მკითხველთა ლიგა

მკითხველთა ლიგა საგანმანათლებლო 1001 ლიტერატურული ღამე ...

მალხაზ ხარბედია –ზაფხულიზაფხული ძალაში შევიდა, დაცხა, დამტვერილმა ვენტილატორებმა ისევ ამოიღეს ხმა. ოფისებში კონდიციონერე...
31/07/2026

მალხაზ ხარბედია –ზაფხული
ზაფხული ძალაში შევიდა, დაცხა, დამტვერილმა ვენტილატორებმა ისევ ამოიღეს ხმა. ოფისებში კონდიციონერები წვეთავენ, ყველგან დიდი მოთხოვნილება გაჩნდა ყინულზე, სითხეც აუარება ისმება და მარაოს ბიზნესიც ყვავის ალბათ. ხალხი უკვე იხიზნება ქალაქიდან, ღამით ღია შუშაბანდებიდან სიმღერის ხმა ისმის, ცოლ-შვილის გარეშე დარჩენილი, მარტოხელა კაცები სიცხეს ცივი ღვინით ან ყინულიანი არყით ებრძვიან. ამ შერკინებაში, როგორც წესი, სიცხე იმარჯვებს. დღეს მეც ასეთი დამარცხებული ვარ, თან რამე საზაფხულო მინდა დავწერო, მაგრამ ასეთ სიცხეში ძნელია წერა.
შორიდან ასხივებენ ჩემი საზაფხულო მოგონებები, მახსოვს სხვისი ზაფხულებიც, მიმოწერებიდან, დღიურებიდან და რომანებიდან ამოკითხული…
ჩვენ ყოველ ზაფხულს რაჭაში ვისვენებდით ხოლმე, დედულეთში. მოგეხსენებათ, ჰაერი, წყალი და სოკო ბევრია რაჭაში, აი ხილი კი ყოველთვის პრობლემა იყო. ეს ახლაა, დღეში რამდენჯერმე ამოივლის ტყიბულიდან, ამბროლაურიდან ან ქუთაისიდან წამოსული “მაღაზია-მანქანა”, თორე მაშინ მთელი ზაფხული მჟავე ვაშლზე ვიყავით ბავშვები. ყველამ ვიცოდით ვის რამდენი საადრიო ვაშლი ედგა და ივლისის თვიდან დაუნდობლად ვანადგურებდით ამ წვნიან, დაშაქრულ განძეულს. ბლობა რაჭაში სულ რამდენიმე დღე გრძელდებოდა და ძალიან მალე ილეოდა. დიდი წვალება უნდოდა მინდვრის მარწყვის შეგროვებასაც.
მამაჩემის ამოსვლა ნამდვილი დღესასწაული იყო, თბილისიდან ქაღალდის დიდი ტომრებით ამოქონდა ხოლმე ხილი. ერთი ტომარა პატარა ნესვებით იყო სავსე, მეორე საზამთროთი, სხვები კიდე გარგრით, ატმებით და ქლიავით (ჩვენი, რაჭული ალიბუხარი ძალიან გვიან, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში მწიფდებოდა). წიგნების დაბარებაც ჩვეულებრივი ამბავი იყო, წიგნებით ძირითადად ბიძაჩემი მამარაგებდა, რადგან ბაბუაჩემის მწირი ბიბლიოთეკა უკვე ათვისებული მქონდა და ასევე კარგად ვიცნობდი უკვე ჩვენი და მეზობელი სოფლის ბიბლიოთეკებსაც.
საზაფხულოდ წიგნების გადადება და ქალაქში ჩამსვლელისთვის დაბარება ყოველთვის აქტუალური იყო. ასე ხდებოდა 19-ე საუკუნეშიც და იმედია ბევრი დღესაც ასე იქცევა. ქართულ პროზაში თუ მემუარულ ლიტერატურაში ხშირია შემთხვევები, როცა ქალაქს მიმავალ ექიმს ან ოჯახის თავს წიგნებს აბარებდნენ, თანაც მაშინ, 19-ე საუკუნეში, დღევანდლისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი წიგნის მაღაზია თუ ფარდული იყო დაბებსა თუ პატარა ქალაქებში, ვიდრე დღეს. დღეს დიდ სოფლებში ვეღარსად შეხვდებით წიგნით მოვაჭრეს, მაშინ კი ბევრი იყო ასეთი.
