19/06/2026
დრაკონის ნავების ფესტივალი (端午节 ) ჩინური ეროვნული და ტრადიციული დღესასწაულია, რომლის დროსაც ჩინეთში ოფიციალურად ისვენებენ. მას ასევე „მეხუთე თვის ფესტივალს“ უწოდებენ, რადგან იგი მთვარის კალენდრის მეხუთე თვის მეხუთე დღეს აღინიშნება.
ლეგენდის თანახმად, ფესტივალი ძველი ჩინელი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის, ციუ იუანის (屈原 - დაახლ. ძვ. წ. 340–278) პატივსაცემად ტარდება. მებრძოლი სამეფოების პერიოდში იგი ჩუს სამეფოში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც სამეფოს დედაქალაქი მტერმა აიღო, იგი ძალზე დამწუხრდა, რის გამოც მეხუთე მთვარის თვის მეხუთე დღეს მდინარე მილუოში გადახტა. ციუ იუანი უაღრესად უყვარდათ თანასოფლელებს, ამიტომ ისინი მაშინვე ნავებით გაემართნენ მისი სხეულის მოსაძებნად. დღესდღეობით, ამ მოვლენის აღსანიშნავად ტარდება ნავებით შეჯიბრი (龙舟竞渡). ამ დროს საგანგებოდ მზადდება ხის ნავები, რომლებიც მორთულია მრავალფეროვანი ორნამენტებით და აქვს დრაკონის ფორმა. მათი სიგრძე, 20-დან 35 მეტრამდეა. მიჩნეულია, რომ გამარჯვებულ გუნდს მთელი წლის განმავლობაში წარმატება და იღბალი ელის.
ციუ იუანის მდინარეში გადახტომის შემდეგ, იმის შიშით, რომ მას თევზები შეჭამდნენ, ხალხმა წყალში ბრინჯის ჩაყრა დაიწყო. სწორედ ამ ტრადიციას უკავშირდება დღესასწაულის უმნიშვნელოვანესი კერძი, ჩინური „წუნგწი“ (ჩინ.: 粽子), რომელიც ლერწმის ან ბამბუკის ფოთლებში შეხვეული წებოვანი ბრინჯით მზადდება.
დღესასწაულის დადგომამდე მშობლები, როგორც წესი, თავიანთი შვილებისთვის პატარა, სურნელოვან ჩანთებს ამზადებენ. ისინი ამ ჩანთებს სხვადასხვა ფერის აბრეშუმისგან ქსოვენ, ავსებენ სუნამოებით ან სამკურნალო მცენარეებით და შემდეგ აბრეშუმისავე ფერადი ძაფებით კრავენ. ღონისძიების დროს ბავშვები მათ ან გულზე იკიდებენ, ან ტანსაცმელზე იმაგრებენ. ხალხური რწმენით, ეს სურნელოვანი ჩანთები მათ ბოროტებისაგან იცავს.
დრაკონის ნავების ფესტივალის თარიღი განისაზღვრება მთვარის კალენდრის მიხედვით, ამიტომ იგი წლიდან წლამდე იცვლება. 2008 წელს ჩინეთში ეს დღე პირველად გამოცხადდა ოფიციალურ სახელმწიფო უქმე დღედ. ხოლო 2009 წლის 30 სექტემბერს იგი იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა.
#ტუანუძიე #ჩინურიკულტურა #ტრადიცია