01/09/2025
გიდელი
წნული ჭურჭელის სახეობა. წვნა კაცობრიობის კულტურის უძველესი მონაპოვარია, იგი წინ უსწრებდა ქსოვას, რომელიც მისგან განვითარდა. წვნასთანაა დაკავშირებული აგრეთვე კაცობრიობის კულტურის ისეთი მონაპოვარიც, როგორიცაა მეთუნეობა. მეთუნეობა ყველგან ალბათ იმის შედეგად გაჩნდა, რომ დაწნულ ან ხის ჭურჭელს თიხით ლესავდნენ, რათა ცეცხლგამძლე გაეხადათ. ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში წვნის აღმნიშვნელი ტერმინია თხზვა. ეს ტერმინი დღეისათვის მხოლოდ აჭარულ დიალექტშია შემონახული.
წნული ჭურჭლის დასამზადებლად იყენებენ, უპირატესად ტირიფს და მის სახესხვაობებს - ძეწნას, მდგნალს, წნორს, მანეულს, აგრეთვე - თხილს, შვინდს, უზანს, სიმინდის ფუჩეჩსა და პურის ნამჯას. საქართველოში გავრცელებული წნული ჭურჭლებიდან ფორმითა და ფუნქციით საყურადღებოა მოგრძო, ძირწაწვეტებული უყურო გოდორი - გიდელი. იგი მაღლარი ვენახისა და ხილის საკრეფი ჭურჭელია.
გიდელს ამზადებენ წნელისა და ტკეჩისგან. გავრცელებულია გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, ლეჩხუმში, ქვემო იმერეთსა და სხვაგან. გიდელის მთავარი საყრდენი წაბლის, მუხის ან ქორაფის ღეროა, რომელსაც ცეცხლზე ათბობენ და ოთხივე მხრიდან ტკეჩებს აცლიან. ღეროს შუაში დარჩენილ ხის გულს ჭრიან და მის ქვედა ნაწილს გიდელის ფსკერად ტოვებენ. გურიაში მას კუშტული ჰქვია, ლეჩხუმში - მუჯურო, აჭარაში - კუნჭულო, სამეგრელოში - კურსული. გიდელის საწნავ ტკეჩს ასე ამზადებენ: საშუალო სისქის დანით ჩაჭრიან, მუხლზე მოხრიან და მარჯვენა ხელის შუა თითის დახმარებით თანდათან ზოლებად შლიან. გიდელის წვნა იწყება ფსკერიდან. გიდელის საყრდენს წვრილი ტკეჩი ჯვარედინად გადაეწვნება. წვნა ხორციელდება მარჯვნიდან მარცხნივ. შუა ნაწილში გიდელი ოდნავ ფართოვდება, რისთვისაც მსხვილ ტკეჩს უმატებენ. გიდლის თავსაც მსხვილ ტკეჩს შემოაწნავენ. თავზე უკეთებენ თოკის სახელურს, რომელზეც ხის კავი - ღვანღვალი - არის მიმაგრებული ტოტზე გიდლის ჩამოსაკიდებლად.