07/08/2026
#18წელიაგვისტოსომიდან
ამ დღეს სიმბოლურად ვეხმიანებით სივრცის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსის #წიგნიდანდაწყებულიამბავი ერთ-ერთი გამარჯვებულის და სივრცის რჩეულის, იოსებ ჭულუხაძის მოთხრობით "ტყვიაგაუმტარი მეხსიერება"
***
თბილისში, ვიწრო ოთახში, სადაც მზის სხივები მტვრის ნაწილაკებს შორის ძლივს იკვლევენ გზას, თაროზე ერთი წიგნი დევს. ის არ ბრწინავს მოოქროვილი ასოებით და არც ძვირფასად მოჩუქურთმებული ყდით, მისი გვერდები კი აგვისტოს მზესავით გაყვითლებულა, წიგნს ისეთი თავისებური სურნელი დაჰკრავს, როგორსაც დრო და უსაშველო ტკვილი ტოვებს. ოთახში სიჩუმეს დაუსადგურებია. ოდნავ გაღებულ სარკმელში ყოყმანით შემოპარული სინათლის ვიწრო ზოლი ძველ ფიცრებს ეხება და კედლებზე მოცეკვავე აჩრდილებს სახავს, როგორიც ბავშვობისდროინდელი სიზმრებიდან გვახსოვს.
ეს წიგნი მამაჩემის ერთადერთი „საკუთრებაა“, რომელიც მან კეხვიდან წამოიღო. როდესაც ვეკითხები, რატომ მაინცდამაინც ეს წიგნი, ის დუმს. მის თვალებში მაშინ ლიახვი იწყებს დინებას, ისეთივე მღვრიე და დამძიმებული, როგორიც იმ საბედისწერო დღეს იყო. მას ახსენდება ის დილა, როცა ჰაერი ჯერ კიდევ ბაღებიდან მოსული ნამითა და სიმწიფის სურნელით იყო გაჟღენთილი. მაშინ ცხოვრება უდარდელი და ლაღი გახლდათ, პაპაჩემის დინჯი ნაბიჯები ეზოში და ის სიმშვიდე, რომელიც მხოლოდ საკუთარ მიწაზე ყოფნას მოაქვს. მისი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება: „წიგნი მხოლოდ საკითხავი არაა, ის თავშესაფარია“. მამას თავიდან უბრალო მეტაფორად ეჩვენებოდა, ვიდრე ეს ყველაფერი თავად არ გამოცადა. შორიდან მომავალი გუგუნი გაისმა, შემდეგ კი ცა გაირღვა... ეს იყო საბედისწერო 8 აგვისტო.
მას შემდეგ 18 წელი გავიდა. მამა მაშინ 20 წლის იყო. კეხვი, ატმისა და ვაშლის ბაღების სურნელებით გაჟღენთილი სამოთხე ერთ დღეს ფერფლისა და ტყვიის კორიანტელში ჩაიძირა. ცა მეტალის წვიმამ დაფარა და მეზობელი ეზოდან მომავალი ბავშვის ნაცნობი გულიანი სიცილი ჭურვის აფეთქების ხმამ შეცვალა. არჩევანის დრო აღარავის ჰქონდა. ადამიანები გარბოდნენ იმით, რაც ხელთ მოხვდებოდათ: ზოგს საბუთები მიჰქონდა, ზოგს- ოჯახის წმინდა ხატები, ზოგი-მხოლოდ საკუთარი შიშის ამარა.
მამა თავის ოთახში შევარდა, კედლები საგრძნობლად ზანზარებდა, სარკმლიდან მოჩანდა, როგორ იწვოდა სოფლის განაპირას პირველი სახლი. მან თვალი მოჰკრა ძველ, ტყავგადაკრულ წიგნს, რომელიც პაპაჩემის ნაქონი ყოფილა, ნაჩუქარი იმ იმედით, რომ სიტყვა იარაღზე უფრო ძლიერია. იმ ქაოსში, სადაც სიკვდილი დამშეული ნადირივით დაძრწოდა სოფელში, მამამ ზურგჩანთაში ეს წიგნი ჩადო. ერთი შეხედვით, ეს ლოგიკურ გადაწყვეტილებას არ ჰგავდა, მას წამითაც არ უფიქრია, რომ დაამძიმებდა ან რომ პურის ადგილიც არ დარჩებოდა, ეს ინსტიქნტი იყო, გადაერჩინა ის, რასაც მტერი ვერასდროს გაანადგურებდა: ენა, ისტორია და საკუთარი იდენტობა.
