აწსუ-სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • აწსუ-სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური

აწსუ-სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური მიმართულებებია:
განცხადებების მიღება,
კარიერული მხარდაჭერა,
ომბუდსმენი,
ფსიქოლოგი,
ტუტორი
ALUMNI

თათია ქათამაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული2020 წელს ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უ...
17/07/2026

თათია ქათამაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

2020 წელს ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე (PBL). დღეს, ექვსწლიანი საინტერესო, მრავალფეროვანი და ამავდროულად გამოწვევებით სავსე გზის შემდეგ, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ.
ეს წლები ჩემთვის მხოლოდ პროფესიული განათლების მიღების პერიოდი არ ყოფილა. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, ჩამოვყალიბებულიყავი არა მხოლოდ მომავალ ექიმად, არამედ ადამიანად, რომელსაც შეუძლია კრიტიკულად აზროვნება, პასუხისმგებლობის აღება და მუდმივი განვითარება. მედიცინის შესწავლამ მასწავლა, რომ ექიმობა მხოლოდ ცოდნა არ არის, ეს არის ადამიანების ნდობის გამართლება, ემპათია, შრომა და საკუთარი თავის ყოველდღიური სრულყოფა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე მისი მრავალწლიანი აკადემიური ტრადიციების, პროფესიონალი აკადემიური პერსონალისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების გამო. განსაკუთრებული ინტერესი სწორედ PBL პროგრამამ გამოიწვია, რადგან ის სტუდენტს ცოდნის მექანიკური დამახსოვრების ნაცვლად კლინიკური აზროვნების, დამოუკიდებელი ანალიზისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას. დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არჩევანი სწორი იყო.
ექიმობა ჩემთვის ყოველთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე პროფესია. ეს არის შესაძლებლობა, ცოდნა და ადამიანური თანაგრძნობა ერთმანეთთან დააკავშირო და რეალური დახმარება გაუწიო ადამიანს ყველაზე რთულ მომენტებში. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ, ადამიანების დახმარების სურვილმა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობამ გადამაწყვეტინა მედიცინის არჩევა.
ჩემი პროფესიული განვითარების შემდეგი ეტაპი რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელებაა. მიმაჩნია, რომ მედიცინა მუდმივი სწავლასა და ცოდნის განახლებას მოითხოვს, ამიტომ მიზნად ვისახავ არჩეულ სპეციალობაში კვალიფიკაციის გაღრმავებას და პროფესიულ ზრდას.
სამედიცინო სფეროში მუშაობის მცირე გამოცდილება უკვე მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე არ ვარ დასაქმებული. ამჟამად ორიენტირებული ვარ პროფესიული განვითარების მომდევნო ეტაპზე და უახლოეს მომავალში ვგეგმავ საქმიანობის გაგრძელებას ჩემი სპეციალობის შესაბამისად.
ვფიქრობ, წარმატებული კარიერის საფუძველია ხარისხიანი განათლება, მუდმივი სწავლა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პროფესიული ეთიკის დაცვა და პაციენტისადმი ჰუმანური დამოკიდებულება. ამასთანავე, აუცილებელია საკუთარი ცოდნის მუდმივი განახლება, რადგან მედიცინა მუდმივად ვითარდება.
იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესია ახლა უნდა აირჩიონ, ვეტყოდი, ნუ აირჩევთ პროფესიას მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რას გირჩევენ სხვები ან რა ითვლება წარმატებულად. აირჩიეთ საქმე, რომელიც თქვენში ინტერესს, პასუხისმგებლობასა და განვითარების სურვილს აღვიძებს. როდესაც პროფესია საკუთარ ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია, შრომა მიზნად იქცევა და არა ტვირთად.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად ვესწრებოდი პროფესიულ ტრენინგებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობდა როგორც ცოდნის გაღრმავებას, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას. აღნიშნულმა აქტივობებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს პროფესიულ ზრდასა და ჩამოყალიბებაში.
უნივერსიტეტმა შემიქმნა გარემო, რომელმაც მომცა როგორც ხარისხიანი თეორიული ცოდნის მიღების, ისე პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობა.განსაკუთრებით დასაფასებელია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა, მათი მზადყოფნა, ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინათ სტუდენტებისთვის. სწორედ ამ გარემომ მომცა შესაძლებლობა, პროფესიულად უფრო თავდაჯერებული და მოტივირებული გავმხდარიყავი.
ვფიქრობ, უნივერსიტეტი წარმატებით პასუხობს თანამედროვე სამედიცინო განათლების მოთხოვნებს. მომავალში კი სასურველი იქნებოდა პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოება, კლინიკურ ბაზებზე სტუდენტების უფრო აქტიური ჩართულობა და პროფესიული ტრენინგების სიხშირის გაზრდა. მსგავსი ინიციატივები სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა კიდევ უფრო ეფექტურად გადაიტანონ პრაქტიკაში და პროფესიული საქმიანობისთვის უკეთ მომზადებულები შეხვდნენ მომავალ გამოწვევებს.

