15/06/2026
მარიამ ჭეიშვილი
მუსიკოლოგი
„საუკუნოვანი სიმფონია“
მ. ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საანგარიშო კონცერტის კულისებს მიღმა.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურმა სამუსიკო სასწავლებელმა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ სცენაზე საანგარიშო კონცერტი გამართა. ყოველგვარი მიკერძოების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს საღამო არ ყოფილა სასწავლებლის განვლილი წლის უბრალოდ შეჯამება - ეს ნიჭისა და უწყვეტი შემოქმედებითი პროცესის საუკეთესო გამოვლენა იყო. სასწავლებლის ისტორია დღესაც ახალი, ცოცხალი შემოქმედებითი ძალით გრძელდება, დაარსების დღიდან ქმნის „საუკუნოვან სიმფონიას“ და უკვე ას წელზე მეტია, ქვეყნის შემოქმედებითი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ დიდი გამოწვევისა და პასუხისმგებლობის შესახებ სასწავლებლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა კიკაბიძემ ისაუბრა:
„ძალიან ემოციური დღე იყო. ჩვენ დიდხანს ვემზადებოდით, რომ „ნიჭიერთა ათწლედში“ კონცერტი ჩაგვეტარებინა. ეს სერიოზული განაცხადია, რადგან კარგად ვიცით აქაური პროფესიული სტანდარტები და თავადაც ხარისხზე მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული. ვცდილობთ, ეს აკადემიური დონე , რაც გვაქვს, არასდროს დავწიოთ.“
საანგარიშო კონცერტის პროგრამა საკმაოდ დინამიური იყო. ერთმანეთს ენაცვლებოდა სოლო, საანსამბლო, კამერული, საორკესტრო და საგუნდო ნომრები. რეპერტუარი, დაწყებული ქართული ფოლკლორული ნიმუშებიდან, მოიცავდა დასავლეთევროპულ კლასიკასა და თანამედროვე მუსიკალურ ნაწარმოებებს, რაც მსმენელისთვის პროგრამის სტილურ მრავალფეროვნებასა და მუსიკალური ფორმების საინტერესო კონტრასტს ქმნიდა. ეს კი, პირველ რიგში ასახავდა იმ ყოველდღიურ შემოქმედებით პროცესს, რომელსაც მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად წლიდან-წლამდე გადიან.
საღამოს დასაწყისშივე, განსაკუთრებული ენერგია შემოიტანა მოსწავლეთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ნაი-ნაი“ (ხელმძღვანელი ქეთევან ბანცაძე). ბავშვების მიერ ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ასეთმა ბუნებრივმა და გულწრფელმა გააზრებამ თავიდანვე ამაღლებული და გამორჩეული განწყობა შეუქმნა მსმენელს.
სოლო და საანსამბლო ნომრებში მკაფიოდ გამოჩნდა თითოეული მიმართულების სპეციფიკა - ფორტეპიანოს მონუმენტური შესაძლებლობები, სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მრავალფეროვანი საშემსრულებლო ტექნიკა. მ. ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები (ბექა ბაბუნაშვილი, ნინი სანოძე, იოსებ გერსამია, გიორგი ტალახაძე, იოანე ბაზანოვი, ანასტასია გეგეშიძე, ნია ბერაძე, თეიმურაზ მშვიდობაძე, დემეტრე გიგოლაშვილი, საბა ციბაძე, ანრი ადამია, ქეთევან ხვისტანი, ნინო ჩიხლაძე, მარიამ შუბითიძე, ანასტასია კუბლაშვილი, ელენე სინატაშვილი) თანაბარი პროფესიონალიზმით წარსდგნენ მსმენელის წინაშე. თვალსაჩინო იყო კამერული ანსამბლის კლასის როლი. აქ ყალიბდება ის სამუსიკო აზროვნება, რომელიც აუცილებელია ანსამბლში მუშაობისთვის, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გასცდნენ ინდივიდუალურ ჩარჩოებს და შექმნან ისეთი მუსიკალური დიალოგები, რომლებიც საღამოს პროგრამას განსაკუთრებულ აკადემიურ სიღრმეს ანიჭებდა.
ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია კონცერტმაისტერების (კესო ზვიადაძე, თეონა ფურცხვანიძე, ნანა გოქაძე, ირმა სინაურიძე, ლიკა ჯოჯუა, გიორგი რევიშვილი) და ილუსტრატორების (ავთანდილ ჭიქავა (ვოკალი), ნათია გაბრიაძე (ალტი), მალვინა სანიკიძე (ჩელო), ზანდა კიკვაძე (I ვიოლინო), დარეჯან ფურცხვანიძე (II ვიოლინო), ნათია თევდორაძე (ჩელო), თენგიზ გაბუნია (კონტრაბასი)) როლი. ისინი მოსწავლეებთან ერთად ნამდვილ, ცოცხალ ანსამბლებს ქმნიდნენ. პროფესიონალების გამოცდილებამ, მათ მიერ შეტანილმა ფერებმა და მუსიკალურმა ალღომ მოზარდებს, საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოსავლენად სრული თავისუფლება და სიმამაცე მისცა. ეს არ ყოფილა უბრალო „თანხლება“ - ეს იყო ძალიან თბილი და ორგანული მუსიკალური დიალოგი.
