02/01/2026
ტურიკოს თავისი წიგნში ცხოვრების პირველ ახალ წელს საკუთარი ნაძვის ხე აქვს და აი ასე გილოცავთ ყველას. საკუთარი ნაძვისა და ბედნიერების ხეები დაგბედებოდეთ ყველას მრავალი ძლიერი, მყარი ტოტით, რომლებზეც უამრავი წიწვი, ფოთოლი და ყვავილი იშრიალებს და იბრიალებს თქვენთვის სიხარულის, ბედნიერების, სიკეთის მოსატანად 💚💜💚💜💚
31/12/2025
ტურიკოებთან და მათ მეგობრებთან ერთად მეც გილოცავთ ახალ წელს. 2025 წელი ტურიკოს დაბადების წელი იყო და ჩემი, როგორც ავტორისა, თქვენ კი, ვინც ამ გვერდზე ხართ, ამ სურათებზე და ჩვენს ჩატებში, ფბ გვერდებსა და ჩვენს ცხოვრებაში, ყველანი ჩვენი დიდი მეგობრები და მხარდამჭერები, გამხარებლები და ძალის მომცემები გვყავხართ, 2026-ში კიდევ უფრო წარმატებულები და ბედნიერები შევხვედროდეთ ერთმანეთს 💚💚💚
ტურიკოს ყველა უყვარხართ და ასევე ყველა მიყვარხართ მეც 💜💜💜
ესეც ჩემი პაპარაცული ნამუშევარი ტურიკოს წიგნების პრეზენტაციაზე ;) ამ ღიმილისმომგვრელი ფოტოებით დაგემშვიდობებით მომავალ წლამდე და მერე კიდევ უფრო მრავალფეროვან ამბებს შემოგთავაზებთ ტურიკოსა და ჩვენი კეთილი ტყისგან 🧡🧡🧡
ბედნიერების მომტანი წელი დამდგარიყოს ყველასთვის, მშვიდობისა და ყველანაირი სიკეთის გამმრავლებელი❤️❤️❤️
30/12/2025
ყველას დიდი მადლობა ამ კეთილი სიტყვებისთვის, სურვილებისთვის, მოლოცვებისთვის, ვინც ეს ბარათები დამიწერა და გააფერადა, ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ მოხვედით, ტურიკოებისა და ჩემი საღამო გამილამაზეთ და ისეთი თბილი, მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფერო ერთად შევქმენით❤️❤️❤️ ბარათებს სახელების გარეშე ვაქვეყნებ, მაგრამ ვაქვეყნებ, რადგან პოზიტივი უნდა გამრავლდეს, მეტი ადამიანი მოიცვას და მეტ სახეს მოჰფინოს თბილი ღიმილი 🥰🥰🥰 ახლა კი შეგახსენებთ, რომ ამ ბარათების მეორე ნაწილი თქვენია და მასზე ის სურვილები უნდა დაწეროთ, რაც თქვენთვის გინდათ, რაც ახალმა წელმა გინდათ, რომ მოიტანოს თქვენთვის და თქვენი ოჯახის, საყვარელი ადამიანებისთვის 💜💜💜
ყურშა და მისი მეგობრები ჩემთან ერთად ბედნიერ, ლამაზ და საინტერესო, შინაარსიან წელს გისურვებთ💚💚💚
29/12/2025
ტურიკოს წიგნების პრეზენტაციაზე ასეთი რამე მოვიფიქრე: წიგნის ილუსტრაციებიდან რამდენიმე ამოვარჩიე, შავ-თეთრი ვერსიები წიგნივით გადასაშლელი მისალოცებივით გადავკეცე და დამსწრეებს ფერად ფანქრებთან ერთად დავურიგე. პირობა ასეთი იყო: მისალოცი შუაზე უნდა გაეხიათ, ერთი ნაწილი როგორც უნდოდათ, ისე გაეფერადებინათ და უკანა მხარეზე ჩემთვის და ტურიკოსთვის დაეწერათ საახალწლო მილოცვა, მეორე ნაწილი კი თან წაეღოთ, სახლში გაეფერადებინათ და თან კარგად მოეფიქრებინათ, რა უნდოდათ, რომ საკუთარი თავისთვის ესურვებინათ მომავალი ახალი წლისთვის. ზოგადად, ხომ იცით, თუ "გიღალატებს", ისევ ყველაზე შინაური "გიღალატებს". ჰოდა ყველა მისალოცმა ჩემთან რომ მოიყარა თავი, მათ შორის ორი აღმოჩნდა გასაფერადებელი. ერთზე საერთოდ დაწერილიც არ იყო. მეორეზე სურვილები კი ეწერა და მადლობა მას ამისთვის ❤️❤️ დანარჩენიც მე მივაწერე კომენტარი ("პირდაპირ" რეჟიმში ჩავიწერე იქვე). ყურადღება, კითხვა: ვისია მეორე, მთლად ცარიელი მისალოცი? - მინიშნება უკვე მოცემული მაქვს 🥰🥰
26/12/2025
ეს თქვენ საშობაო-საახალწლოდ: ნაწყვეტები ზღაპრიდან "პირველი თოვლი და ახალი წელი ტყეში" (კრებულიდან "სანამ ტყეში სიკეთე ტრიალებს")
- ნეტა ჩვენმა წიფლებმა თუ გაიგეს, ახალი წელი რომ მოვიდა? - იკითხა წუწუნამ.