მარიამ შვანგირაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულიაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩ...
16/07/2026

მარიამ შვანგირაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან იგი გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებით, მდიდარი ტრადიციებითა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი გარემო, სადაც პროფესიონალი ლექტორები სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას გადასცემენ, არამედ უზიარებენ ღირებულებებს, რომლებიც ჰუმანიტარული სფეროს განვითარებისთვისაა აუცილებელი. ეს უნივერსიტეტი გახდა სივრცე, სადაც ჩემი აკადემიური და პიროვნული ზრდა ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს.
ქართული ენა და ლიტერატურა შევისწავლე იმიტომ, რომ ყოველთვის მაინტერესებდა ჩვენი კულტურული იდენტობის ფუნდამენტის კვლევა. მჯერა, რომ სწორი ლიტერატურული ანალიზითა და ენის სიღრმისეული წვდომით შესაძლებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. მინდოდა ისეთი პროფესია, რომელიც არა მხოლოდ კარიერულად წარმატებისკენ მიმიყვანდა, არამედ ჩემი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაზეც იქნებოდა ორიენტირებული.
ამჟამად, სწავლის პარალელურად, უკვე ორი წელია ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურში. ეს გამოცდილება ჩემთვის ძალზე ღირებულია, რადგან მაძლევს შესაძლებლობას, თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო, განვივითარო ორგანიზაციული უნარები და უკეთ გავიგო თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს მოთხოვნები. ჩემი მიზანია, მომავალშიც ვიყო ჩართული იმ პროექტებსა და ინიციატივებში, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების აქტივობას, მათი პოტენციალის რეალიზებასა და უნივერსიტეტის განვითარებას.
ვფიქრობ, წარმატებული კარიერული გზის საფუძველი არის უწყვეტი განვითარება, შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი. მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის — მნიშვნელოვანია იყო ინოვაციური, გქონდეს კრიტიკული აზროვნება და ახალ გამოწვევებთან ადაპტაციის უნარი.
ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგანან პროფესიის არჩევის წინაშე, ვურჩევდი, გადაწყვეტილება მიიღონ საკუთარი ინტერესებისა და ნიჭის გათვალისწინებით. მთავარია, აირჩიონ საქმე, რომელიც მათ შთაგონებას მისცემთ. სწორედ საკუთარი გზის პოვნა და მასში სულის ჩადება არის ის, რაც ადამიანს პროფესიულად და პიროვნულად ამაღლებს.

ფსიქოლოგიური წიგნების კვირეული სტუდენტთა აქტიური ჩართულობითსტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ფსიქოლოგის,...
29/06/2026

