27/05/2026
ზოგს ჰგონია,
რომ სხვისი სინათლის ჩაქრობა
მათ ჩრდილებს დააპატარავებს.
ამიტომ მოდიან ჩუმად —
ღიმილით,
რბილი სიტყვებით,
და თვალებით,
სადაც სითბოზე მეტი შურია.
არ მოდიან პირდაპირ, რადგან
ქარები არასოდეს მოდიან პირდაპირ,
როცა ნგრევა უნდათ.
ცდილობენ დაგღალონ.
საკუთარ თავზე დაგაეჭვონ.
ნელ-ნელა ჩაგიქრონ ის ცეცხლი,
რომელიც თვითონ ვერასოდეს აანთეს.
მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ —
ზოგი ქალი
რაც უფრო მეტ სიბნელეს გადის,
მით უფრო საშიშ სინათლედ ინთება მერე.
მე არ მჩვევია ხმაურიანი დაბრუნება.
ქარბორბალიც კი
სიჩუმით იწყებს მოსვლას.