სასწავლებლის საანგარიშო კონცერტი, ყველაფერთან ერთად, პედაგოგების (მანანა კიკაბიძე, ეკა გიორგაძე, მალვინა სანიკიძე, მალხაზ მჭედლიშვილი, ლედა კანკავა, ლუბა ლომაკინა, ციცინო თოდუა, არჩილ კიბაბიძე, ლია ქურციკიძე, თენგიზ მიხელიძე, ხათუნა ჯიმშელეიშვილი, ზანდა კიკვაძე) უდიდესი წარმატებაა. თითოეული ნომრის მიღმა კლასში გატარებული უამრავი საათი, თითოეული ფრაზის, შტრიხისა თუ ინტონაციის დამუშავება და რაც მთავარია - მოზარდის ფსიქოლოგიის ზუსტი ცოდნა და პროფესიონალიზმი იგრძნობა. მათ შეძლეს ყველაზე მთავარი: მოსწავლეებს არა მხოლოდ ტექნიკური სირთულეები გადაალახინეს, არამედ სცენაზე გასვლის წინ მათში შემოქმედებითი თავისუფლება და მუსიკალური ალღო გააღვიძეს.
ინდივიდუალური კლასებიდან წამოსული ენერგია კონცერტის დასკვნით ნაწილში, საგუნდო და საორკესტრო ნომრებში გაერთიანდა. სასწავლებლის ბავშვთა გუნდმა ნათია გოგუაძის ხელმძღვანელობით (კონცერტმაისტერი კესო ზვიადაძე), გვაგრძნობინა თუ რა ძალა აქვს მუსიკას - ათობით ბავშვის ხმა და ენერგია ერთ მთლიანობად იქცა. დარბაზში მყოფ თითოეულ მსმენელს გული აუჩუყა და გულწრფელი ემოციები აჩუქა. ბოლო კი სცენა კამერულ ორკესტრს (დირიჟორი გიორგი რევიშვილი) დაეთმო. მოსწავლეებისა და გამოცდილი, პროფესიონალი მუსიკოსების ერთობლივი საშემსრულებლო პრაქტიკა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ უწყვეტ შემოქმედებით კავშირს, რომელიც სასწავლებელს უკვე თავისი ისტორიის მანძილზე მოჰყვება.
სასწავლებლის უმნიშვნელოვანეს მისიას ხაზი გაუსვა ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილემ, ბაია კოღუაშვილმა:
„მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი საუკუნეზე მეტს მოითვლის, უკვე 108 წლისაა. და მას დასაბამიდან დღემდე, ყოველთვის ჰქონდა მისია, რომ ყოფილიყო კერა, რომელიც იქნებოდა ძლიერი არტერია არა მხოლოდ ქუთაისისათვის და დასავლეთ საქართველოსთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და ამ მისიას, წლების განმავლობაში ის ღირსეულად ასრულებს. მაგალითად, ქუთაისში არსებული საბაკალავრო პროგრამა, ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ბათუმის სახელოვნებო უნივერსიტეტი მარაგდებიან ჩვენი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ბავშვებით.
ეს მისია, რომელიც მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს აქვს, რუდუნებით არის მოსავლელი და ამას, არაჩვეულებრივად ასრულებს ქალბატონი მანანა კიკაბიძე. სასწავლებლის დღევანდელი სახე, არის ანარეკლი იმ ტრადიციებისა და მაღალი საშემსრულებლო ხელოვნებისა, რაც აქ წლების განმავლობაში იყო და რომელ სასწავლებელშიც იყვნენ ისეთი კორიფეები, რომლებიც ისტორიასაც შემორჩნენ და დღესაც ასახელებენ არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ ჩვენს ქვეყანას, მის ფარგლებს გარეთ.“
ასევე, როგორც ქალბატონი მანანა კიკაბიძე აღნიშნავს, სასწავლებლის მთავარი ძალა დროში უწყვეტობამ და იმ საძირკველმა განაპირობა, რომელსაც დღესაც მყარად ეყრდნობიან.
„ერთი მხრივ, თავად სასწავლებლს აქვს უმდიდრესი ისტორია, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, როგორ ცოცხლობს ის დღეს. ჩვენი სასწავლებელი დღესაც სისხლსავსე ცხოვრებით ფეთქავს და დახუნძლულია წარმატებებით. უამრავი წარმატებული კურსდამთავრებული გვყავს, რომლებიც როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მოღვაწეობენ. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ მკვებავი, დონორი და კადრის მიმწოდებელი არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისთვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლებისა და სცენებისათვის.
