19/02/2021
‼️ ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის მონაწილეები ვეხმიანებით 2021 წლის 13 თებერვალს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) საქმიანობას.
‼️ჩვენ არ ვაპირებთ კომენტარის გაკეთებას სრული რეპორტაჟის შესახებ, მაგრამ ყურადღებას გავამახვილებთ მის მეორე ნაწილზე, სადაც გაჟღერდა არასწორი ინფორმაცია ჯავახეთში მიმდინარე სტუდენტური პროექტების შესახებ.
‼️ ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ 2007-2018 წლებში World Vision-ის მიერ გამოყოფილი იყო გარკვეული დაფინანსება, რომლითაც მიტროპოლიტი ნიკოლოზი „თითქოს საზაფხულო ბანაკებს აწყობდა, მისი ამ საქმიანობის შესახებ არაფერი იციან“. ამ ფრაზით მას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ეჭვქვეშ აყენებს ყველა იმ აქტივობას, რომლებიც წლების განმავლობაში განხორციელდა ჯავახეთში უშუალოდ მიტროპოლიტ ნიკოლოზის ძალისხმევითა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით.
‼️ აღსანიშნავია, რომ 2001 წლიდან მოყოლებული დღემდე რეგიონში უწყვეტად მიმდინარეობს სხვადასხვა სტუდენტური პროექტი, რომლებიც მოიცავს ექსპედიციებს, ასევე მრავალ კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობას.
საკითხის მეტი სიცხადისათვის აქვე გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას ამ აქტივობების შესახებ.
✔️2001 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტთა ინიციატივით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ფოკის მონასტრების სრული მხარდაჭერით, დაიგეგმა პირველი ექსპედიცია, რომელსაც გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებით.
✔️2002 წელს მოძრაობას შემოუერთდა სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც და ექსპედიციის 3 საზაფხულო ბანაკი განთავსდა ჯავახეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე.
✔️2003 წელს უკვე შემეცნებით და კულტურულ პროექტებს მიემატა სამეცნიერო მიმართულებაც და მოეწყო შვიდი საზაფხულო ბანაკი (მათ შორის, გეოგრაფიული - სოფელ თავფარავანში, არქეოლოგიური - სოფელ ხულგუმოში), რომლებშიც ჩართული იყო 200 სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან.
✔️გამორჩეული იყო 2004 წლის ექსპედიცია, რომლის ფარგლებშიც 50-მდე სტუდენტმა ზაფხულში ფეხით მოიარა ჯავახეთის თითქმის ყველა სოფელი.
✔️2003-2007 წლებში საექსპედიციო მოძრაობის არქეოლოგიურმა ჯგუფმა შეისწავლა ტბა ფარავნის მიმდებარედ არსებული ძვ.წ.-ის 28-ე-27-ე საუკუნეების ყორღანული სამარხი.
✔️2008-2018 წლებში ექსპედიციების ფარგლებში სტუდენტები სხვადასხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებული: მონაწილეობდნენ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენით სამუშაოებში, აწყობდენ ექსკურსიებს სამცხე-ჯავახეთის გასაცნობად: ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარე არქიტექტურული და ხუროთმოძღვრული ძეგლების (ვარძია, თავკვეთულა, ვანის ქვაბები, სამსარი, კოთელია, ბარალეთი, ასფარა, ფოკა, საღამო, კუმურდო, გოგაშენი, ახალციხე-რაბათი, ზარზმა) მიმართულებით. სხვადასხვა სოფელში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მართავდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს: აჩვენებდნენ ფილმებს, აწყობდნენ პოეზიის საღამოებს, სპორტულ შეჯიბრებებს, დედაქალაქიდან იწვევდნენ საზოგადოებისათვის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, ეხმარებოდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებს სამონასტრო საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში, 2016 წელს, World Vision-მა ექსპედიციის მონაწილე სტუდენტებისთვის ჩაატარა სემინარი „ახალგაზრდების პიროვნული/სულიერი აღზრდა“.
✔️ საგულისხმოა ასევე, რომ 2018-2020 წლებში განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელთა შედეგადაც აღმოჩნდა არაერთი საინტერესო არქეოლოგიური ძეგლი და არტეფაქტი.
‼️ მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთთვიანი ექსპედიციების დროს, ჯავახეთის თითქმის ყველა სოფელში, სადაც სტუდენტები იმყოფებოდნენ, მოხდა ადგილობრივ ახალგაზრდებთან დამეგობრება, სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება განათლებისა და კულტურის მიმართულებით.
ამ წლების განმავლობაში ექსპედიციის კულტურულ-საგანმანათლობლო ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართული ხელოვნებისა და მეცნიერების ცნობილი მოღვაწენი.
‼️ ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ თითოეულ პროექტს ორგანიზებას უწევდა და აქტიური თანამონაწილე იყო ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
‼️ წერილის დასასრულს მადლობას ვუხდით ტელეკომპანია „ფორმულას“, რომ ამ სიუჟეტით მოგვცა საშუალება, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ეს უმნიშვნელოვანესი რეგიონი და ბოლო 20 წლის განმავლობაში უამრავი სტუდენტის მონაწილეობით განხორციელებული ახალგაზრდული პროექტები.
#ჩვენვარსებობთ
Formula • ფორმულა