ბავშვებისთვის - ომი ხდება შინაგანი სამყაროს ტრაგედია - სადაც კვდება ნდობა, სიხარული, იმედი, აღტაცება, ბავშვურობა და სისუფთავე. გადარჩენის რეჟიმში ქრება შემოქმედების და თვითრეალიზების ყველანაირი შესაძლებლობა.

ომში დადებითს ხედავს მხოლოდ ის, ვისთვისაც ადამიანი სტატისტიკაა, რაღაც X რაოდენობაა, რომელიც უნდა შეეწიროს სხვის კეთილდღეობას ან რაიმე იდეას - ასე აზროვნებდა ყველა დიქტატორი და ტირანი. გასაკვირია, რომ სწორედ ასეთი ტირანული ლოგიკით მსჯელობს დღეს “ჰუმანური” და “პროგრესული”საზოგადოების დიდი ნაწილი.

გმირული თავგანწირვა ადეკვატურია მხოლოდ რეალური ომების კონტექსტში, მხოლოდ თავდაცვითი მიზნით წარმოებულ იძულებით და გარდაუვალ ბრძოლაში.

მაგრამ ვისთვისაც ადამიანი სტატისტიკაა, ისინი დასაშვებად მიიჩნევენ სხვისი შვილების დაღუპვას პროქსი-ომებშიც, ეკონომიკური სარგებლის, რესურსებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე კონფლიქტებში, დემოკრატიის და თავისუფლების ეგიდით წარმოებულ პრევენციულ ბრძოლებში და გეოპოლიტიკური გადანაწილების სამხედრო ოპერაციებში.

ასეთი ადამიანები დასაშვებად მიიჩნევენ, რომ იდეოლოგიურ მიზნებს - დროებითი, წარმავალი, პოლიტიკური ვარაუდების და ჰიპოტეტური იდეების გამო - შეეწიროს ბავშვების სიცოცხლე, ან ის წლები, რომელიც აღარასოდეს განმეორდება. რადგან მათთვის ბავშვი „ციფრია“, „კოლატერალია“, „რაღაცის მიღწევის ფასია“.

მხოლოდ მას,
ვინც ხვდება, რომ თითოეული ადამიანი ბევრად მეტია ვიდრე ნებისმიერი იდეა, რადგან ცალკეული ადამიანი თავისთავად მთელი სამყაროა..

და მხოლოდ მას,
ვინც გრძობს და აფასებს თითოეულ ინდივიდს და ხედავს მის თვალებში არსებულ ამ განუმეორებელ,
უსაზღვრო,
უნიკალურ
სამყაროს..

მხოლოდ მას ესმის, რომ ომში, სადაც კვდება თუნდაც ერთი ადამიანი - იქ კვდება ყველა და ყველაფერი, დიახ, იქ კვდება მთელი სამყარო..

თამუნა ჩიჩუა
06 აპრილი 2026

დიდი ხანია მინდოდა ღირებულებებზე დამეწერა. ამოუწურავი თემაა და არ ვიცოდი როგორ ჩამეტია ერთ პოსტში სხვადასხვა რაკურსი. მა...
07/09/2025

დიდი ხანია მინდოდა ღირებულებებზე დამეწერა. ამოუწურავი თემაა და არ ვიცოდი როგორ ჩამეტია ერთ პოსტში სხვადასხვა რაკურსი.
მაგრამ ბოლო პერიოდში ეს საკითხი განსაკუთრებულად აქტუალური გახდა, რადგან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ურთიერთობების საკმაოდ მძიმე კრიზისი გამოიწვიეს - ახლობლებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს შორისაც კი. ამიტომ გადავწყვიტე მოკლე მიმოხილვა მაინც გავაკეთო. მგონი კარგი იქნება, თუ ზოგიერთ საკითხზე დავფიქრდებით.

• სწორი ვისთვის?

ბევრი ნაცნობისგან მომისმენია ამაყად გამოყენებული ფრაზა „სწორი ღირებულებები“. მაგალითად „აი მე სწორი ღირებულებებით ვცხოვრობ“ „მე სწორი ღირებულებების თანამშრომლები მყავს“, „არასწორი ღირებულებების ადამიანების არ მესმის“ და ა.შ.

მოდით ვნახოთ, რას ამბობენ მეცნიერები - ფსიქოლოგები, ანთროპოლოგები, რომელთაც ათწლეულები მიუძღვნეს ღირებულებების კვლევებს - არსებობს თუ არა მათი აზრით სწორი და არასწორი ღირებულებები. პირდაპირ გეტყვით - არა.