ახლა ქართველი მწერლებიც გავიხსენოთ თავიანთი ზაფხულებიანა. პირველ რიგში კი გრიგოლ ორბელიანი, ტფილისის სიცხეს, მტვერსა და კირს რომ გაურბოდა და კოჯრისა და ტაბახმელის გრილ ნიავს აფარებდა თავს. კუმისში დიდი მამულები ჰქონდათ ორბელიანებს, მაგრამ ყველა მამულს მაინც ქალაქის სიახლოვეს გასეირნება ერჩივნა. ბაბალე საგინაშვილს წერდა: “შენ რა გაემგზავრე პიატიგორსკისკენ, მეც აღარ დავჰყავ მაგდენი ხანი თბილისს და გავეცალე აქაურს სიცხეებს, აქაურს საშინელს ჰაერსა, სავსესა კირითა და მტვერითა, და ამოველ ტაბახმელას, სადაცა მართლად მშვენიერი საზაფხულო ადგილია… გაიშალა სუფრა მწვანეს მინდორზედ; მოერთუათ სათალი, ყველი, არაყი; ზედ მოჰყუა ხაშლამა, ფლავი და მწუადები და ამასთანა დიდროანი ჯამები ღვინითა…”
ხშირი იყო ბორჯომში სტუმრობებიც, სადაც “პუბლიკა” დილის 6 საათიდან გროვდებოდა წყალთან, სვამდნენ, ბანაობდნენ, “კურკურებდნენ”, შემდეგ ჩაის დრო მოდიოდა, შუადღეს კი სადილად სხდებოდნენ. 5 საათზე ცხენებით და ეკიპაჟებით სეირნობა იწყებოდა, 8-ზე კი ლაზათიანი ვახშამი იშლებოდა.
ცოტათი განსხვავებული რიტმი იყო ილიასთან, საგურამოში, სადილ-ვახშამებიც უფრო დიდხანს გრძელდებოდა და ბანქოსაც უფრო მეტი დრო მიჰქონდა. ასევე ზაფხულის პერიოდში დამკვიდრდა 19-ე საუკუნის ბოლოს ე.წ. “ილიაობა”, რომელიც ორ, ზოგჯერ კი სამ დღეს გრძელდებოდა და სადაც აუარება ხალხი იყრიდა ხოლმე თავს. ამ დროს, აკაკი სადმე რომლიმე სასტუმროში ატარებდა ზაფხულს, ვაჟა კიდე პირიქით, მთელი ქალაქი რო გაიხიზნებოდა, მაშინ ჩამოეხეტებოდა ტფილისში თავისი ხელნაწერებით (რამდენჯერ მინახავს, აგვისტოს ტირაჟდაცემულ ნომრებში გამოქვეყნებული ვაჟას ლექსები, ნარკვევები და მოთხრობები).
თავისი საყვარელი ადგილები ჰქონდათ დასასვენებლად 20-ე საუკუნეშიც, თუმცა ყველაზე პოპულარული და ბუკოლიკური ალბათ მაინც ქვიშხეთი იყო, რომელიც ჯერ კიდევ დიმიტრი ყიფიანიდან მოყოლებული იქცა მწერალთა საზაფხულო თავშესაფრად. როგორც ამბობენ, სწორედ ქვიშხეთიდან წაიყვანეს მიხეილ ჯავახიშვილი… 60-70-იანელთა თაობაში ახალი ძალით აღორძინდა ქვიშხური ზაფხულები და ქართულ ლიტერატურას რამდენიმე შესანიშნავი “ქვიშხური ტექსტიც” შემორჩა. გალაკტიონი წყნეთში ისვენებდა ხოლმე, იქვე იშენებდა სახლს გოგლა ლეონიძეც, წყნეთი ეპყრათ მწერალთა კავშირის ბობოლებსაც. მუდამ ხალხმრავლობა იყო საგურამოში, გაგრასა და ბიჭვინთაში, ზოგი მუშაობდა, ზოგი ჯონჯოლს აგროვებდა, სხვები ქეიფობდნენ, იყვნენ ამრევებიც. ამასობაში მეც, როგორც ჩანს, ავირიე, სიცხემ ამრია, რადგან უფრო საზაფხულო საკითხავზე ვაპირებდი საუბარს და არა მოგონებებზე, თუმცა არა უშავს, სექტემბერში გავუზიაროთ ერთმანეთს წაკითხულის შთაბეჭდილებები.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
© არილი

"აურაცხელისანაგვეზეჰყრია სინდისი;გადის ცხოვრებაკაცის კაცთანსკამზე ჭიდილში".მუხრან მაჭავარიანი
05/07/2026

"აურაცხელი
სანაგვეზე
ჰყრია სინდისი;
გადის ცხოვრება
კაცის კაცთან
სკამზე ჭიდილში".

