09/08/2026
ჩვენი რუბრიკა „გიმნაზიის ფოკუსში“ გრძელდება. გაგაცნობთ კლასს, რომელთანაც მოწყენა უბრალოდ შეუძლებელია.
თუ ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა კლასი, რომელშიც ერთდროულად შეხვდებოდით ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონებს, სპორტსმენებს, მოცეკვავეებს, მუსიკოსებს, მსახიობებსა და მომავალ ლიდერებს, პასუხი მარტივია -გაიცანით, ეს გახლავთ მე-7 ა კლასი.
აქ სიტყვა „მრავალფეროვანი“ მხოლოდ სიტყვა არ არის. ეს მათი ყოველდღიური რეალობაა. ერთი მოსწავლე ფარიკაობის კონკურსებში იმარჯვებს, მეორე თანამედროვე ცეკვის, მესამე ქართულ ხალხურ ცეკვას უბადლოდ ასრულებს, მეოთხე რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, ზოგიერთი მათგანი ფეხბურთით არის გატაცებული, ზოგიერთი კი თეატრის დიდ სცენაზე დგას, ნაწილს კი ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობის სურვილი მოსვენებას არ აძლევს. და თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, კლასში საქართველოს ჩემპიონიც გვყავს - MMA-ს წესების გარეშე ბრძოლაში.
მოკლედ რომ ვთქვათ, კლასის დამრიგებელს, მაია გარსევანიშვილს, ერთი მარტივი პრობლემა აქვს: როგორ დაიმახსოვროს, ვინ რომელ სფეროშია ჩემპიონი?
29 განსხვავებული ისტორია, მაგრამ ერთი ძლიერი გუნდი. მათ კარგად იციან, რომ გამარჯვება მხოლოდ მაშინ არის განსაკუთრებული, როცა მის სიხარულს სხვებსაც უზიარებ.
შეიძლება, ერთ დღეს ერთმანეთს კონკურსში ეჯიბრებოდნენ, მეორე დღეს კი ერთი მეორეს გულშემატკივრობდეს. იმიტომ, რომ ამ კლასში კონკურენცია მეგობრობას არ გამორიცხავს.
კლასის ერთ-ერთ გამორჩეულ გამარჯვებად 2025-2026 სასწავლო წელს „ტვინების ბრძოლა“ იქცა, სადაც გუნდი ქვემო ქართლის მასშტაბით საუკეთესო გახდა, აჯობა მათზე უფროსებსაც კი და ამით სხვა გუნდების გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია. ისინი შემდეგი სეზონისთვის გაათმაგებული ძალებითა და შემართებით ემზადებიან. ესენი არიან — ბარბარე ლომსიანიძე, ნიკოლოზ ბულაშვილი, საბა ზედელაშვილი, ალექსანდრე ლავრენტაშვილი, მართა ცუცქირიძე და ანდრია გოგოლაძე.
ეს არ ყოფილა კიდევ ერთი გამარჯვება თაროზე დასადები დიპლომისთვის. ეს იყო მომენტი, როდესაც ბავშვებმა საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი რამ შეიტყვეს — როცა ცოდნა, შრომა და გუნდური მუშაობა ერთიანდება, შედეგი გამარჯვებას უდრის.
არ დავივიწყოთ, რომ მე-7 ა კლასმა გაიმარჯვა სასკოლო კონკურსში „ისტორიის კვალდაკვალ“.
თუ ამ კლასში სპორტული მიღწევების ჩამოთვლას დავიწყებთ, შესაძლოა, ცალკე რუბრიკაც კი დაგვჭირდეს.
გვყავს ფარიკაობაში არაერთგზის გამარჯვებული სპორტსმენი -მართა ცუცქირიძე, თანამედროვე ცეკვების კონკურსების გამარჯვებული- ნინო ასპინძელაშვილი, ფეხბურთით აქტიურად დაკავებული მოსწავლეები - საბა მეტრეველი, საბა დემეტრაშვილი, გიორგი კაკაშვილი და მათე გაბრიელაშვილი, ასევე საქართველოს ჩემპიონი MMA-ს წესების გარეშე ბრძოლაში -ლუკა კაპანაძე.
კლასის ცხოვრება მხოლოდ სპორტითა და ინტელექტუალური შეჯიბრებებით არ შემოიფარგლება.
არიან მოსწავლეები, რომლებიც დიდ სცენაზე დგანან - ანა კაპანაძე და ნანო კლდიაშვილი, არიან მუსიკოსებიც , მათ შორის ისეთი მოსწავლეები, რომლებიც მღერიან და რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავენ -საბა ზედელაშვილი, გაბრიელ ფხაკაძე და ანდრია გოგოლაძე.
მათი ხასიათი და შემართება ასეც შეიძლება განიმარტოს:
რთული ამოცანა? საინტერესოა.
ახალი კონკურსი? რატომაც არა.
შეჯიბრი? კიდევ უკეთესი.
შესაძლოა, დღეს რომელიმე მოსწავლე მხოლოდ ცეკვით იყოს ცნობილი, ხვალ კი სრულიად სხვა სფეროში მიაღწიოს წარმატებას. შესაძლოა, დღევანდელი ინტელექტუალური თამაშების გამარჯვებული მომავალში მეცნიერი გახდეს, სპორტსმენი - ჩემპიონი, მსახიობი - დიდი სცენის ვარსკვლავი, მუსიკოსი კი ცნობილი კომპოზიტორი.
ვინ იცის?
ჩვენს საყვარელ კითხვაზე, რა იქნებოდა კლასზე გადაღებული ფილმის სათაური, მათი დამრიგებელი ასე გვპასუხობს:
„ალბათ, ეს არ იქნებოდა ჩვეულებრივი სასკოლო ფილმი.
იქნებოდა ბევრი სიცილი, ცოტა ცრემლი, დაძაბული წამები, მეგობრობა, შთამბეჭდავი თავგადასავალი.
ფილმის სათაური კი უკვე მზად
„29 ვარსკვლავის ერთი გუნდი“
მე-7 ა კლასის ისტორიის გაგრძელება იქნება და, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის.
წარმატება თითოეულ მათგანს და მათ შემოქმედებით დამრიგებელს!