სოციალური მეცნიერების თვალსაზრისით - სწორი და არასწორი ღირებულებები უბრალოდ არ არსებობს. არანაირი თეორია, არანაირი ემპირიული მონაცემი, არანაირი მიმდინარეობა, არ არსებობს მეცნიერი, რომელიც ღირებულებების სწორად და არასწორად მიიჩნევდეს. მათთვის ღირებულებები ინდივიდის და კულტურების პრიორიტეტებია, რომელიც იცვლება და ვითარდება დროის და კონტექსტის მიხედვით.

სწორი/არასწორი კატეგორიებით არ ხელმძღვანელობს არც შვარცის ღირებულებების თეორია, არც ბარეტის ღირებულებითი სისტემა და არც გრეივსის სპირალური დინამიკა. ამ მოდელებში საუბარია ღირებულებების განვითარების სპექტრზე, მაგრამ ყველა მეცნიერი ხაზგასმით აღნიშავს, რომ ამ სპექტრის არცერთი ღირებულებითი სისტემა არ შეიძლება ჩაითვალოს რომელიმეზე უკეთესად ან უარესად.

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში 120-მდე ღირებულებაა ჩამოთვლილი, და ყველა მათგანი „სწორია“. ღირებულება არის ის რაც პირადად შენთვის არის მნიშვნელოვანი და ღირებული - ვკითხულობთ განმარტებით ლექსიკონში - და რის მისაღებადაც მზად ხარ რაიმე ქმედება განახორციელო, ან პირიქით, მისთვის რაიმე დათმო. ეს არის შენი კომპასი, შენი მორალური ორიენტირი და შენი პრიორიტეტი.

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში ვმონაწილეობდი. სამუშაოს ფარგლებში ჩვენმა იტალიელმა მენტორებმა გვთხოვეს 100 ღირებულებიდან მხოლოდ 9 ამოგვერჩია - ის 9, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ეს დავალება საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა - როგორ უნდა წაშალო ავთენტურობა და აირჩიო ოჯახი? როგორ წაშალო სიშვიდე და აირჩიო სიყვარული? როგორ უნდა არჩიო მეგობრობა სამართლიანობის სანაცვლოდ? გაგვიჭირდა, მაგრამ როგორღაც ამოვარჩიეთ.

მოგვიანებით მენტორებმა აგვიხსნეს რატომ „გვაწვალეს“ ამდენი და რა იყო ამ სავარჯიშოს მიზანი: ის, რომ ცხოვრება მუდმივად გვაიძულებს, გავაკეთოთ არჩევანი. ყველაფერი ერთნაირად პრიორიტეტული ვერ იქნება, დგება მომენტი, როდესაც უნდა გადაწყვიტო, მეგობრობა უფრო მნიშნელოვანია თუ გართობა, მიღწევა თუ დახმარება, სიყვარული თუ სამართლიანობა. უბრალოდ ასეთია ცხოვრება, და ყველა საკუთარ თავში გაცნობიერებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს - რა არის მისთვის მთავარი.

რაოდენობის მიუხედავად, მეცნიერებმა მოახერხეს ღირებულებების კატეგორიზაცია - გარდა სულიერი და მატერიალური ღირებულებებისა, არსებობს ფუნდამენტური და სიტუაციური ღირებულებები (მაგალითად, ზოგადად, ადამიანისთვის შეიძლება განათლება იყოს ღირებულება, მაგრამ რაიმე კონკრეტულ სიტუაციაში მისთვის მშვიდობა უფრო ღირებული გახდეს), არსებობს ტერმინალური და ინსტრუმენტალური ღირებულებები (მაგალითად ადამიანის ტერმინალური ღირებულება შეიძლება იყოს ოჯახის კეთილდღეობა და ინსტრუმენტალური ღირებულება - ანუ მიღწევის გზა - პატიოსნება).

ასევე გამოყოფენ სხვადასხვა ღირებულებით სისტემებს. მაგალითად ტრადიციულ-რელიგიური სისტემები (ქრისტეანული, იუდაისტური, ბუდისტური და ა.შ.) და სეკულარული სისტემები, რომელშიც თავის მხრივ შედიან ეროვნულ-კონსტიტუციური ღირებულებები (აშშ-ს, საფრანგეთის), ფილოსოფიურ-პოლიტიკური ღირებულებები (ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალიზმი, ავტორიტარიზმი) და ცალკეული გაერთიანებების/ორგანიზაციების სამართლებრივი ღირებულებები, მაგ. ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, გაეროს, ევროკავშირის ღირებულებები და სხვა.