ფსიქოლოგიური წიგნების კვირეული სტუდენტთა აქტიური ჩართულობით

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ფსიქოლოგის, ლალი ნაკაშიძის ინიციატივით, გაიმართა „ფსიქოლოგიური წიგნების კვირეული“, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა.
კვირეულის ფარგლებში სტუდენტებმა წარადგინეს და განიხილეს ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და სოციალური ფილოსოფიის სფეროს გამორჩეული ავტორებისა და მოაზროვნეების ნაშრომები. განხილულ წიგნებს შორის იყო: ზიგმუნდ ფროიდის „მასების ფსიქოლოგია და მე-ს ანალიზი“, ერიხ ფრომის „თავისუფლებისაგან გაქცევა“, „ადამიანის კეთილი და ბოროტი სული“ და „სიყვარულის ხელოვნება“, კარლ როჯერსის „მე-ს კონცეფცია“, ლუიზა ჰეის „წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ“, გაბორ მატეს „რა არის ნორმალური? — მითი თუ სინამდვილე“, ირვინ იალომის „სიყვარულის ჯალათი“, ვიქტორ ფრანკლის „ვუთხრათ სიცოცხლეს – დიახ“, ასევე ნიკოლო მაკიაველის „მთავარი“.
წარმოდგენილი ლიტერატურა თანამედროვე ადამიანის პიროვნული განვითარების, ხასიათის სტრუქტურის, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედებისა და საზოგადოებაში ინდივიდის ადგილის გააზრებას ეხება. აღნიშნული ნაშრომების კვლევის მთავარი ობიექტი ადამიანია - მისი შინაგანი სამყარო, მოტივაციები, ქცევა და საზოგადოებრივ გარემოსთან ურთიერთობა.
ინიციატივის მიზანი იყო სტუდენტების მეტი დაინტერესება როგორც XX საუკუნის კლასიკური, ისე თანამედროვე მოაზროვნეების იდეებით, კრიტიკული აზროვნების განვითარება და ცნობიერების გამდიდრება. მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდების სოციალიზაციას, პროფესიული მოტივაციის ამაღლებას, თვითშემეცნებასა და იმ უნარების განვითარებას, რომლებიც თანამედროვე გარემოში წარმატებული ადაპტაციისთვის აუცილებელია.
დამამთავრებელი კურსის სტუდენტები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესით, პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერებით ჩაერთნენ. მათი აქტიური მონაწილეობა ადასტურებს, რომ ახალგაზრდები აცნობიერებენ პიროვნული განვითარების მნიშვნელობას და იზიარებენ ერიხ ფრომის ცნობილ მოსაზრებას: „ადამიანის ხასიათის სტრუქტურა არა მხოლოდ მის აზრებსა და გრძნობებს, არამედ მის ქცევასაც განსაზღვრავს.“
„ფსიქოლოგიური წიგნების კვირეული“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სტუდენტთა ინტელექტუალური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, რომელმაც მონაწილეებს ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა.

შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: „დასაქმების პერსპექტივები“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა დ...
04/06/2026

შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: „დასაქმების პერსპექტივები“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2026 წლის 3 მაისს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „დასაქმების პერსპექტივები“. შეხვედრას უძღვებოდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები: გიორგი სირბილაძე და ლიკა დევდარიანი.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება თანამედროვე შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციების, დასაქმების შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელობის შესახებ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა განიხილეს მოთხოვნადი პროფესიები, კარიერული დაგეგმვის ძირითადი პრინციპები და ის კომპეტენციები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტუნარიანი პროფესიული პროფილის ჩამოსაყალიბებლად.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამუშაოს ძიების ეფექტური მეთოდების, რეზიუმეს (CV) და სამოტივაციო წერილის მომზადების სტანდარტების, ასევე დამსაქმებელთან წარმატებული კომუნიკაციის მნიშვნელობის შესახებ.
ღონისძიების პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა იმიტირებულ გასაუბრებას, რომლის დროსაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში გამოეცადათ საკუთარი უნარები. მონაწილეები გაეცნენ გასაუბრების პროცესში ხშირად დასმულ შეკითხვებს, მიიღეს პროფესიული რეკომენდაციები და პრაქტიკული რჩევები საკუთარი გამოცდილებისა და შესაძლებლობების ეფექტიანად წარმოჩენის მიზნით.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტთა კარიერული ცნობიერების ამაღლებას, დასაქმების ბაზარზე არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და მათი პროფესიული კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობას. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტების პროფესიულ ორიენტაციასა და შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციის პროცესში.

საჯარო ლექცია: „ქრისტიანობა - 2000 წლოვანი მემკვიდრეობა და 1700 წელი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან საქართველოში“202...
28/05/2026

საჯარო ლექცია: „ქრისტიანობა - 2000 წლოვანი მემკვიდრეობა და 1700 წელი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან საქართველოში“

2026 წლის 28 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აწსუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის იდეითა და ორგანიზებით, აწსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა და ამავე ფაკულტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე: „ქრისტიანობა - 2000 წლოვანი მემკვიდრეობა და 1700 წელი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან საქართველოში“.