სოფელ ერედვის შემოვლით გზაზე ჰაერი ლითონის ნამსხვრევებით იყო გაჯერებული. უცაბედმა აფეთქებამ მამაჩემი მიწაზე დაანარცხა. წამით ყველაფერი გაიყინა. მხოლოდ წიწილებივით დაფანტული ადამიანების განწირული გოდება ისმოდა. მამამ ზურგზე სიმძიმე იგრძნო, ალაგ-ალაგ სისხლი მოსდიოდა. დრო გაიწელა. გზა უდანაშაულოთა სისხლით ირწყვებოდა. ცხინვალიდან თბილისისკენ მიმავალ სამშვიდობო გზას რომ დაადგნენ და მამამ ჩანთა გახსნა, გაქვავდა. ტყვიის ნამსხვრევები, რომელიც მის ხერხემალში უნდა გაჩხერილიყო, წიგნს მოხვედროდა. ლითონის ნაწილები პირდაპირ შუაგულში იყო გაჭედილი. ტყვიამ გახვრიტა ყდა, გაკვეთა ასობით გვერდი და ზუსტად იქ შეჩერდა, სადაც სამშობლოზე დაწერილი სიტყვები იწყებოდა. სიტყვამ ტყვია გააჩერა, ქაღალდმა- სიკვდილი. ლიტერატურა ზოგჯერ ფიზიკურ ფარადაც იქცევა- ხოლმე.
დღეს, როცა ამ წიგნს ვშლი, თითებს ამ ნაიარევზე ვუსვამ, რომელიც წიგნმა მამაჩემის ნაცვლად მიიღო. ზედ კეხვის მიწის მტვერი კიდევ შერჩენია. ახლა, ყოველთვის, როცა ჩემს სოფელზე ვფიქრობ, მახსენდება არა მხოლოდ დაკარგული ეზო და დამწვარი სახლი, არამედ ეს წიგნიც. ის დროებით იქ დაბრუნების ბილეთია. ხშირად მეჩვენება, რომ თუ ამ წიგნის გახვრეტილ ფურცლებში ჩავიხედავ, იქიდან კეხვის ცას დავინახავ, ისეთივე ლაჟვარდისფერს, როგორიც მამას ახსოვს. იქიდან ლიახვის ჩუხჩუხი შემომესმება- ხოლმე, და იმ გაზაფხულზე აფეთქებული ბაღების საოცარ სურნელს ვიგრძნობ, რომელიც ახლა სხვის ფერხთქვეშ ითელება.
ოკუპაცია მხოლოდ მიწის წართმევა როდია. ოკუპაცია მეხსიერების წაშლის მცდელობაა, მაგრამ სანამ ჩვენი სახლის თაროებზე ასეთი „დაჭრილი’’, მრავალჭირვარამგადანახადი წიგნები ინახება, სანამ ჩვენ მათ ვკითხულობთ და სათუთ ნაიარევზე ვეფერებით, კეხვი ოკუპირებული არ არის. ის მუდამ ცოცხალია. ის სუნთქავს ყოველ წერტილსა და მძიმეში. ჩემი ამბავიც სწორედ ამ წიგნიდან დაიწყო, რომელმაც მამაჩემის სიცოცხლე და ჩემი მომავალი გადაარჩინა. მე მჯერა, რომ ეს ნაწიბურიანი წიგნი ჩემს შთამომავლობასაც გადაეცემა, როგორც დასტური იმისა, რომ სულიერებას მატერიალური ნგრევა ვერ აზიანებს. მე მჯერა, რომ ერთ დღეს, როცა კეხვისკენ მიმავალ გზაზე მტვერი დაილექება, მე ამ წიგნს თან წავიღებ. მივიტან იმ ნანგრევებთან, სადაც ოდესღაც მამა-პაპის სახლი იდგა, გადავშლი და ხმამაღლა წავიკითხავ. იმ დღეს საბოლოოდ შეუხორცდება ნაიარევი, რადგან სიტყვა ყოველთვის ბრუნდება იქ, საიდანაც წარმოიშვა. ჩვენი სახლი არ დარჩენილა იქ, მავთულხლართებს მიღმა, ჩვენი სახლი ამ წიგნშია და სანამ ვკითხულობთ, ჩვენი სამშობლო დაუმარცხებელია.
23 აპრილი, 2026 წელი
#ახალგაზრდები