ოთო მასწავლებელი

ოთო მასწავლებელი უბრალოდ გეტყვით,მე ვარ მასწავლებელი და ეს არის სწორედ ის,რაც უნდა მეკეთებინა...
(1)

26/07/2026

გრამატიკა ზარმაცებისთვის

გაკვეთილი VI

ზედსართავი სახელი

არსებითმა სახელმა ერთხელ სარკეში ჩაიხედა და მიხვდა, მე როგორი ვარ ვინმემ ხომ უნდა თქვას ხმამაღლაო და დაიწყო ისეთი მეტყველების ნაწილის ძებნა, რომელიც მას ყველგან და ყველასთან დაახასიათებდა. მის ნიშან- თვისებაზე ისაუბრებდა.
ასე გაჩნდა ზედსართავი სახელი, არსებითი სახელის ყველაზე ახლო მეგობარი და დობილი.

ყველა საგანს თავისი თვისება და მახასიათებელი აქვს. რაღაც მაღალია, ვიღაც- ლამაზია და ა.შ.
სწორედ ამას აღნიშნავს ზედსართავი სახელი და კითხვებიც შესაბამისი აქვს.
როგორი?
რანაირი?
როდინდელი?
სადაური?

ზედსართავი სახელის გარეშე ვერაფერს დავახასიათებთ, ვერავის შევაქებთ, ნებისმიერი მოვლენის აღწერა გაგვიჭირდება.
აი, შეხედეთ:
დილა გათენდა და მზეც ამოვიდა.
ზედსართავი სახელის შემოპატიჟებით ბევრად შთამბეჭდავად დავხატავთ ალიონს.
ბედნიერი დილა გათენდა და ბრდღვიალა მზეც ამოვიდა

არსებითი სახელმა, ახლა სარკეში რომ იხედება, ზუსტად იცის, თავისი დობილი უამრავი კომპლიმენტით შეამკობს.
თქვენც ხომ გიყვართ კომპლიმენტები?
და თუ ასეა, მხოლოდ სიყვარულითა და სიკეთით სავსე ზედსართავი სახელები გამოიყენეთ წერისა თუ საუბრის დროს. 💞

08/07/2026

გრამატიკა "ზარმაცებისთვის"

გაკვეთილი V

არსებითი სახელის რიცხვი

ქართველმა კაცმა ასეთი რამ თქვა, "მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო", ანუ ცოდვააო.
მერე იმ კაცმა სხვაც მიიპატიჟა ან სხვებიც და გახდნენ ბევრნი.
მათი რიცხვი გაიზარდა.
ქართულ ენაში არსებობს მხოლობითი რიცხვი და მრავლობითი რიცხვი.
თუ ერთ საგანზე ვსაუბრობთ, ესე იგი, მხოლობით რიცხვთან გვაქვს საქმე.
თუ ერთზე მეტ საგანს განვიხილავთ, მრავლობით რიცხვს ვსტუმრობთ.
ბიჭი მეგობრებს შეხვდა.
ბიჭი ერთია, მეგობრები-რამდენიმე.
ვიდრე ბიჭი მეგობრებს შეხვდებოდა მხოლობით რიცხვში იყო. აი, შემდეგ, როცა მეგობრებს შეუერთდა, მრავლობით რიცხვში გადავიდა.
მჯერა, სულ არ გაგიჭირდა სახელის რიცხვის გაგება.
ახლა შენც შეძლებ ერთი ასად აქციო!💕

01/07/2026

გრამატიკა "ზარმაცებისთვის"

გაკვეთილი IV

ფუძის კუმშვა, კვეცა და კუმშვა-კვეცა

ფუძე ვიპოვეთ.
ახლა დროა, ცოტა "გავაწვალოთ", ხან შუა ხმოვანი ავაწაპნოთ, ხან-ბოლო, ხანაც-ორივე ერთად.
ატამ-ი - ატმ-ის
დედა - დედ-ის
პეპელა - პეპლ-ის
ატამს შუა ხმოვანი "ა" ავართვით.
დედას - ბოლო ხმოვანი "ა".
პეპელას კი ერთდროულად "ე" და "ა" ხმოვნები გადავუმალეთ.
სულ არ მოუწყენიათ, პირიქით, უფრო წელგამართულად შეურთდნენ სხვა სიტყვებს.
ატმის ამბავს კუმშვა ჰქვია.
დედისას - კვეცა.
პეპელამ კი კუმშვა-კვეცის მაგალითი გვაჩვენა.
საინტერესო რამ არ გამოგრჩეს: კუმშვა ყოველთვის თანხმოვნით დაბოლოებულ ფუძეებთან გვხდება.
ხოლო დანარჩენი ორი მოვლენა ხმოვანფუძიანებს ემართებათ.
ახლა შენი დროა, იპოვე სიტყვები, რომლებიც მათსავით კარგავენ ხმოვნებს.