- ახალი წლის მოსვლას ჩვენთან ერთად მარტო ნაძვები ეგებებიან, წიფლებს და სხვა ხეებს ახლა გულის ძილით სძინავთ და სიზმარში ალბათ თავიანთ აყვავებულ ტოტებს ხედავენ, უხარიათ და ძილში იღიმებიან.
დიდი ნაძვის გარშემო ტყის ბინადრები ამ დროს ცეკვავდნენ, მღეროდნენ და მხიარულობდნენ. სიმღერის მასწავლებელი კაჭკაჭი ნაძვის მაღალ ტოტზე შემოსკუპდა, ფრთები შეისწორა და სმენა იყოს და გაგონებაო, იქიდან გადმოსძახათ (სიმღერის მასწავლებლად თვითონვე დაიყენა თავი, ხმა კი არ მივარგა, მაგრამ სმენა მაქვს შესაშური, თუ ვინმე არასწორად დაიჩხავლებს ან დაიწრიპინებს, არაფერი გამომეპარებაო). თავის შავ-თეთრ ფრაკში გაიჯგიმა, ფრთიდან გრძელი ბუმბული გამოიძრო, ჯოხივით მოიმარჯვა და დიდი ამბით დაიწყო დირიჟორობა. ბატონი სოკო კი შიშობდა, სასტუმროში გამოსაზამთრებლად შეფარებული ლოკოკინები არ დამიფრთხოს ხმაურმაო და თავის ქუდს მალ-მალე ახედავდა ხოლმე, მაგრამ ყველამ რომ ტყის საახალწლო სიმღერა შემოსძახა, ვერ მოითმინა და აჰყვა. სიმღერამ ისე გაიტაცა, ადგილზე ირწეოდა და შიგადაშიგ ჩაბუქნავდა ხოლმე კიდეც; ზოგჯერ ხმასაც უწევდა, მაგრამ ქუდის ბინადრები მალევე ახსენდებოდა და მაშინვე ჩურჩულით სიმღერაზე გადადიოდა.
ყველა ძალიან ბედნიერი იყო. ბედნიერი იყო ჩვენი პატარა ყურშაც, სიხარული პატარა გულში აღარ ეტეოდა. ძალიან მოუნდა, ეს სიხარული თავისი მეგობარი მთვარისა და ვარსკვლავებისთვისაც გაეზიარებინა და მაღლა აიხედა. ხის კენწეროებს შორის ერთადერთი ვარსკვლავი იჭყიტებოდა, ოქროს, ვერცხლის და ცის ფერებად ციმციმებდა და თითქოს მოზეიმეებს ისიც თავს დაჰხაროდა.
- ეს შობის ვარსკვლავია - ადამიანები მას ასე ეძახიან, - უთხრა ბატონმა სოკომ, - ახლა ალბათ ისინიც ზეიმობენ და მათი პატარებიც ჩვენსავით მხიარულობენ, რადგან ადამიანებს ძალიან უყვართ ეს დღესასწაული.
- ადამიანები როგორ ხვდებიან თავიანთ დღესასწაულს?
- ისინი ამ დღეს ერთად იკრიბებიან, განსაკუთრებულ სადილს აწყობენ, მღერიან, სანთლებს ანთებენ და ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. და ისინიც აი, ამ ვარსკვლავს უყურებენ.
ტურიკოს ის კაცები გაახსენდა, ადრე რომ შეხვდნენ ტყეში და შავ ოთხკუთხედში ფეხბურთსაც აყურებინეს. პატარა შვილები მათაც ეყოლებათ და ახლა ალბათ ისინიც ჩემსავით ამ ვარსკვლავს შესცქერიანო, გაიფიქრა და გაეღიმა. „ნეტავ აფრიკაში თუ არის ახალი წელი და ჩემი იქაური ბიძაშვილი ფენეკუნიებიც თუ ხედავენ ამ ვარსკვლავს?“ - შორს წავიდა ფიქრებით...
