თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი TSU Faculty of Humanities
Share
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰ?
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - პირველი ქართული უნივერსიტეტის უძველესი ფაკულტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორია უკავშირდება პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებას. 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომლის ორი ფაკულტეტიდან ერთ–ერთი სიბრძნისმეტყველებისა იყო. მას სათავეში ედგნენ ევროპიდან ახალდაბრუნებული გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, რომლებმაც ფაკუ
ლტეტზე კვლევისა და სწავლების მოწინავე დასავლური სტანდარტები დაამკვიდრეს. თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებელთა შორის ივანე ჯავახიშვილთან ერთად იყვნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თვალსაჩინო წარმომადგენლები: ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, იოსებ ყიფშიძე და კორნელი კეკელიძე. სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე დანაწილება სამეცნიერო დარგების მიხედვით ხდებოდა. სტუდენტებისათვის შედგენილი იყო მხოლოდ სანიმუშო სამეცნიერო-სასწავლო გეგმა. ეს გეგმა დაფუძნებული იყო იმ ზოგად დებულებაზე, რომ ჰუმანიტარული ცოდნის შეძენა და მეცნიერების შესწავლა შეიძლება ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, ენათმეცნიერული, ხელოვნების, ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ ზოგადი დებულების შესაბამისად შექმნილი იყო: ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ენათმეცნიერების, სიტყვიერების, საისტორიო და საეკონომიო დარგები. გარდა ამისა, სტუდენტსა და მსმენელს, ფაკულტეტის დასტურისა და თავისი მოსაზრების შესაბამისად შეეძლო სხვა გეგმა შეედგინა და ამისდა მიხევდით შეეძინა სამეცნიერო ცოდნა.
დადგენილი იყო ყველა დარგისათვის სავალდებულო საგნები: ლოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფიის შესავალი, საქართველოს ისტორია, ერთ-ერთი ევროპული ენა. ამ სავალდებულო საგნების გარდა, გათვალისწინებული იყო სპეციალური საგნების ჩაბარება დარგებისა და განყოფილებათა მიხედვით. სასწავლო გეგმის ამ სახით ჩამოყალიბებამდე იგი დაახლოებით ამ პრინციპებითვე მიმდინარეობდა.
სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი განსაზღვრავდა ერის ცნობიერებას და ხელს უწყობდა საქართველოში ინტელექტუალური და სამეცნიერო პოტენციალის ზრდას. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა და იხვეწებოდა მისი სტრუქტურა. მოგვიანებით უნივერსიტეტში რამდენიმე ჰუმანიტარული მიმართულების დარგი განვითარდა, რომლის მემკვიდრეც ამჟამად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დღევანდელი სახით 2005 წელს ჩამოყალიბდა ყოფილი ფილოსოფიის, ფილოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ისტორიის, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის, ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტების ბაზაზე.
ამჟამად ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის შემდეგი სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებები:
ფილოსოფია;
ისტორია;
არქეოლოგია;
ეთნოლოგია;
ფილოლოგია (ქართული, კლასიკური, ბიზანტიური, ახალბერძნული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, რუსული)
კავკასიოლოგია;
კულტურის კვლევები;
აღმოსავლეთმცოდნეობა (არაბისტიკა, ირანისტიკა, თურქოლოგია, ებრაისტიკა-არამეისტიკა, არმენოლოგია, ასირიოლოგია);
ხელოვნებათმცოდნეობა;
ვიზუალური ხელოვნება ( სახვითი ხელოვნება; კინო-ტელე ხელოვნება) .