ღირებულებით სისტემას აღზრდის პროცესში ბავშვი ოჯახიდან, პედაგოგებიდან და სოციუმიდან სრულიად გაუცნობიერებლად ითვისებს და აქცევს ცხოვრების გზამკვლევად. თუმცა მოგვიანებით, ადამიანი ცხოვრების მანძილზე რამდენიმე ეგზისტენციალური კრიზისის პერიოდს გაივლის, რის შედეგადაც მან შეიძლება გადააფასოს მისი ღირებულებები და მისი ორიენტირი სულ სხვა სისტემა გახდეს.

ერთი სიტყვით, მეცნიერება ღირებულებითი რელატივიზმის პოზიციაზეა და ამ პერსპექტივიდან მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ღირებულება პოზიტიურია, სუბიექტურია და ცვალებადია სხვადასხვა ისტორიულ თუ კულტურულ კონტექსტში.

• და რელიგია რას ამბობს?

რელიგია არ ეწინააღმდეგება ღირებულებების მეცნიერულ დახარისხებას. უბრალოდ ის ღირებულებითი აბსოლუტიზმის პოზიციაზეა, ანუ ღირებულებებს სწორი-არასწორის კატეგორიაში განიხილავს. მაგალითად ქრისტეანულ რელიგიაში - სიყვარული, თანაგრძნობა, პატიება, თავმდაბლობა - აბსოლუტურად სწორად მიიჩნევა და ეს უცვლელია დროში და კულტურაში. ასევე ქრისტეანობაში არსებობს თავისებური იერარქია - სულიერი ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური, ინსტრუმენტალური ღირებულებები კი მხოლოდ მაშინ მიიჩნევა სწორად, თუ ისინი ემსახურება აბსოლუტურ ღირებულებებს.

ზოგადად, ნებისმიერი რელიგიური ინსტიტუტი თავის ღირებულებებს ღვთისგან მოცემულ ჭეშმარიტებებად მიიჩნევს და შესაბამისად მათ საკრალური ხასიათი და ნორმატიული ძალა აქვთ. საინტერესოა, რომ იგივე პოზიციებს ზოგიერთი ფილოსოფიური დოქტრინაც იზიარებს - მაგალითად, მარადიულ და აბსოლუტურ ღირებულებებს აღიარებდნენ პლატონი, არისტოტელე და კანტი.

• ალბათ სეკულარული ღირებულებითი სისტემები მეცნირულ პოზიციაზე არიან

პარადოქსია, მაგრამ არც ისე ერთმნიშვნელოვნად.
ერთი მხრივ, გაერთიანებების ღირებულებითი სისტემები ადამიანურ კონსენსუსზეა აგებული და თითქოს რელატივისტურია (რადგან შეთანხმება ქვეყნებს შორის არის, და არა ღვთიური გამოცხადების საფუძველზე); მაგრამ მეორე მხრივ, ისინი საკუთარ ღირებულებებს წარმოაჩენენ როგორც სრულ ჭეშმარიტებას, რომელიც ყველასთვის სავალდებულოა. მაგალითად, გაერო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აცხადებს, რომ ეს ღირებულებები უნივერსალურია და განუყოფელი, მიუხედავად კულტურული კონტექსტისა. ხოლო ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს დაიცვან დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იყენებს სანქციებს. რაღაც რელიგიურ მიდგომას გავს.

და თუ რელიგიური სისტემები ღირებულებათა აბსოლუტურობას ღმერთის ავტორიტეტზე ამყარებენ, საინტერესოა, მაშინ სეკულარულ სისტემებში ვინ ან რა არის აბსოლუტური ავტორიტეტი? ადამიანი?

პოლემიკა სწორედ აქ იწყება: კულტურული რელატივიზმის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ ორგანიზაციების „უნივერსალური ღირებულებები“ სინამდვილეში მხოლოდ გარკვეული ცივილიზაციური სივრცის - ანუ დასავლეთის მიერ წარმოებული ნორმებია და საერთაშორისო ორგანიზაციებში „კონსესუსი“ ხშირად არა მთელი კაცობრიობის ნება, არამედ მხოლოდ გარკვეულ სახელმწიფოთა შეთანხმებაა. მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთი აზიაში, დასავლეთის ღირებლებით უნივერსალურობაში ხედავენ „გავლენის პოლიტიკას“ და „კულტურულ იმპერიალიზმს“.

• მოკლედ, ვინ არის მართალი?

როგორც მეცნიერული, ასევე რელიგიური და სეკულარული ხედვის მიხედვით - ყველა ადამიანს აქვს უფლება თვითონ აირჩიოს - რა იქნება მისთვის მნიშვნელოვანი, რომელ ღირებულებითი სისტემას ირჩევს ცხოვრებაში საორიენტაციოდ.

