27/09/2026
მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით.
მე არ ვარ სასკოლო ფორმის წინააღმდეგი. პირიქით, ფორმას შეიძლება ჰქონდეს თავისი კარგი მხარეებიც. შეიძლება ამცირებდეს ბავშვებს შორის ტანსაცმლით შეჯიბრებას, ქმნიდეს სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდას და მშობელსაც უმარტივებდეს ყოველდღიურ არჩევანს.
მაგრამ როცა ვნახე, როგორი ფორმა შეირჩა ჩვენი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის და, ამავდროულად, რის ფონზე შეირჩა, ბევრი კითხვა გამიჩნდა.
ამ ფორმის შერჩევისას თავად ბავშვის რეალურ საჭიროებებზე რამდენად ვიფიქრეთ?
პირველკლასელი ბავშვი დღის დიდ ნაწილს სკოლაში ატარებს, თან ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესშია. მას სჭირდება ხარისხიანი, კომფორტული და მოქნილი ტანსაცმელი, რომ თავისუფლად გადაადგილდეს, ირბინოს, ითამაშოს და ფიზიკურ აქტივობებში ჩაერთოს. ფორმა, რომელიც შეირჩა, ჩემი აზრით, ამ ბუნებრივ საჭიროებებს ნაკლებად ითვალისწინებს.
პიჯაკი, კლასიკური შარვალი და კაბა ჩემთვის პირველ რიგში კომფორტისა და ფუნქციურობის კითხვას აჩენს.
ფოტოზე თურქეთის ერთ-ერთი სკოლაა, სადაც თავად ვაკვირდებოდი, როგორ თამაშობდნენ და მოძრაობდნენ ბავშვები ეზოში, გოგოებიც და ბიჭებიც. მათი ტანსაცმელი მოძრაობაში ხელს კი არ უშლიდათ, პირიქით, ძალიან მოქნილი და პრაქტიკული იყო.
აქაც აცვიათ ბავშვებს ფორმა, მაგრამ მომეწონა, რამდენად პრაქტიკულადაა შერჩეული: ერთნაირი ზედატანი და ქვემოთ მოქნილი სპორტული შარვალი, როგორც გოგოებისთვის, ისე ბიჭებისთვის, ზოგ გოგოს აცვია შორტ-კაბაც. ბავშვი დარბის, თამაშობს, მოძრაობს და ტანსაცმელი ამაში ხელს არ უშლის.
აი, ასეთი უნდა იყოს ჩემთვის დაწყებითი კლასის ფორმა, ბავშვზე მორგებული და არა ბავშვი ფორმაზე მორგებული.
და ცალკე საკითხია ის კოლოსალური თანხა, რომელიც ამ ფორმების შეძენაზე დაიხარჯა.
საქართველოს სკოლებს დღეს გაცილებით უფრო ღრმა გამოწვევები აქვთ. ჯერ კიდევ გვაქვს სკოლები, სადაც ბავშვებს მეორე და მესამე ცვლაში უწევთ სწავლა, გვაქვს ინფრასტრუქტურული საჭიროებები, კვების საკითხი, განათლების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, მასწავლებლების მხარდაჭერის საჭიროება და ინკლუზიური განათლების მიმართულებით უამრავი სამუშაო…
და ასეთ დროს ნუთუ ფორმა იყო ის, რაშიც ამ მასშტაბის სახელმწიფო რესურსი უნდა დახარჯულიყო?
ფორმის შემოღება ხომ სკოლას თავისთავად ვერ გახდის უფრო ინკლუზიურს.
ერთნაირი ტანსაცმელი ვერ მოაგვარებს ბულინგს.
ვერ დაეხმარება ბავშვს, რომელსაც სკოლაში ემოციური, ქცევითი თუ საგანმანათლებლო მხარდაჭერა სჭირდება.
ვერ მოამზადებს მასწავლებელს იმისთვის, თუ როგორ უპასუხოს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
და ვერ შექმნის უსაფრთხო გარემოს მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ბავშვი ერთნაირად გამოიყურება.
ინკლუზიური სკოლა ერთნაირად ჩაცმული ბავშვები კი არა, სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და მხარდამჭერი გარემოა.
ამიტომ ამ თემაზე საუბრის დროს, მხოლოდ იმ კითხვის დასმა: „გვინდა თუ არა სასკოლო ფორმა?“ პრობლემის ძალიან ზედაპირული განხილვაა.
ფორმა შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ის უნდა იყოს ხარისხიანი, მოქნილი, კომფორტული და ბავშვის ასაკობრივ თუ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული.
ფორმის საერთო სტანდარტის განსაზღვრაც შეიძლებოდა ისე, რომ ამაზე ასეთი მასშტაბის სახელმწიფო რესურსი არ დახარჯულიყო.
მე პირადად ბევრად უფრო გამიხარდებოდა და გონივრულ ნაბიჯად მივიჩნევდი, ეს თანხა დახარჯულიყო იქ და იმაზე, რაც ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებას რეალურად ცვლის: ახალი სკოლების მშენებლობაზე, კვებაზე, მოწესრიგებულ საპირფარეშოებზე, ხარისხიან სახელმძღვანელოებზე, მასწავლებლების გაძლიერებაზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერასა და რეალურად ინკლუზიური გარემოს შექმნაზე.
ფორმა შეიძლება იყოს განათლების სისტემის ერთი პატარა დეტალი, მაგრამ ფორმით განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს ვერ „მოვაწესრიგებთ“.
თქვენ რას ფიქრობთ? გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება ამ თემაზე.
#სასკოლოფორმა #ინკლუზიურიგანათლება #ბავშვისსაჭიროებები #ბავშვისუფლებები #ინკლუზიურისკოლა