მუხრან მაჭავარიანი

– შენ ხომ ყველაზე კარგად იცი, როგორ უნდა შეეგუოს ადამიანი რეალობას? დაეხმარე, გთხოვ.– მე ამას ასე დარწმუნებით ვერ ვიტყოდ...
01/07/2026

– შენ ხომ ყველაზე კარგად იცი, როგორ უნდა შეეგუოს ადამიანი რეალობას? დაეხმარე, გთხოვ.
– მე ამას ასე დარწმუნებით ვერ ვიტყოდი, – თქვა ლიმ, – მართალი გითხრა, საკუთარი თავი არასდროს გამომიცდია. რა თქმა უნდა, ხშირად ვყოფილვარ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მარტო ვიკეტებოდი ოთახში და ვტიროდი.
– ტიროდი? შენ?
– სამუელ ჰამილტონი რომ გარდაიცვალა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სამყაროში ერთადერთი სანთელი ჩააქრეს. მოგვიანებით, მე ის ხელახლა ავანთე, სამუელის დანატოვარით რომ დავმტკბარიყავი, მაგრამ... მე დავინახე მისი მიმოფანტული და განადგურებული შვილები, თითქოს ვიღაცამ მათზე შური იძიაო... რომ დალევთ, ცოტა ხნით ენაზე გაიჩერეთ... ჩემი სულელური აზრებიც თავადვე აღმოვაჩინე. ადრე, ვთვლიდი, რომ სიკეთე ყოველთვის იღუპება, ბოროტება კი ცოცხლობს და ყვავის. მე მეგონა, რომ ერთხელ, ღმერთი თავის ქმნილებებზე გაბრაზდა და მათ გასანადგურებლად ან განსაწმენდად, დედამიწაზე ცეცხლი დაანთო. მე მეჩვენებოდა, რომ დამწვრობებიც გადმომეცა მემკვიდრეობით და ის მანკიერი თვისებებიც, რომლის გამოც ღმერთმა ეს დიდი ხანძარი გააჩინა. ჩემში ორივეა – ცუდიც და კარგიც. თქვენ ასე არ გეჩვენებათ?
– ალბათ, – თქვა კეილმა.
– არ ვიცი, – თქვა ებრამ. ლიმ თავი გააქნია.
– ეს საკმარისი არ არის, – თქვა მან, – მხოლოდ ფიქრი არ კმარა. შესაძლოა...
ლი მოულოდნელად გაჩუმდა, კეილმა მუცელში სასმელის სითბო იგრძნო.
– შესაძლოა, რა? – ჰკითხა მან ლის.
– შესაძლოა, ჩვენ ოდესმე მივხვდეთ, რომ ყველა თაობის ყველა ადამიანი, გამონაკლისის გარეშე, ამ ცეცხლში ეხვევა. ოსტატი ღრმა სიბერეშიც კი არ კარგავს სრულყოფილი, აი, ზუსტად ასეთივე გამჭვირვალე, თხელი და მყარი ჭიქის შექმნის სურვილს. ასე არ არის? – ლიმ ფაიფურის პატარა ჭიქა ზემოთ ასწია და სინათლეზე გახედა მას, – იმისათვის, რომ ყველანაირი სიბინძურე გაქრეს და მხოლოდ სუფთა სახის ქმნილება დარჩეს, ბევრი ცეცხლია საჭირო. შემდეგ კი ორი ვარიანტია: ან ცეცხლი ყველაფერს წვავს და მხოლოდ ნახშირის გროვა რჩება, ან გამოდის ის, რისკენაც ყველა ადამიანი იღწვის – სრულყოფილება.