შეუძლებელია ერთ საზოგადოებაში ყველას ხედვები და პრიორიტეტები ერთმანეთს დამთხვეს, ცივილურ საზოგადოებაზე კი მიუთითებს ის, თუ რამდენად პატივს ვცემთ სხვის პრიორიტეტებს, ვიპოვით თუ არა გადაკვეთის წერტილებს, შევძლებთ თუ არა ურთიერთგაგებას.

პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეანული აბსოლუტიზმის პოზიციაზე ვარ, ეს არ მიშლის ხელს, პატივი ვცე ადამიანებს, რომელთაც სხვა არჩევანი გააკეთეს - მე მყავს მეგობრები, რომლებიც ლიბერალურ, კონსერვატიულ ან ზოგიერთ პოლიტიკურ-სამართლებრივ ღირებულებებს უფრო იზიარებენ, ვიდრე ქრისტეანულს, და მე ვთვლი, რომ ეს მათი უფლებაა. მაგრამ ისინიც თავის მხრივ, პატივს სცემენ ჩემს არჩევანს, რადგან ყველა თავისუფალია არჩევანში და ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს.

• ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს?

კი. ზემოთ ნახსენებ საერთაშორისო ტრენინგზე, კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაგვატარებინეს. ამოგვარჩევინეს 3 პრიორიტეტული ღირებულება, პატარა ბარათებზე დაგვაწერინეს და ერთმანეთში გაგვაცვლევინეს. მაგალითად, ჩემი პრიორიტეტები იყო სიყვარული, მიტევება და ცხოვრების ხალისი (Love, Forgiveness and Joy). ჩემმა ერთმა შვეიცარიელმა კოლეგამ კი ამოარჩია - გამარჯვება, წარმატება და ძალა (Victory, Success, Power). დავალება იმაში მდგომარეობდა, რომ გაცვლის მერე წარმოგვედგინა და აგვეღწერა - როგორ ვიცხოვრებდით სხვისი ღირებულებებით.

ამ ექსპერიმენტმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოავლინა - არავის არ შეგვეძლო სხვისი პრიორიტეტებით ცხოვრება, ჩემთვის მაგალითად წარმოუდგენელი იყო მეცხოვრა გამარჯვებისთვის, წარმატებისთვის ან ძალაუფლებისთვის - იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემთვის არ იყო ღირებული და შესაბამისად, საკმარისი მოტივაციაც არ მექნებოდა მათ განსახორციელებლად.

ეხლა წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდია მოსთხოვო სხვა ადამიანებს გააკეთონ ის რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, თუ ეს მათ ღირებულებებს არ ეხმიანება.
რამხელა აბსურდია მოსთხოვო ადამიანებს ისე მოიქცნენ, როგორც შენ გინდა, როდესაც მათ სხვა პრიორიტეტები აქვთ. წარმოიდგინეთ რამხელა აბსურდია ეჩხუბო ადამიანს - რატომ არის მისთვის რაიმე პრიორიტეტი.

და კიდევ უფრო უარესია - როდესაც ადამიანს აიძულებ მოიქცეს შენი პრიორიტეტების შესაბამისად. არ ვიცი რამდენად სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, მაგრამ ეს ნამდვილად ძალადობის ერთერთი მძიმე და მზაკვრული ფორმაა.

როდესაც ღირებულებებს იძულებითი ან სავალდებულო ძალა ენიჭება, ის უკვე იქცევა იდეოლოგიად. მაგალითად, თავისუფლება არის ღირებულება, როდესაც შენ აფასებ თავისუფლებას. მაგრამ „ყველა უნდა ცხოვრობდეს თავისუფლებაში და ყველა სხვა გზა არასწორია“ ეს ნორმატიულობა უკვე იდეოლოგიური პოზიციაა. და აქ გადის ძალიან მნიშნელოვანი ზღვარი. თუ ღირებულებებზე გვაქვს საუბარი, მაშინ ნებისმიერი ძალადობა, ულტიმატუმი, ცინიზმი სხვის ღირებულებებთან დაკავშირებით წარმოუდგენელი აბსურდია.

• თუ არ ვიძალადოთ და არ დავცინოთ, აბა რა ვქნათ?

თუ ვინმეს ღირებულებითი პრიორიტეტები ჩვენთვის მიუღებელია და რამენაირად გვაზიანებს, ჩვენ გვაქვს უფლება - გავემიჯნოთ მათ, დავასრულოთ მათთან ურთიერთობა. და რამდენად მშვიდად, ეკოლოგიურად, ანუ შეურაცხყოფის და დაზარალების გარეშე გავემიჯნებით, ამასაც ჩვენი ღირებულებები განსაზღრავს.