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს მართავს ფაკულტეტის საბჭო, ფაკულტეტის დეკანი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი 2010 წლიდან არის პროფესორი დარეჯან თვალთვაძე.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი არ შემოიფარგლება წარსული მიღწევებით. უნივერსიტეტი დღესაც ეპასუხება ეპოქის მოთხოვნებს. ჩვენმა ეპოქამ უნივერსიტეტის წინაშე ახალი ამოცანები დააყენა _ იგი, ერთი მხრივ, უფრო ინტენსიურად უნდა ჩაერთოს და გაიზიაროს მოწინავე დასავლური საუნივერსიტეტო გამოცდილება და, მეორე მხრივ, შეინარჩუნოს თავისი თვითმყოფადი სახე და საუკეთესო სასწავლო თუ სამეცნიერო ტრადიციები.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს მჭიდრო კავშირები აქვს მსოფლიოს ქართველოლოგიურ სკოლებთან და როგორც უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ასევე, უცხოელ ქართველოლოგებთან. შისტემატური ხასიათი მიიღო უნივერსიტეტელ ქართველოლოგთა მიერ საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში ლექციების კითხვამ, საერთაშორისო სიმპოზიუმებში მონაწილეობამ, უცხოეთში სტატიებისა და მონოგრაფიების გამოქვეყნებამ. ქ. იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად 1978 წლიდან გერმანულ ენაზე ყოველწლიურად გამოდიოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის და იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტების ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალი ,,გეორგიკა”.
1999 წლიდან კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, რომელიც საქარველოსა და საბერძნეთის ხელისუფლების, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებისა და ინტელიგენციის მხარდაჭერით შეიქმნა 1997 წელს, გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს “PHASIS”.
თბილისის უნივერსიტეტში არაერთი საერთაშორისო კონფერენცია და სიმპოზიუმი ჩატარდა. აღსანიშნავია ქართული ხელოვნების სიმპოზიუმები (II – 1977 წ., IV – 1983 წ., VI –1989 წ.,), საერთაშორისო კონფერენციები რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლების (1980 წ., 1984 წ., 1988 წ.,), გერმანული ლიტერატურის (1983 წ., 1989 წ.,), კლასიკური ფილოლოგიის (1969 წ., 1975 წ., 1980 წ., 1990 წ., 1995 წ., 1996 წ.), რელიგიისა და ეთიკის (1990 წ.) საკითხებზე, აგრეთვე ქართველოლოგიური საერთაშორისო სიმპოზიუმები ( I -1987 წ., II – 1988 წ., III – 1995 წ.) და სხვ.
სამეცნიერო მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და მდიდარი ტრადიციები აქვს კავკასიოლოგიას. უკანასკნელ წლებში ჩატარდა კავკასიოლოგთა რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ყოველწლიურად ტარდება ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციები, ყოველ ზაფხულს ტარდება სკოლა-სემინარები უცხოელი ქართველოლოგებისათვის. ყოველწლიურად ქვეყნდება რამდენიმე ასეული სამეცნიერო პუბლიკაცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ავტორობით ქვეყნის მასშტაბით.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სტუდენტურ თვითმმართველობას. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ ფაკულტეტის მართვაში და ზრუნავენ სტუდენტთა უფლებების დასაცავად. სტუდენტები ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში და უფლებამოსილნი არიან შეიმუშავონ თავიანთი წინადადებები ფაკულტეტის მართვისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სისტემატურად ეწყობა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები და საველე ექსპედციები, ლიტერატურული საღა¬მოე¬ბი, გამოფენები, ექსკურსიები, თემატური შეხვედრები, დისპუტები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა, დაიკმაყოფილონ მრავალფეროვანი ინტერესები, გაეცნონ თავანთი თანატოლების შემოქმედებასა და მომიჯნავე დარგების სპეციფიკას. ფაკულტეტზე ხშირად ეწყობა მხატვრული ფილმებისა და სპექტაკლების ჩვენება და მათი განხილვა, შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან, მეცნიერების, ხელოვნების წარმომადგენლებთან, ცნობილ პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, სპორტსმენებთან. ფაკულტეტზე წარმატებით მუშაობს სტუდენტური თეატრალური სტუდია “ოდეონი”.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სტუდენტთა ფოტოებისა და ნახატების გამოფენები, რომლებსაც ყოველთვის ბევრი დამთვალიერებლი ჰყავს.