....
ამ დროს ყურშას ცხვირზე თოვლის ფიფქი დაასკუპდა.
- შენც გმადლობ, მოქარგულო ფიფქუნია, - გაუღიმა ყურშამ და კარგად რომ დაენახა, თვალები დააელმა. ფიფქი უცებ დადნა და ყურშა ახლა სხვა ფიფქს გამოეკიდა, შენ მაინც არ გაქრე, სად მიდიხარო. ასე დასდევდა აქეთ-იქით მოქარგულ ფიფქებს და ყურებს მხიარულად აპარტყუნებდა.
ტყის მეორე მხარეს კი ტბაში მშვიდად დაცურავდა დიდი-დიდი ბებო და თავისი ბავშვობის დროინდელი საახალწლო ამბებით ართობდა პატარებს. ტბის პირას ცხოველებს მოეყარათ თავი და ყველანი ერთად ზეიმობდნენ - აბა მეზობლები დიდ-დიდ ბებოს მარტოს ხომ არ დატოვებდნენ.
ახალმა წელმა კეთილი ტყის კეთილ ბინადრებს ჯილდოდ უამრავი კარგი რამ მოუტანა - ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება კიდევ ძალიან, ძალიან დიდხანს, სანამ ცაზე მზე ანათებს, ქვეყანაზე სიკეთე არსებობს, სანამ ერთმანეთი გვიყვარს და ხის კენწეროებში მოციალე ვარსკვლავი გვინათებს გზას.
24/12/2025
გუშინ სახლში ძალიან გვიან მოვედი გამოფენიდან, რომ დავწექი, მესმოდა, ტელეფონი წკაპუნობდა - მესიჯები მოდიოდა, მაგრამ ნახვის ძალ-ღონე აღარ მქონდა, თუმცა როცა ვნახე, ისეთი რამე დამხვდა, გული და თვალები ერთნაირად გამინათდა. აბა რა იქნებოდა, როცა აი ასეთი სქრინები დამხვდა გამოგზავნილი 💚💚💚
22/12/2025
სადაც ვაჟას პორტრეტი ვნახე, იქიდან ისე რა წამომიყვანდა, ფოტო არ გადამეღო მასთან. ახლოს რომ მივედი, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს თავს ვეკითხებოდი, მქონდა კი უფლება, ასე ახლოს ვმდგარიყავი მასთან და ასე მეყურნა თვალებში, სახეში, მთელი საქართველოს, მისი ზნეობის, სინდისის, მისი სულის, სიბრძნის სახეს რომ წარმოადგენს. და გამახსენდა, რომ ჩანთაში ჩემი ტურიკოს წიგნი მედო - პატარა არსების, რომელიც ასევე ბუნების, ტყის კეთილი სულის ნაწილია, მისი საუკეთესო მხარის განსახიერება და იმისი შთამომავალივით დამესახა უცებ გულზე, რასაც ვაჟა გადმოგვცემდა, გვასწავლიდა, ცდილობდა, დაგვენახა და შეგვეთვისებინა. ამ ერთ სურათზე თითქოს კითხვით ავცქერი კიდეც ამ ბუმბერაზ გენიოსს - სასწაულად დაუჭერია თამარს კადრი, როცა მართლა ამას ვფიქრობდი, შემდეგ ფოტოებზე კი თითქოს პასუხი მაქვს უკვე მიღებული საკუთარი გონების, გულის თუ შინაგანი არსებისაგან და მშვიდი, თამამი ღიმილი მაქვს უკვე. მადლობა იმ რაღაც ძალას, რაც ჩვენში ბუდობს და სულ სუფთად, სულ სწორად, სულ ღირსეულად რჩება, რაც გვაძლევს საშუალებას და უფლებას, თვალი გავუსწოროთ ჩვენთვის დიდ ადამიანებს, დიდ, სულიერ, ეროვნულ და არამარტო მშობლად რომ გვეკუთვნიან და სულ რომ უნდა გვახსოვდეს მათ წინაშე ჩვენი მორალური პასუხისმგებლობა 💚💚💚💙💙💙💛💛💛
პ.ს. თითქოს სიმბოლური გამოვიდა, იქვე, გვერდით, კედლიდან თითქოს ზურგს რომ მიმაგრებს მთა და ცად აზიდული კოშკები, მეორე მხარეს კი წმინდა გიორგი გველეშაპს შერკინებია 🧡🧡🧡