ამასთანავე უნდა გვახსოვდეს 2 მნიშვნელოვანი რამ: 1) ჩვენი გამიჯვნის მიზეზი სხვადასხვა ღირებულებებია, და არა ის, რომ ჩვენი ღირებულებები მათზე უფრო სწორია; 2) ადამიანები ვითარდებიან და მათ ღირებულებები შეიძლება ნებისმიერ დროს გადააფასონ.

შესაბამისად, ჩვენ ასევე შეგვიძლია მიზანმიმართულად შევარჩიოთ მეგობრები, რომლებთანაც საერთო ღირებულებები გვაქვს - იმიტომ, რომ მსგავსი ღირებულებების მქონე ახლობლების და საზოგადოების გარემოცვაში ცხოვრება ბევრად უფრო სასიამოვნო და საინტერესოა, და რაც მთავარია, მეტ თავისუფლებას და რეალიზებულობის მეტ საშუალებას იძლევა.

——-

07.09.2025
თამუნა ჩიჩუა,ემოციური ინტელექტის ქოუჩი

ჰაგიოგრაფიის სწავლებაზე მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი ვთქვა. ყველას აქვს უფლება არ დამეთანხმოს. შესაძლოა გააპროტესტო სწავ...
30/01/2024

ჰაგიოგრაფიის სწავლებაზე მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი ვთქვა. ყველას აქვს უფლება არ დამეთანხმოს.

შესაძლოა გააპროტესტო სწავლების მოსაწყენი მეთოდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ შუშანიკი სკოლაში მაინც უნდა ისწავლებოდეს. და ნაწარმოების მიმართ ახალგაზრდების პროტესტი პარადოქსალური მგონია, რადგან თავად შუშანიკი არის პროტესტის და დაუმორჩილებლობის უპრეცენდენტო მაგალითი თავის ეპოქაში, რაც წესით თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდობის აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს.

შუშანიკს ჰქონდა გასაოცარი გამბედაობა - მე-5 საუკუნეში, მაშინ როდესაც ქალებს ეკრძალებოდათ მამაკაცებთან „ერთად ეჭამათ პური“ - არ დამორჩილებოდა მოძალადე ქმრის მოთხოვნას რწმენის შეცვლასთან დაკავშირებით. სად წასულიყვნენ დასასვენებლად და რა ჩაეცვა, იმაზე კი არ ჯიუტობდა, არამედ - ღირებულებების, ცხოვრების საზრისის გამო დაუპირისპირდა - რაც მისი პიროვნული განვითარების მწვერვალზე მიუთითებს.

პირველ რიგში, მოდით ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან დიდი ენერგეტიკის მქონე ნაწარმოებია. უამრავი რამე გაგვივლია სკოლაში, მაგრამ წარუშლელ შთაბეჭდილებად არის შემორჩენილი სწორედ შუშანიკის ისტორია. არცერთ სხვა ნაწარმოებს ამხელა რეზონანსი ჩვენს კლასში არ გამოუწვევია - რატომღაც ყველა ვარსქენზე და მის ასტამზე ვხუმრობდით. 30 წლის მერეც, შუშანიკის ისტორია მეც და ყველას გვახსოვს. ასეთ რა ვიბრაციებს მოიცავს ეს ნაწარმოები?

მეორე - მგონი ყველამ ვიცით, რომ ნაწარმოების კითხვა არ არის მხოლოდ შინაარსის გაცნობა - მივიდა-მოვიდა, ვიღაცა აწამა - ამაზე არ დაიყვანება და აქ არ მთავრდება ნაწარმოები. ხომ ვიცით, რომ ხელოვნების, და განსაკუთრებით ლიტერატურის როლი ზუსტად ის არის, რომ ადამიანებში გააღვივოს ემპათია, სხვისი თანაგრძნობის უნარი, აღაფრთოვანოს ან აღაშფოთოს მოქმედი გმირის ქმედებებმა, გაიყვანოს მკითხველი ყოველდღიურობის მიღმა, დააფიქროს ეგზისტენციალურ საკითხებზე და გაამყაროს ის ღირებულებითი ღერძი, რაზეც იგება შემდეგ მთელი პიროვნება.

გარდა შემეცნებითი დატვირთვისა, ესეთი ნაწარმოებები არის უძლიერესი ღირებულებითი ინსტრუმენტი აღზრდის პროცესში. თუ მოზარდებს განზოგადებას ვასწავლით და არ დავტოვებთ მათ ინფანტილური, ბუკვალური გაგების მარწუხებში, მაშინ შუშანიკის ამ ტრაგიკულ ისტორიაში ისინი აუცილებლად აღმოაჩენენ უამრავ საფიქრალ მასალას. აბა სხვანაირად როგორ უნდა აითვისოს მოზარდმა ზნეობრიობა? მას სხვადასხვა ჟანრის და სხვადასხვა დარგის ხელოვნება ესაჭიროება, და მათ შორის ასეთი შეუნიღბავი რეალიზმით დაწერილი ჰაგიოგრაფიაც.

არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ახალ თაობას ვგულისხმობ. არა, ჩვენ დროსაც მასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადაკითხული მქონდა მთელი უცხოური საბავშვო ლიტერატურა, შუშანიკის წამება, მთელი თავისი გამორჩეული დრამატიზმით და ტრაგიზმით, მნიშვნელოვანი გამოსაფხიზლებელი ტალღა იყო ჩემთვის, როგორც მოზარდისთვის. არც კი ვიცოდი რომელ რელიგიურ კონფესიას ეკუთვნოდა, მაგრამ იმდენად აღმაფრთოვანებელი და არაორდინალური იყო შუშანიკის შეუპოვრობა, რომ ეს ქმნიდა შეუდარებელ ემოციურ მუხტს და შესაბამისად ფიქრის-მასტიმულირებელ ეფექტს.

წარმოიდგინეთ 13-14 წლის ხარ, გარდატეხის ასაკში, ყველა რომ იპრანჭება, მეტიჩრობს და ამქვეყნიურ მიღწევებზე ოცნებობს და უცებ, აღმოაჩენ, რომ ვიღაცამ უარი თქვა სასახლეზე, კომფორტზე, ლამაზ კაბებზე, გემრიელ საჭმელზე, აღიარებაზე და ერთადერთ სიცოცხლეზეც კი - რაღაც იდეის გამო?

დაიცათ, დაიცათ, როგორ? - უნდა გაუჩნდეს მოზარდს კითხვა - ანუ შეიძლება არსებობდეს რაიმე იდეა, რომლის გამოც Iphone 15-ზე უარი ვთქვა? ანუ შეიძლება არსებობდეს რაიმე იდეა, რომლის გამოც მეგობრების წრე და "ფოლოუერები" შემიმცირდეს, ფაქტიურად მარტო დავრჩე, მაგრამ მე მაინც სიმართლე ავირჩიო? შეიძლება არსებობდეს რაიმე იდეა, რომლის გამოც ფიზიკური დისკომფორტი, ტკივილი, შიმშილი, სიბინძურე და ავადმყოფობა ავიტანო? აბსტრაქტული იდეის გამო, რასაც ვერ ვეხები, უბრალოდ რისიც მწამს?

მოზარდობისას ჩაყრილი ეს მარცვლები, უკვე ზრდასრულ ასაკში გაძლევს გამბედაობას, არ დაემონო ბოროტ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის შენი ქმარი ან ცოლია, გაძლევს გამბედაობას არ გაიყიდო მატერიალური სიკეთეების სანაცვლოდ კორუფციაზე და უსამართლობაზე, ეს გაძლევს ძალას დათმო კომფორტი პრინციპების სანაცვლოდ და შეინარჩუნო შინაგანი ერთიანობა.

ჩვენ, ზრდასრულებს, ეს უკვე აღარ გვჭირდება მაგრამ მოზარდს სწორედ აქ გაუელვებს ის დაუჯერებელი აზრი, რომ არამატერიალური შესაძლოა მატერიალურზე ძლიერი იყოს.. მაგრამ ამას ჭირდება - გამბედაობა და საკმაო სულიერება - იმედი, რწმენა და სიყვარული.

შუშანიკს სწამდა, იმედი ჰქონდა და უყვარდა მის მიერ არჩეული ღმერთი იმდენად, რომ ეს ყველაფერი შეძლო.
ჩვენ გვაქვს ამდენი გამბედაობა?
ჩვენ გვიყვარს ვინმე ამდენად?

ერთი ამერიკელი ფსიქოლოგიის დოქტორის ცნობიერების სკალის მიხედვით, გამბედაობა, რწმენა იმედი და სიყვარული - უმაღლესი რანგის სიხშირეებია, რა სიხშირეებზე ცხოვრებასაც მოაქვს სულიერი სიმშვიდე.

დღევანდელი საზოგადოება კი ძირითადად უმდაბლეს სიხშირეებზე - განსჯაზე, აგრესიაზე, შურზე, ვნებებზე, შიშზე და უიმედობაზე არსებობს. ამიტომაც სამყარო სავსეა დეპრესიებით და შფოთვითი აშლილობებით დატანჯული ადამიანებით.