წარჩინებული სტუდენტები ცოდნის გასაღრმავებ¬ლად იგზავნებიან საბერძნეთის, იტალიის, გერმანიის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, ეგვიპტის, ირანის და სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებსა და საზაფხუ¬ლო სკოლებში.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ნორჩ ჰუმანიტართა სკოლა, სადაც სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ჰუმანიტარული დარგების თვალსაჩინო მეცნიერებს, გაიცნონ საუნივერსიტეტო გარემო, რაც მათ დაეხმარება როგორც სპეციალობის არჩევაში, აგრეთვე უნივერსიტეტის სამეცნიერო წრესთან მომავალ ინტეგრირებაში.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ორიენტირებულია ჰუმანიტარულ დარგებში მეცნიერული კვლევების განვითარებაზე და კვლევის შედეგების საგანმანათლობლო პროგრამებში დანერგვაზე. ფაკულტეტზე სწავლება და კვლევა მიმდინარეობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ყველა ძირითადი მიმართულებით. მიზნობრივი საგრანტო სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში 2015 წელს მოხდა 64 სტუდენტის ჩართვა სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე - ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, ფუნქციონირებს სადისერტაციო საბჭო, რომელსაც აქვს 4 დარგობრივი სექცია და შეიძლება სადოქტორო დისერტაციების დაცვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ყველა დარგში.
ფაკულტეტზე მუშაობს 29 საბაკალავრო, 33 სამაგისტრო, 10 სადოქტორო, 2 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტებისათვის).
2015 წლის მონაცემების მიხედვით ფაკულტეტზე სწავლობს დაახლოებით 4500 სტუდენტი, რომელთა სწავლა-განათლების საქმეს ემსახურება 188 პროფესორი, ენების ცენტრის 72 მასწავლებელი და 270-მდე მოწვეული პედაგოგი.
ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ფაკულტეტის დიდი ბიბლიოთეკითა და ინსტიტუტებთან არსებული დარგობრივი ბიბლიოთეკებით, რომლებშიც, გარდა სახელმძღვანელოებისა, დაცულია სამეცნიერო, საცნობარო და მხატვრული ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები ქართულ და უცხოურ ენებზე. მზადდება ფაკულტეტის საბიბლიოთეკო ფონდის ერთიანი ელექტრონული კატალოგი.
ფაკულტეტის სამეცნიერო და სამეცნიერო-მეთოდური საქმიანობის შედეგების პუბლიკაციისა და პრეზენტაციის საქმეს ემსახურება ორი საფაკულტეტო საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი:
საერთაშორისო რეცენზირებადი ბილინგვური ელექტრონული ჟურნალი
• “სპეკალი”, მთავარი რედაქტორი პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი (ჟურნალი რეფერირებისათვის გაგზავნილია Thomson Reuters საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალების ბაზაში).
რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი
• “ჰუმანიტარული კვლევების წელიწდეული”, მთავარი რედაქტორი პროფესორი ზაზა სხირტლაძე.
ჰუმანიტარულ დარგში საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართვას ემსახურება ფაკულტეტის 19 სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, 8 საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი, 7 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, 2 სასწავლო ლაბორატორია, 1 სასწავლო სტუდია, 2 სამხატვრო სახელოსნო. თითოეულ სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი საკუთარი ისტორიითა და კვლევითი საქმიანობით ფაკულტეტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გამოცხადდა სტატიების მიღება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალის „ჰუმანიტარული კვლევები, წელიწდეულის“ ახალი ნომრისათვის (N8)
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს თეზისების მიღებას ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმისათვის „ილია ჭავჭავაძე - 180“.
ილიაჭავჭავაძე2017.ge
დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად.
21/06/2017
საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს, ვიწვევთ ზაფხულის სკოლაში!!!!
დღეს, 11 მაისს 11 საათზე იხსნება ამერიკისმცოდნეობის მე-18 საერთაშორისო კონფერენცია. მობრძანდით!
10/05/2017
ვიადრინას უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარების მიღებას ყოველწლიურ ზაფხულის სკოლა „ვიადრინიკუმში“ მონაწილეობისათვის. ინფორმაციისათვის მიყევით ბმულს.