საჯარო ლექციას, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, დაესწრნენ უნივერსიტეტის პროფესურის წარმომადგენლები და სტუდენტები.

მარიამ მაღლაკელიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულითავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ აკაკი წერეთლ...
15/05/2026

მარიამ მაღლაკელიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. იგი, როგორც უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო კერა, სტუდენტებს სთავაზობს მათზე ორიენტირებულ, თანამედროვე გამოწვევებზე მორგებულ, ხარისხიან სასწავლო გარემოს, სადაც თითოეულ ჩვენგანს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს ღრმა თეორიული ცოდნა და გამოიმუშავოს აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
ჩემთვის სამართლის სპეციალობის არჩევა და, შესაბამისად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლის გაგრძელება კარგად გაცნობიერებული გადაწყვეტილება იყო. ზოგადად, გერქვას ღირსეული იურისტი საკმაოდ დიდ ძალისხმევას, შრომას, მუდმივად განვითარებაზე ფიქრს, ახლის ძიებას, პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და იმ უნარ-ჩვევების მთელ წყებას მოითხოვს, რომელთა ჩამოყალიბებაში უზარმაზარ როლს, სწორედ რომ, უნივერისტეტი თამაშობს. ამ მხრივ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტი ნამდვილად გამორჩეულია.
უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ შესაძლებლობა მომცა, მონაწილეობა მიმეღო არაერთ ადგილობრივ, ეროვნულ თუ საერთაშორისო კონკურსში, ლექცია-სემინარებში, ტრენინგ-კურსებსა და კონფერენციებში. არაერთხელ მომიპოვებია საპრიზო ადგილი. სწავლის პერიოდში შესაძლებლობა მქონდა სტაჟირება გამევლო სხვადასხვა დაწესებულებაში. მრავალი პროექტის ფარგლებში გამეზიარებინა საკუთარი ცოდნა სხვებისთვის.
ამ ყოველივეს პარალელურად კი, მუდმივად ვგრძნობდი უნივერსიტეტის თანადგომას, მუდმივ მზაობას ხელი შეეწყოთ აქტიური სტუდენტებისთვის და წაეხალისებინათ მათი მონდომება.
ამჟამად ვსწავლობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
ჩემთვის ნამდვილად საამაყოა ის ფაქტი, რომ მშობლიურმა უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი პროფესიით დავსაქმებულიყავი ამავე უნივერსიტეტში და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში გამეგრძელებინა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა.
ახალგაზრდებს, რომელთაც ახლა უნდა აირჩიონ პროფესია, ვურჩევდი, რომ კარგად აწონ-დაწონონ საკუთარი ინტერესები, შეაფასონ მათი უნარ-ჩვევები, სამომავლო მიზნები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება კონკრეტული პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება ადგილი, რომელიც მოგცემთ პიროვნული და პროფესიული ზრდის საშუალებასა და რეალურ შესაძლებლობას.

ანა კიკალიშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულიაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე...
06/05/2026