ედემის აღმოსავლეთით
ჯონ სტაინბეკი

#ამონარიდი
#ნაწყვეტი

ტოტალიტარიზმმა აღკვეთა თავისუფალი აზროვნება ისეთი სისრულით, როგორიც არც ერთ სხვა ეპოქას არ სმენია და არ უხილავს.ჯორჯ ორუ...
12/06/2026

ტოტალიტარიზმმა აღკვეთა თავისუფალი აზროვნება ისეთი სისრულით, როგორიც არც ერთ სხვა ეპოქას არ სმენია და არ უხილავს.

ჯორჯ ორუელი

ადამიანი ნელ-ნელა ამჩნევს ცვლილებას.ცვლილება რომ ერთბაშად შეგვენიშნა, ქვეყანა ჯოჯოხეთად იქცეოდა და არავის დასჭირდებოდა მ...
31/05/2026

ადამიანი ნელ-ნელა ამჩნევს ცვლილებას.
ცვლილება რომ ერთბაშად შეგვენიშნა, ქვეყანა ჯოჯოხეთად იქცეოდა და არავის დასჭირდებოდა მეორე ჯოჯოხეთის გამოგონება.

კონსტანტინე გამსახურდია

სააღდგომოქრისტე აღსდგა!.. აღსდგა ჯვარცმული იგი ღმერთი, რომელმანც ჰსთქვა: „ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, ესე ა...
12/04/2026

სააღდგომო

ქრისტე აღსდგა!.. აღსდგა ჯვარცმული იგი ღმერთი, რომელმანც ჰსთქვა: „ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული მისატევებელად ცოდვათა“.

აღსდგა იგი ღმერთი, რომელმანც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: „ამას გეტყოდი თქვენ, რათა სიხარული ჩემი თქვენთანა ეგოს და სიხარული თქვენი სავსებით იყოს. რამეთუ ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ“.

აღსდგა იგი დევნული, ტანჯული, ვნებული ღმერთი, რომელმან ხსნად ჩვენდა გვითხრა ჩვენ: „უფროსი ამისა სიყვარული არვის აქვს, რათა სული თვისი დაჰსდვას მეგობართა თვისთათვის“.

აღსდგა იგი მეუფეთა მეუფე, რომელმანც აღადგინა ღირსება ადამიანისა და ჰრქვა მონებით შეგინებულს ქვეყნიერობას: „არღა გეტყვით თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცის, რასა იქმნ უფალი მისი; ხოლო თქვენ გარე მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქვენ“.

აღსდგა იგი ნუგეშმცემელი ღმერთი, რომელმან ჰსცა ნუგეში სასოწარკვეთილს კაცობრიობას ამ სიტყვით: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“, აღსდგა იგი ყოვლთა შემწყნარებელი ღმერთი, რომელმანც უბრძანა ჩაგრულთა, სოფლისაგან ძლეულთა და დევნულთა: „მოვედინ ჩემთან, მაშვრალნო და ტვირთა მძიმენო, და მე განგისვენოთ თქვენ".

აღსდგა იგი ღმერთი მადლისა, სიყვარულისა და გაჭირვებულთა განკითხვისა, რომელმანც სიმშილი, წყურვილი, სიშიშვლე, სნეულ-ყოფა, პყრობილება თვითოეულის ადამიანისა თავის საკუთარ სიმშილად, წყურვილად, სიშიშვლედ, სნეულ-ყოფად, პყრობილებად მიითვალა და ჰრქვა წყალობით გამკითხველს ადამიანს: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისათ, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასვუთ მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა... ამინ გეტყვით თქვენ: რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ!“

აღსდგა იგი სიკვდილით სიკვდილის დამრთგუნველი ღმერთი, რომელმანც, რა მოიწია ჟამი მისის ვნებისა, აღიხილნა თვალნი თვისნი ზეცად და სთქვა: „მამაო, მოიწია ჟამი ჩემი! ადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. მე გადიდე შენ ქვეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რათა ვჰყო. წმინდა ჰყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყვა შენი ჭეშმარიტ არს; რათა ყოველნი ერთ-იყვნენ, ვითარც შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი. მე დიდებაი, რომელიც მომეც მე, მივეც მათ, რათა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩვენ ერთ ვართ, მე მათ შორის და შენთანა; რათა იყვნენ სრულ ერთობითა და რათა უწყოდეს სოფელმან, რამეთუ შენ მე მომავლინე, და შეიყვარენ იგინი, ვითარცა მე შემიყვარე“.

