05/08/2026
ბავშვობაში დაბრუნება
ჩემს ბავშვობასთან დაკავშირებული ყველაზე თბილი მოგონებები ჯინალის მთას უკავშირდება. როცა ზაფხულობით ბებიას დავყვებოდი მთაში, ყოველი დღე პატარა დღესასწაულს ჰგავდა. ახლაც თვალწინ მიდგას იელებიანი სერის ძირას ჩამომავალი პატარა, ანკარა მდინარე, რომლის ჩუხჩუხი მთის სიჩუმეს საოცარ სიცოცხლეს მატებდა.
მემთეურ ქალებს ტაშტებით სარეცხი იმ მდინარესთან გაჰქონდათ. მეც ბებიას გვერდით მივყვებოდი, თითქოს დიდი საქმის მონაწილე ვყოფილიყავი. სარეცხს ერთად ვრეცხავდით, მერე კი ახლომდებარე მწვანე მინდორზე ვფენდით. სანამ მზის სხივები ტანსაცმელს გააშრობდა, დრო შეუმჩნევლად გადიოდა. ვსაუბრობდით, ვიცინოდით, ვთამაშობდით, ვოხუნჯობდით... იქ ყოველი წუთი ბავშვური სიხარულით იყო სავსე.
როცა სარეცხი გაშრებოდა, ფრთხილად დავკეცავდით, ისევ ტაშტში ჩავაწყობდით და შინ ბედნიერები ვბრუნდებოდით. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს თითქოს ჩვეულებრივი დღეები ერთ დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფას მოგონებებად გადაიქცეოდა.
წლები გავიდა...
2026 წლის 3 აგვისტოს გადავწყვიტეთ, ეს ტკბილი მოგონება კვლავ გაგვეცოცხლებინა. წავედით იელებიანი სერის ძირას, იმ ადგილას, სადაც ოდესღაც მდინარე მხიარულად მოედინებოდა. მაგრამ ბუნებას თავისი კვალი დაეტოვებინა — ნაკადული დამშრალიყო, მისი ჩუხჩუხი აღარ ისმოდა. ის ფართო, მოვლილი მინდორიც შეცვლილიყო. საქონლის სიმცირის გამო ბალახი მუხლამდე ამოსულიყო და ბავშვობის დროინდელი ხავერდოვანი მდელო ვეღარ დაგვხვდა.
მიუხედავად ამისა, მოგონებებს ვერაფერი წაშლიდა. ჩვენ მაინც გავაცოცხლეთ ძველი ტრადიცია, სიმბოლურად გადავიღეთ სარეცხის რეცხვის სცენა და იმ რამდენიმე წუთში წარსული ისევ აწმყოს შეერწყა.
ამ მოგზაურობაში ჩემთან ერთად იყო „მწიგნობარის“ წევრი, ნინი საგინაძე. დიდი სიხარულით ვამოგზაურე იგი ჩემს ბავშვობაში, გავუზიარე ის სითბო, ის უბრალოება და ის ბედნიერება, რომელიც ოდესღაც ჯინალის მთამ და იელებიანი სერის ძირში გატარებულმა დღეებმა მაჩუქა.
იმ დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ბავშვობა ადგილებს არასოდეს ტოვებს — ის ჩვენს გულში ცხოვრობს. ზოგჯერ საკმარისია იმ ბილიკს ისევ დაადგე, იმ მთას შეხედო, იმ ქარს მოუსმინო, რომ წარსული კვლავ გაცოცხლდეს. შეიძლება მდინარე დაშრეს, მინდორი შეიცვალოს, მაგრამ მოგონებების წყარო არასოდეს შრება.