30/06/2026

გრამატიკა "ზარმაცებისთვის"

გაკვეთილი III

არსებითი სახელის ფუძე

ფუძე თუ მხოლოდ მათემატიკური ტერმინი გგონია, ცდები.
სახელსაც აქვს ფუძე, ანუ ის ნაწილი, რომელსაც ბრუნვის ნიშანი ემატება.
როგორ ვიპოვოთ?
არ გაგიკვირდეს, მთლად არქეოლოგივით ვერა, მაგრამ მაინც მოვიწევს, სიტყვების ლაბირინთებში ფუძე იპოვო და მზის სინათლეზე გამოიტანო.
შენ უკვე იცნობ მოთხრობით და მიცემით ბრუნვებს. რომელიმეში ჩასვი სიტყვა, მაგალითად,
სახლ-ს
დედა-მ
შემდეგ ამ სიტყვებს ააწაპნე ბრუნვის ნიშნები და ორივე დატოვე პირდაფჩენილი.
დარჩება "სახლ", "დედა" .
სწორედ ეს არის სიტყვის ფუძე.
ერთი საინტერესო ფაქტიც დაფიქსირდა,
"სახლ" ბოლოვდება "ლ" თანხმოვნით, ხოლო "დედა" - "ა" ხმოვნით.
ესე იგი, გვაქვს ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი სახელები.
სულ არ ყოფილა რთული ფუძის პოვნა.
შენ კი გეგონა არქეოლოგიურ გათხრებში მოგიწევდა მონაწილეობა.
მიდი ახლა და სხვა სიტყვების ფუძეებიც იპოვე.💕

30/06/2026

გრამატიკა "ზარმაცებისთვის"

გაკვეთილი II

არსებითი სახელის ბრუნება

იცი, რომ დედამიწა ბრუნავს, ბრუნავს წისქვილის ქვაც, ბორბალიც, კარუსელიც... რა ვიცი, შენც ბრუნავ, როცა ცეკვავ ან ვარჯიშობ...
და შენ წარმოიდგინე, არსებითი სახელიც ბრუნავს, თან შვიდნაირად.
ჰო, ქართულ ენაში სულ შვიდი ბრუნვაა და ყველას თავისი ნიშნები აქვს, ნუ, ზოგჯერ, შეიძლება არც ჰქონდეს.
მოდი, მივყვეთ თემას!
ახლა შეეცადე ბრუნვები და მისი ნიშნები დაიზეპირო!

სახელობითი -ი, ∆ (ეს ნიშნავს, რომ არის სახელი, რომელსაც ბრუნვისას ნიშანი არ აქვს, ხმოვნით ბოლოვდება და ვერ იხდენს)
მოთხრობითი - მ, მა
მიცემითი- ს
ნათესაობითი - ის, ს
მოქმედებითი- ით, თ
ვითარებითი - ად, დ
წოდებითი -ო, ვ, ∆ (მაგალითად, ადამიანის სახელების ნაწილი ბრუნვის ნიშანს არ დაირთავს).

ახლა შევხედოთ სიტყვის ცვლილებას ბრუნვის პროცესში.

სახ. სახლ-ი
მოთხ. სახლ-მა
მიც. სახლ-ს
ნათ. სახლ-ის
მოქ. სახლ-ით
ვით. სახლ-ად
წოდ. სახლ-ო

ასევე:

სახ. წყარო
მოთ. წყარო-მ
მიც. წყარო-ს (ა)
ნათ. წყარო-ს (ი)
მოქ. წყარო-თ (ი)
ვით. წყარო-დ (ა)
წოდ. წყარო-ვ

ფრჩხილებში ჩასმულ ხმოვნებს სავრცობის ფუნქცია აქვს და ძირითადად პოეზიაში ვიყენებთ.

ასევე:

სახ. გურამ-ი
მოთხ. გურამ-მა
მიც. გურამ-ს
ნათ. გურამ -ის
მოქ. გურამ-ით
ვით. გურამ -ად
წოდ. გურამ

უკვე დარწმუნდი, არსებითი სახელიც ბრუნავს, თან ისე მტკიცედ შეგიძლია ამის გაჟღერება, რომ ბრუნოსავით კოცონზე არავინ დაგწვავს.

