28/08/2026
📣 ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, რათა აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს არ შეექმნათ მცდარი წარმოდგენა.
პირველ რიგში, მკაფიოდ განვმარტავთ:
ჩვენ არ წარმოვადგენთ საქართველოში მოქმედ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და არც საქართველოში ვახორციელებთ უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას.
ჩვენი საქმიანობა არის საშუამავლო/საკონსულტაციო მომსახურება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს ვეხმარებით უცხოეთში მდებარე უნივერსიტეტებში ჩარიცხვისა და სწავლის პროცესის ორგანიზებაში.
კონკრეტულად, ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები მდებარეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ და სწავლა ხორციელდება დასწრებულ და დაუსწრებელ ფორმატში — უცხოეთში, უნივერსიტეტის შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში, და არა საქართველოში სრულად ონლაინ რეჟიმში.
ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ:
❌ საქართველოში მოქმედი არაავტორიზებული უნივერსიტეტი;
და
✅ საქართველოში მოქმედი საშუამავლო კომპანია, რომელიც სტუდენტს უცხოეთში მდებარე უნივერსიტეტში სწავლის მიღებაში ეხმარება.
ჩვენ აბიტურიენტებს არ ვთავაზობთ, რომ ისინი საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.
ჩვენი შეთავაზება ეხება უცხოეთში მდებარე უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობას, რომლის პირობებს, პროგრამას, სწავლის ადგილს, უნივერსიტეტის სტატუსს და ჩარიცხვის წესს სტუდენტს წინასწარ ვაცნობთ.
ასევე, გაუგებარია, რატომ არის აღნიშნულ განცხადებაში ჩვენი საქმიანობა დაკავშირებული „სრულად დისტანციური განათლების“ შეთავაზებასთან, როდესაც ჩვენი პროგრამები, როგორც ჩვენ მიერ არის შეთავაზებული, არ გულისხმობს სტუდენტის მიერ სწავლის სრულად საქართველოდან ონლაინ გავლას.
საქართველოს კანონმდებლობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხს კონკრეტული კრიტერიუმებით არეგულირებს. მათ შორის, კანონში პირდაპირ არის საუბარი უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ქვეყანაში აღიარების საკითხზე. (სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”)
ამიტომ მოვუწოდებთ შესაბამის უწყებას:
თუ განცხადება კონკრეტულად ჩვენი კომპანიის ან ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის საქმიანობას ეხება, საჯაროდ და კონკრეტულად მიუთითოს:
1. რომელი კონკრეტული ფაქტი მიაჩნია უკანონოდ;
2. რომელი კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ირღვევა;
3. რომელი კონკრეტული უცხოური უნივერსიტეტის სტატუსი ან აკრედიტაცია არის სადავო;
4. სად წერია, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული კონკრეტული პროგრამა სრულად დისტანციურია;
5. და რა საფუძვლით აიგივებს საქართველოში მოქმედ საშუამავლო კომპანიას საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
ჩვენ მზად ვართ, სრული დოკუმენტაცია, უნივერსიტეტის სტატუსის დამადასტურებელი ინფორმაცია, პროგრამების აღწერა და სწავლის ფორმატის შესახებ ინფორმაცია წარვუდგინოთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ჩვენი მიზანია არა კანონის გვერდის ავლა, არამედ იმ აბიტურიენტებისთვის განათლების მიღების ალტერნატიული შესაძლებლობის შეთავაზება, რომლებიც საქართველოში არსებული სისტემის პირობებში ვერ ახერხებენ სასურველ უნივერსიტეტში სწავლას.
აბიტურიენტებსა და მშობლებს მოვუწოდებთ, გადაწყვეტილება მიიღონ სრული და ზუსტი ინფორმაციის საფუძველზე და არა სოციალური ქსელების ზოგადი განცხადებების მიხედვით.
ჩვენ მზად ვართ ყველა კითხვას საჯაროდ და დოკუმენტურად ვუპასუხოთ.