რას ცვლის ამ თემებზე დაფიქრება მოზარდებში? იდენტობის და ღირებულებების ფორმირების ფაზაში, ძალიან დიდ გაცნობიერებებს უყრის საფუძველს, აფართოვებს აზროვნების არეალს, ხედვებს, არყევს მოზარდებისთვის დამახასიათებელ მატერიალისტურ და ჰედონისტურ მიდრეკილებებს და ბევრად უფრო მომზადებული შეყავს ისინი რთულ, კომპლექსურ სამყაროში.

დიახ, შუშანიკის კითხვისას, შენზე ძალაუნებურად მოქმედებს მთავარი გმირის ემოციური ვიბრაციები და თანაზიარი ხდები ამ იშვიათი, უმაღლესი სიმტკიცის მდგომარეობის. იმიტომაც, გვინდოდა თუ არა, ეს დაუჯერებელი სისასტიკის მიერ გაუტეხავი პრინციპულობის ისტორია, ჩვენს მეხსიერებაში შემოიჭრა და ჩარჩა სამარადისოდ.

შუშანიკის ლიტერატურულ, რელიგიურ და ისტორიულ ღირებულების ანალიზს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. მე მხოლოდ მინდოდა შუშანიკის, როგორც სასკოლო მასალის მნიშვნელოვნებაზე გამეკეთებინა რამდენიმე აქცენტი.

პ.ს. სურათზე ნატა ვაჩნაძეა 😊 არ ვიცი აქ რა როლშია, მაგრამ რატომღაც ზუსტად ასეთი წარმომედგინა შუშანიკი, როდესაც ვსწავლობდი 💖

-----

თამუნა ჩიჩუა, PCC
ემოციური ინტელექტის ქოუჩი
30. 01. 2024

ძალიან მაგრად შეშინებული ადამიანისგან სიყვარულს ნუ ელოდებით. მაგ დროს, ადამიანს სიყვარული არ შეუძლია:ბუნებრივი, ზომიერი ...
24/09/2023

ძალიან მაგრად შეშინებული ადამიანისგან სიყვარულს ნუ ელოდებით. მაგ დროს, ადამიანს სიყვარული არ შეუძლია:

ბუნებრივი, ზომიერი შიში, როგორც საბაზისო ემოცია, სასარგებლო და აუცილებელიც არის ცხოვრებისეული ადაპტაციისთვის.
მაგრამ გადამეტებული და ხშირად, ირაციონალური შიში პირიქით, ართმევს ადამიანს ჰარმონიული თანაცხოვრების, ნდობის და შესაბამისად, სიყვარულის უნარს..

არ აქვს მნიშვნელობა, რისი ეშინია - თქვენი დაკარგვის, უფულობის, სიბერის თუ მარტოობის..
შიშის მდგომარეობაში, ერთადერთი, რაზეც ადამიანი ფიქრობს, არის გადარჩენა - საკუთარი პოზიციების დაცვა, დამკვიდრება, გადაზღვევა..

ანუ ის ვინც ძალიან შეშინებულია, ის საკუთარი ეგოს გადარჩენის რეჟიმშია და მას რაღაც ჭირდება უსაფრთხოების შეგრძნებისთვის.. ეგოიზმი სწორედ საკუთარ საჭიროებებზე გადამეტებული ზრუნვაა:

თუ მარტოობის ეშინია - ყურადღება ჭირდება
თუ ხალხის აზრის ეშინია - აღიარება ჭირდება
თუ ვინმეს უარყოფის ეშინია - გარანტიები ჭირდება..

და ის დაუნდობლად შეეცდება ყველაფერი მიიღოს, მიიღოს ის, რაც შიშს მოუხსნის..

ანუ ერთადერთი რაზეც ის ფოკუსირებულია - არის მიღება, და არა გაცემა..

არადა, სიყვარული გაცემაა 💖

-------

თამუნა ჩიჩუა
ემოციური ინტელექტის ქოუჩი

24 სექტემბერი, 2023

#სიყვარული #გამოსავალია #ემოციური #ინტელექტი #თამუნა #ჩიჩუა

01/08/2023

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას ემოციური ინტელექტის სკოლა-ის მთავარი ღირებულებებია

გაიგეთ მეტი ანტრეპრენერზე, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში დაგეხმარებათ: www.entrepreneur.com/ka/article/456292

06/05/2023

"დღეს ბევრს საუბრობენ ძლიერ ქალებზე. მაგრამ ხშირად ეს წარმოდგენა სრულიად სტერეოტიპულია - უმრავლესობისთვის ეს მკაცრი, დირექტიული, წარმატებული კარიერის მქონე საქმიანი ქალია. არადა, ნამდვილი სიძლიერე ემოციური ინტელექტია - ზომიერება, ბალანსი ემოციებსა და გონებას შორის, საკუთარი თავის მართვის უნარი, შედეგობრივი აზროვნება, გონივრული გადაწყვეტილებები, ოპტიმიზმი და ემპათია - ასეთი ქალი ძლიერია ყველგან: სამზარეულოშიც, სახელოსნოშიც, მინდორშიც და ოფისშიც".