ანა კიკალიშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან იგი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ავტორიტეტული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ხარისხიან განათლებასა და განვითარების მრავალ შესაძლებლობას. უნივერსიტეტში დამხვდა ძლიერი აკადემიური გარემო, პროფესიონალი ლექტორები და თანამედროვე სასწავლო მიდგომები, რაც მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა ჩემი ცოდნის გაღრმავებისა და პიროვნული განვითარებისათვის.
ეკონომიკის მიმართულება იმიტომ ავირჩიე, რომ ეს სფერო საინტერესო, აქტუალური და მრავალმხრივია. ეკონომიკა გვასწავლის, როგორ მუშაობს ბიზნესი, ფინანსური სისტემა და ქვეყნის ეკონომიკა, როგორ მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რა გავლენას ახდენს ისინი საზოგადოების განვითარებაზე. ეს სფერო ყოველდღიურ ცხოვრებასთან ძალიან ახლოს დგას და მუდმივად გვაძლევს ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას.
სწავლის პერიოდში მაინორად არჩეული მქონდა ბიზნეს ადმინისტრირება, რადგან განსაკუთრებით მაინტერესებდა მენეჯმენტი, ორგანიზაციების მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა და წარმატებული ბიზნესის შექმნის საფუძვლები. ასევე საინტერესო იყო ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხები და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მომავალში მაგისტრატურაზე სწავლას ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით გავაგრძელებ.
უნივერსიტეტში სწავლისას აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა პროექტებსა და კონფერენციებში, რაც დამეხმარა საჯარო გამოსვლებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში. ასევე ვიყავი პრეზიდენტის სტიპენდიანტი, რაც ჩემთვის დიდი მოტივაცია და შრომის დაფასება იყო.
ამ ეტაპზე საკუთარი პროფესიით არ ვმუშაობ, თუმცა ვფიქრობ, რომ მიღებული განათლება და გამოცდილება მომავალში აუცილებლად დამეხმარება პროფესიულ განვითარებასა და წარმატების მიღწევაში.
ჩემი აზრით, წარმატების მთავარი საფუძველია მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, მუდმივი განვითარება და საკუთარი საქმის სიყვარული. მომავალ თაობას ვურჩევდი, პროფესიის არჩევისას გაითვალისწინონ საკუთარი ინტერესები, შესაძლებლობები და სამომავლო მიზნები. როდესაც ადამიანი აკეთებს გააზრებულ არჩევანს და სწავლობს საყვარელ საქმეს, წარმატების მიღწევაც ბევრად უფრო რეალური ხდება.

სალომე ბობოხიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულიაკაკი წერეთლის სახემწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის ...
06/04/2026

სალომე ბობოხიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახემწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, პროგრამებისა და სამეცნიერო მიმართულებების ფართო სპექტრით. სწავლების ხარისხიდან და დიდი ისტორიიდან გამომდინარე, უნივერსიტეტს აქვს ძალიან მაღალი ავტორიტეტი და რეპუტაცია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე განათლების მიღება ამ უნივერსიტეტში .
პროფესიული არჩევანი განპირობებულია ჩემი მშობლიური ენისადმი განსაკუთრებული სიყვარულით — სურვილით, შევისწავლო მისი სიღრმე და ეს სილამაზე სხვებსაც გავუზიარო.
გასულ წელს დავასრულე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა და წელს ვაპირებ სწავლა გავაგრძელო მაგისტრატურის საფეხურზე .
ამ ეტაპზე საკუთარი პროფესიით არ ვმუშაობ, თუმცა კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, ჩემს თავს, რა თქმა უნდა, მასწავლებლად ვხედავ .
ჩემი წარმატებული კარიერული გზა საწყისს იღებს ჩემი პროფესიის სიყვარულიდან, მუდმივი სწავლისა და თვითგანვითარების სურვილიდან, პასუხისმგებლობისა და ინიციატივის უნარიდან. ეს საფუძველი მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი მიზნები თავდაჯერებულად განვახორციელო.
პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია პიროვნული ინტერესებისა და უნარების გათვალიწინება, რაც უზრუნველყოფს კარიერულ წარმატებასა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი საერთაშორისო პროექტებსა და კონფერენციებში, რაც საშუალებას მაძლევდა, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიმეღო.
ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის მზად იყო ხელი შეეწყო სტუდენტების მიერ დაორგანიზებული ნებისმიერი აქტივობისთვის.

ამანდა ტყეშელაშვილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულიაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავი...
02/04/2026