უდიდესი მადლობა ეკუთვნით ჩვენს პედაგოგებს ამ ტიტანური შრომისთვის. მასწავლებლების ის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც სკოლის დაარსების დღიდან არსებობს, არასოდეს გაწყვეტილა. მელიტონ ბალანჩივაძემ სასწავლებელს ისეთი მყარი საძირკველი ჩაუყარა, რომელზეც დღესაც ამაყად ვდგავართ და, რა თქმა უნდა, ეს ასეც გაგრძელდება.“
აღსანიშნავია, რომ კონცერტს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ესწრებოდნენ.
საღამოს დასრულების შემდეგ , კულისებსა თუ დარბაზში, დიდხანს არ წყდებოდა გულწრფელი ემოციები და მოლოცვები დამსწრე საზოგადოებისგან, რომელთათვისაც ეს საღამო ნამდვილ მუსიკალურ დღესასწაულად იქცა.
„დღევანდელმა საღამომ მოლოდინს გადააჭარბა!
ნამდვილად არ ველოდი, რომ ასეთი საღამო იქნებოდა. მე ქუთაისის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, ძალიან მიყვარს. ქუთაისი ის ქალაქია, სადაც დაიბადა კულტურა, თეატრი, მუსიკა, ყველაფერი... მინდა, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ ქალაქს და ეს არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ბავშვები იყვნენ ბედნიერები.“ - თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ნოდარ ჟვანია.
„მე ყოველთვის ვამბობ - ქუთაისი რომ არ იყოს, თბილისის კონსერვატორია არ იქნებოდა. იმიტომ, რომ მაგალითად სიმებიან საკრავზე შემსრულებლებში ქუთაისელები ყოველთვის ჭარბობდნენ, ჩემს კლასშიც ძალიან ბევრია ქუთაისელი. ნიჭიერი მხარეა, მაღალი პედაგოგიური დონით და ერთობლივი მუშაობით დიდ შედეგსაც დებენ. იზრდებიან, არ დგანან ერთ ადგილას, ვითარდებიან.
დღეს მრავალმხრივი ნომრები იყო. არა მხოლოდ მევიოლინეები, როგორი მესაყვირე ვიხილეთ, ვოკალისტი, პიანისტი... ყველაფერი კარგი იყო და ასევე, დირექტორ მანანა კიკაბიძეზეც მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად მუშაობს. სულ ჩართულია პროცესში, აქტიურად, ემოციურად.
სულითა და გულით ვულოცავ. ძალიან ვისიამოვნე!“ - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხაინდრავა.
„ძალიან აღფრთოვანებული ვარ!
ძალიან ბევრი, კარგი ნომერი მოვისმინეთ, მაგალითად გუნდი, ქსილოფონზე შემსრულებელი, მევიოლინეები, ორკესტრი... დიდი მრავალფეროვნება იყო.
ნამდვილად არ მოველოდი ასეთ მასშტაბს.
ქუთაისის სასწავლებელი არაერთი წელია აქტიურად მოქმედებს და ყოველთვის იზრდება ხარისხი, მათი აქტიურობა. თბილისის კონსერვატორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემავსებელია. ქუთაისი მნიშვნელოვანი კულტურული ქალაქია.
გილოცავთ!“ - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, კომპოზიტორი გოგა შავერზაშვილი.
„ძალიან აღელვებული ვარ - სასიამოვნოდ აღელვებული. დღესასწაული მოგვიწყო ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელმა. მრავალმხრივი, მუსიკალური ნობათი მოგვართვა, დაწყებული პიანისტებით, მევიოლინეებით, ჩასაბერ საკრავებზე შემსრულებლებით, ბოლოს კი სიურპრიზი მოგვიწყვეს დიდი ორკესტრით. ეს არამც თუ პატარა ქალაქებს, არამედ დიდ ქალაქებსაც არ ხელეწიფება. რამხელა ენერგია, სიყვარულია ჩადებული იმაში, რომ ორკესტრი შეიქმნას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ორკესტრებიც კი იხურება და ამ დროს, სასწავლებელი ახერხებს იმას, რომ მისი ორკესტრი იყოს უმაღლეს დონეზე, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ სასწავლებელს და მის დირექტორს, ქალბატონ მანანა კიკაბიძესა და მთელს კოლექტივს.
საერთოდ, ოდითგანვე, ქუთაისი კულტურის კერა იყო. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს გულში ასეთი კერა არსებობს. არც ისე მსუბუქია დღევანდელს დღეს კულტურის ბედი, განსაკუთრებით - მუსიკის. მისი სიცოცხლისუნარიანობა მხოლოდ ადამიანების ენერგიაზე, მუსიკოსების გულსა და სულზე, გადის და ამ ენერგიის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია ასეთი შედეგები იქნეს მიღწეული.
წარმატებას ვუსურვებ მთელს სასწავლებელს!“ - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი მანანა გოცირიძე.
ეს შემოქმედებითი ენერგია, ურთიერთპატივისცემა და საქმისადმი უპირობო სიყვარულია ის მყარი საფუძველი, რომლითაც ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი უკვე საუკუნეზე მეტია ქმნის საკუთარ „სიმფონიას“. ეს „სიმფონია“ კი, 2026 წლის 29 მაისს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ სცენაზე მოვისმინეთ.