14/01/2025
მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში გილოცავთ ძველით ახალ წელს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, უფლის წყალობა გჰონოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
გრძელდება ჩვენი შეხვედრები. გუშინ 13 იანვარს, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, ყველასაგან გამორჩეული და საამაყო პიროვნების, შორული ნაოსნობის კაპიტნის ბეჟან ძირკვაძის გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა. ჩვენ მის ოჯახს ვესტუმრეთ და ჩვენთვის საყვარელ გუგული მასწავლებელს (საგინაძე) ძველით ახალი წელი მივულოცეთ. გთავაზობთ მათ მოკლე ავტობიოგრაფიას.
ბეჟან ალექსანდრეს ძე ძირკვაძე დაიბადა 1951 წლის 10 ივნისს ხულოს რაიონ სოფელ დიოკნისში. 1968 წელს დაამთავრა დიოკნისის საშუალო სკოლა, ხოლო 1973 წელს კი - ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანის ფაკულტეტი.
1974 წელს თავდაპირველად მუშაობა დაიწყო საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველოს გემზე “Тбилиси“ - მატროსად, შემდეგ „Руслан“ -ისა და „Сакартвело“- ს კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ. 1977 წელს დაბრუნდა “Тбилиси“-ზე და კაპიტნის უფროსი თანაშემწე გახდა.
1978 წლიდან უკვე გამოცდილი შორეული ნაოსნობის შტურმანი გადადის საქართველოს საზღვაო სანაოსნოსნოში და მუშაობას აგრძელებს საზღვაო სანაოსნო ფლოტში. სხვადასხვა დროს ცურაავდა სანაოსნოს გემებზე: „Художник Владимир Серов“ (1981), „Анаклиа“ (1982), „Чкалов“ (1983), „Аспиндза“ (1988), „Илиа Чавчавадзе“ (1991), „Большевик Камо“- ზე. 1993 წლიდან კი ჯერ ტანკერ „Ахалцихе“-ზე, 1994-1997 წლებში კი უკვე უცხოური დროშის ქვეშ მცურავი “Кобулети”-სა და „Yusup K“-ს კაპიტნის უფროს თანაშემწედ ცურავდა.
ზღვაში საქმიანობის პარალელურად 1990 წლიდან სწავლობდა ქ. ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში. 1994 წელს დაასრულა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია და მიიღო უმაღლესი განათლებასპეციალობით გემთწამყვანობა საზღვაო გემებზე.
1999 წელს გამოცდილმა შტურმანმა კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორიშო სერთიფიკატი მიიღო და გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი და ტანკერ „Bakradze-ს მეთაურობა ჩაიბარა.
2000 წლიდან გარდაცვალებამდე შორეული ნაოსნობის კაპიტანი ბეჟან ძირკვაძე სხვადასხვა უცხოური კომპანიების გემებზე საქმიანობდა. უკანასკნელად ზღვაში იგი ბერძნული სანაოსნო კომპანია „Lotus Shipping Company-ს ტანკერ „ESTELLA”-ზე წავიდა. სწორედ ამ გემზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად იგი 2006 წლის 13 იანვარს გარდაიცვალა ნიგერიის პორტ ლაგოსში.
დაკრძლულია ხელვაჩაურში.
გუგული საგინაძე დაიბადა 1952 წლის 19 აპრილს, ხულოს რაიონ სოფელ დიოკნისში. 1957 წელს სწავლა დაიწყო დიოკნისის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1968 წელს. 1972 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისში პიონერ მუშაკთა რესპუბლიკურ სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1973 წელს და მიიღო საშუალო სპეციალური განათლება. 1976-1992 წლებში მუშაობდა სოფელ დიოკნისის საშუალო სკოლაში უფროს პიონერ ხელმძღვანელად.
გუგული საგინაძემ და ბეჟან ძირკვაძემ 1977 წელს იქორწინეს და ლამაზი ქართული ოჯახი შექმნეს. ჰყავთ ორი ვაჟი - ზაზა ძირკვაძე, მუშაობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს პირადი დაცვის პირველი განყოფილების უფროსად, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი; მალხაზ (თოლია) ძირკვაძე, მუშაობს ბათუმის სანავსადგურო ფლოტი: "თამარა 1, "თამარა 2" უფროს მექანიკოსად, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ამჟამად გუგული საგინაძე დამსახურებული პენსიონერია. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ მას.