ამანდა ტყეშელაშვილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე იმიტომ, რომ ის ჩემთვის მხოლოდ განათლების მიღების სივრცე არ იყო - ეს იყო ადგილი, სადაც უნდა ჩამოყალიბებულიყო ჩემი პროფესიული იდენტობა. აქ ვიპოვე გარემო, სადაც ცოდნა არ შემოიფარგლება თეორიით, არამედ ცოცხლდება პრაქტიკაში, ადამიანებთან ურთიერთობაში და პასუხისმგებლობაში. სწორედ ეს უნივერსიტეტი გახდა ჩემი პროფესიული ზრდის საწყისი პლატფორმა.
მედიცინა ჩემთვის არჩევანი არ ყოფილა - ეს იყო შინაგანი გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობა ადამიანის სიცოცხლის წინაშე. მე ავირჩიე პროფესია, სადაც ყოველი გადაწყვეტილება შეიძლება ადამიანის ბედს ცვლიდეს. ექიმობა ნიშნავს არა მხოლოდ დაავადების მკურნალობას, არამედ იმედის დაბრუნებას მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს.
2025 წელს გავაგრძელე სწავლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამაზე - საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა.
ამავდროულად, ველოდები ერთიანი დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო პროგრამაში ჩართვას და აქტიურად ვარ ჩართული კლინიკურ პრაქტიკაში, რაც საშუალებას მაძლევს, თეორიული ცოდნა ყოველდღიურად გადავიტანო რეალურ პაციენტებთან მუშაობაში.
ამჟამად ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, საბაზისო და პრეკლინიკური მედიცინის დეპარტამენტში ( ვარ მოწვეული სპეციალისტი).
ამავდროულად, ვმუშაობ კლინიკაში უმცროსი ექიმის პოზიციაზე, სადაც ყოველდღიურად ვარ ჩართული პაციენტებზე ზრუნვისა და მკურნალობის პროცესში.
ჩემი კარიერული გზის საფუძველია უწყვეტი განვითარება, დისციპლინა და პასუხისმგებლობა. მედიცინა არის სფერო, სადაც ცოდნა ყოველდღიურად განახლებას საჭიროებს, და წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზად ხარ მუდმივად ისწავლო. ასევე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ემპათიას - რადგან პაციენტისთვის ექიმი მხოლოდ პროფესიონალი კი არა, ხშირად იმედის ბოლო წერტილია. ჩემი სტუდენტური და პროფესიული გზა მჭიდროდ იყო დაკავშირებული პრაქტიკასთან - დავესწარი არაერთ ოპერაციას და დღემდე აქტიურად ვარ ჩართული პაციენტებზე ზრუნვის პროცესში. პარალელურად, ვმართავ სამედიცინო თემატიკის სოციალურ პლატფორმებს, სადაც ვუზიარებ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ მედიკოსებს. ჩემთვის ცოდნა მაშინ იძენს ღირებულებას, როცა ის გაზიარებულია.
იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვეტყვი, რომ აირჩიონ პროფესია არა მხოლოდ გონებით, არამედ გულით. განსაკუთრებით მედიცინაში - ეს არ არის მხოლოდ კარიერა, ეს არის ცხოვრების გზა. თუ მზად ხარ, საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღო და ყოველდღე განვითარდე, მაშინ ეს გზა შენთვისაა. არასოდეს შეგეშინდეთ დიდი მიზნების - სწორედ ისინი გვზრდიან.
სტუდენტობის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული როგორც საუნივერსიტეტო, ისე ქვეყნის მასშტაბის კონფერენციებსა და საგანმანათლებლო პროექტებში. ეს გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მაძლევდა შესაძლებლობას, ცოდნა გამეზიარებინა და ამავე დროს ახალი ცოდნა მიმეღო პროფესიონალებისგან.
უნივერსიტეტი ყოველთვის იყო სივრცე, სადაც ინიციატივა ფასდება. მქონდა შესაძლებლობა, აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო და აკადემიურ პროცესში, მათ შორის სტუდენტთა ტუტორობის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემი პროფესიული განვითარების გზაზე.

შეხვედრა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან2026 წლის 14 იანვარს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვით...
16/01/2026

შეხვედრა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან

2026 წლის 14 იანვარს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა: მარიამ ლანჩავამ და ნინო გაჩეჩილაძემ ჩაატარეს შეხვედრა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს გააცნეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ სივრცეში ქცევის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეთიკის კოდექსის ძირითად პრინციპებზე, მათ შორის აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვაზე, ურთიერთპატივისცემაზე, პასუხისმგებლობაზე, სამართლიანობასა და პროფესიულ ქცევაზე. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ სტანდარტების შესახებ, რომლებიც არეგულირებს უნივერსიტეტის წევრთა ურთიერთობებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო, სამართლიან და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ განმარტებები ეთიკის კოდექსის პრაქტიკულ მნიშვნელობასა და მის როლზე აკადემიურ ცხოვრებაში.

Address

ტ. ტაბიძის #18
Kutaisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აწსუ-სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to აწსუ-სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური:

Shortcuts

Share