ამონარიდი თამუნა ჩიჩუას წიგნიდან - "ჰარმონია საკუთარ თავთან" - ქალების ემოციური ინტელექტის პირველი სახლმძღვანელო ქართულ ენაზე, რომელიც მალე ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა გაყიდვაში.

📌წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია VELI.store ონლაინ ან ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში Biblusi • ბიბლუსი

ემოციური ინტელექტის სკოლა

#თამუნაჩიჩუა #ემოციური #ინტელექტი #სკოლა
#ქოუჩინგი

პროფესიონალი ქოუჩი PCC, ტრენერი და ემოციური ინტელექტის პრაქტიკოსი EQCP, ენეაგრამის კონსულტანტი

10/02/2023

ემოციური ინტელექტის სკოლა გიწვევთ 2 დღიან ტრენინგზე "ემოციების ნავიგაცია".

პროგრამა დაგეხმარებათ უკეთესად მართოთ თქვენი ემოციები - არ დათრგუნოთ, არ დამალოთ, არამედ გამოიყენოთ ემოციები გონივრულად, ბალანსის შესანარჩუნებლად და თქვენი ცხოვრებისული მიზნების მისაღწევად.

ტრენინგის შედეგად გეცოდინებათ:

🤍 როგორ და რატომ განვიცდით ემოციებს | ძირითადი თეორიები
🤍 როგორ გამოვიყენოთ ემოციები ცხოვრებისეული წარმატებისთვის
🤍 ემოციური გადაწყვეტილებების ანატომია | როგორ ხდება ემოციები საშიში ჩვენი ცხოვრებისთვის
🤍 როგორ ვმართოთ ემოციები | მართვის ძირითადი სტატეგიები და მეთოდები

ტრენინგის ძირითადი ნაწილი მოიცავს ჯგუფურ და ინდივიდუალურ სავარჯიშოებს.

ტრენერი: თამუნა ჩიჩუა, PCC, EQCP, ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული ქოუჩი და ტრენერი 8 წლიანი გამოცდილებით, ემოციური ინტელექტის სკოლის დამფუძნებელი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი საქართველოში.

ემოციების ნავიგაცია - ემოციური ინტელექტის თამუნა ჩიჩუას საავტორო 4 კომპონენტიანი მოდელის ერთერთი კომპონენტია.

📅 თარიღი: 25-26 თებერვალი [11.00 - 17.00]
📩 ღირებულება: 290 ლარი
🔗 რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: http://bit.ly/3WiW6CU
☎️ ან დაგვირეკეთ: 599 712 177

----------

ემოციური ინტელექტის სკოლა დაარსდა 2022 წელს. მისი მიზანია პროფესიონალური ინდივიდუალური და გუნდური ქოუჩინგით და ტრენინგებით ემოციური ინტელექტის ამაღლება ქართულ საზოგადოებაში.

#ემოციური #ინტელექტის #სკოლა #უფროსებისთვის #თამუნაჩიჩუა #ქოუჩინგი

ვისაც გაინტერესებთ, ცოტა ხნის წინ დავაარსე ემოციური ინტელექტის სკოლა 💫ეს არის არაფორმალური სკოლა უფროსებისთვის, რომლის მ...
24/11/2022

ვისაც გაინტერესებთ, ცოტა ხნის წინ დავაარსე ემოციური ინტელექტის სკოლა 💫

ეს არის არაფორმალური სკოლა უფროსებისთვის, რომლის მისიაა თანამედროვე, ხარისხიანი ტრენინგების და ქოუჩინგის საშუალებით ხელი შეუწყოს საქართველოში ინდივიდების პიროვნულ განვითარებას, გააუმჯობესოს ემოციური ინტელექტის კომპეტენციები და ამით გახადოს საზოგადოება უფრო ემოციურად დაბალანსებული, ენერგიული, მოტივირებული, ემპათიური და პროდუქტიული.

გამომყევით 😊🤘

ფეისბუკი: https://m.facebook.com/eq.school.ge

ინსტაგრამი: https://instagram.com/eqschoolge

#ემოციურიინტელექტი #სკოლა #უფროსებისთვის

Address

Tbilisi

Telephone

+995577559000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tamuna Chichua's Blog • თამუნა ჩიჩუას ბლოგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Tamuna Chichua's Blog • თამუნა ჩიჩუას ბლოგი:

Shortcuts

Share

Category