ახლა, არ დაგეზაროს, მიდი, დაიწყე ამ ყველაფრის დამახსოვრება.💕

30/06/2026

გრამატიკა "ზარმაცებისთვის" 🙂

გაკვეთილი I
არსებითი სახელი

შენ ახლა ხელში ტელეფონი გიჭირავს და კითხულობ ამ პოსტს.
ტელეფონი საგანია და იყენებ.
პოსტი წერილია და კითხულობ.
რაც მთავარია, შენ ადამიანი ხარ და აზროვნებ.
სამივე ერთად კი სამყაროსთვის საგანია, თუმცა სხვადასხვა დანიშნულებისა და მოცემულობისა.
ამ და სხვა საგნებს კი არსებითი სახელი აღნიშნავს.
მას ორი კითხვა აქვს:
1. ვინ?
2. რა?
"ვინ?" კითხვა დაესმით მხოლოდ უფალს, წმინდანებსა და ადამიანებს.
"რა?" კითხვა -ყველა დანარჩენს, რაც კი ბუნებაში არსებობს.
ესე იგი, ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ვეხებით და ყველაფერი, რასაც ვერ ვხედავთ, თუმცა ვგრძნობთ, უფლის მიერ ნაბოძები საგნებია.
სწორედ ამ ყველაფერს სწავლობს არსებითი სახელი, #1 მეტყველების ნაწილი.

არსებითი სახელი ჯგუფებად იყოფა.
ხომ არ დაიღალე?
მიდი, ადექი და წყალი დალიე, გაიზმორე, გაიარე და მერე დაბრუნდი.
ჰო, მართლა, ამდენი რამ იმიტომ შეგიძლია, რომ სულიერი ხარ, ანუ შენი ნებით გადაადგილდები, სუნთქავ, ენერგიას იღებ.
ოთხფეხა მეგობრები გყავს?
თუთიყუში?
მათზე დაკვირვებით მიხვდებოდი, რომ სულიერი მხოლოდ შენ არ ხარ, ცხოველები და ფრინველებიც შენთან ერთად არიან.

რა გვქია?
როგორც ყველას, შენც გაქვს სახელი და ის შენ გეკუთვნის. ამიტომაც არსებობს საკუთარი სახელების ჯგუფი.
ის რომ ბავშვი ხარ, ეს უკვე შენი საზოგადო მდგომარეობაა. საზოგადო სახელებიც ამისთვის არსებობს.
გაზეთს თუ ჰქვია "ასავალ-დასავალი", ესე იგი, ზოგადი გაზეთისთვის სახელწოდება უკვე საკუთარი ხდება.

გიჭირს ამის გაგება?
ასეთია მეცნიერება, უყვარს პატარ-პატარა სირთულეები.
აი, "მეცნიერება" ისეთია, ხელს ვერ ჩამოართმევს კაცი?!
რატომ?
აბსტრაქტულია და იმიტომ. მისი მხოლოდ შემეცნება შეიძლება. ხელით ვერ შევეხებით. უნდა ვიგრძნოთ მისი გავლენა ჩვენს გონებაზე.
ადრე ნახსენები გაზეთი ან თუნდაც წიგნი ხელშესახებია და თან კონკრეტული საგანია. შეხედავ და ხვდები, რაც არის.
ასეთ არსებით სახელებს კონკრეტული სახელები ჰქვიათ.
მარტივად რომ ვთქვათ, ეხები კონკრეტულ საგანს, ხოლო უხილავად გრძნობ აბსტრაქტულ საგანს.

მარტო ხარ?
აი, როცა მარტო არ ხარ და ადამიანებთან ატარებ დროს, ხალხში ხარ.
"ხალხი" ადამიანების ერთობლიობით იქმნება და ის კრებითი ჯგუფია.
ასეთი ბევრია, მაგალითად, საზოგადოება, ჯოგი, ნახირი, რემა, კოლტი და ა.შ.

წყალი დალიე-მეთქი, რომ გითხარი, დალიე?
აი, წყალი თუ ჭიქაში არ ჩაასხი, ვერ დათვლი. ასეთ სახელებს ნივთიერებათა სახელები ჰქვია.

გიყვარს ფიქრი? კითხვა? წერა?
დააკვირდი ამ სამ სიტყვას, თითქოს მოქმედება იგრძნობა, თუმცა ასე არ არის. კითხვაც არსებითი სახელის აქვს და თვისებაც. ასეთ სახელებს მოქმედების სახელები ჰქვია.

წარმომიდგენია, როგორ გეფერება დედა, ბებია ან ვიღაც, ვისაც ძალიან უყვარხარ.
ზოგჯერ კი ვიღაც გულსაც გტკენს და შენს დამცირებას ცდილობს.
დედამ თუ "შვილიკო" დაგიძახა, გიხარია. მაგრამ თუ განაწყენებულმა თანატოლმა ჩხუბისას "კაცუნათი" მოგიხსენია, გეწყინება.
კნინობით-ალერსობითი ფორმებიც არსებითი სახელის ჯგუფში შედის.

ახლა უნდა გაგახარო, პირველი გაკვეთილი დასრულდა.
მგონი, არ იყო რთული.
ახლა თავიდან წაიკითხე და რასაც ვერ გაიგებ, მომწერე.
ერთად ვიპოვოთ ჭეშმარიტება.

Address

მარტვილი/ლეხაინდრავო
Martvili
3011

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ოთო მასწავლებელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ოთო მასწავლებელი:

Shortcuts

Share

Category