აღსდგა იგი კაცთა-მხსნელი ღმერთი, რომელიც მის მიერ სნილთა კაცთავე „განჰსძარცვეს და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს; შესთხზეს გვირგვინი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლელწამი მისცეს მარჯვენსა ხელსა მისსა და მუხლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ურიათაო და ჰნერწყვიდეს მას და მოიღეს ლელწამი და სცემდეს თავსა მისსა. “

აღსდგა იგი ჯვარცმული კაცთაგან კაცთმოყვარე ღმერთი, ღმერთი ყოვლად მხსნელის სიყვარულისა, შენდობისა და მიტევებისა, რომელიც ნამეტნაობისაგან მოწყალებისა, სიბრალულისა და შეწყნარებისა იტყოდა მტერთათვის: „მიუტევე, მამაო, რამეთუ არ იციან, რას იქმან“. „და აჰა ძვრა იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისა გარდმოჰხდა ზეცით“ და აღსდგა ქრისტე მაცხოვარი ჩვენი!..

აღსდგა იგი ღმერთი მკვდრეთით, რომელმანცა სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და განახლებულს კაცობრიობას ახალი ცხოვრება მიანიჭა.

ქრისტე აღსდგა!..

ილია ჭავჭავაძე.

როგორ ექნება ახლა მოკრძალებასა და სათნოებას რამე ძალა, როდესაც ბიწიერება ზეიმობს, სათნოება მოკვდავთაგან უგულებელყოფილია,...
01/04/2026

როგორ ექნება ახლა მოკრძალებასა და სათნოებას რამე ძალა, როდესაც ბიწიერება ზეიმობს, სათნოება მოკვდავთაგან უგულებელყოფილია, უკანონობა მძლავრობს კანონზე, მოკვდავები კი ერთად ვერ უპირისპირდებიან ღმერთების გულისწყრომას?

ევრიპიდე

ლიტერატურა არაფრისმთქმელია თავიანთი ბედით კმაყოფილი ადამიანებისთვის. ის მეამბოხეთა სულიერი საკვებია, იმათი თავშესაფარია,...
28/03/2026

ლიტერატურა არაფრისმთქმელია თავიანთი ბედით კმაყოფილი ადამიანებისთვის. ის მეამბოხეთა სულიერი საკვებია, იმათი თავშესაფარია, ვისაც ბედი ზედმეტად, ან სულაც არ სწყალობს. ლიტერატურა ტაძარია, რომელშიც არავინ გრძნობს თავს უბედურ ან არასრულფასოვან ადამიანად. მოგზაურობა უკაცრიელ ლა-მანჩაში გაძვალტყავებულ როსინანტთან და მის უგუნურ მხედართან ერთად, ზღვების დასერვა კაპიტან აქაბთან ერთად თეთრი ვეშაპის დევნისას, დარიშხანით თავის მოწამლვა ემა ბოვარისთან ერთად ან მწერად ქცევა გრეგორ ზამზასთან ერთად – ყოველივე ეს ჩვენ მიერვე გამოგონილი მარჯვე ფანდია, რათა დავივიწყოთ ცხოვრების სიავეცა და შეზღუდვებიც, რომლებიც გვაიძულებს, დღემუდამ ერთი და იგივე ადამიანები ვიყოთ, მაშინ, როდესაც მრავალ განსხვავებული პიროვნებად ყოფნას ვესწრაფვით ჩვენი სურვილებისა და ლტოლვების დასაკმაყოფილებლად.

მარიო ვარგას ლიოსა

◾️ტოტალიტარიზმმა აღკვეთა თავისუფალი აზროვნება ისეთი სისრულით, როგორიც არც ერთ სხვა ეპოქას არ სმენია და არ უხილავს. უნდა ...
24/02/2026

◾️ტოტალიტარიზმმა აღკვეთა თავისუფალი აზროვნება ისეთი სისრულით, როგორიც არც ერთ სხვა ეპოქას არ სმენია და არ უხილავს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ თავისუფალი აზროვნების ტოტალური კონტროლი არა მხოლოდ ამკრძალავ, მხოლოდ არამედ, სხვა, „კონსტრუქციულ“ მიზანსაც ისახავს: ის არა მხოლოდ გიკრძალავს ფიქრს და საკუთარი აზრების გამოხატვას, არამედ გკარნახობს, რა და როგორ იფიქრო. ის ქმნის იდეოლოგიას შენთვის, ცდილობს მართოს შენი ემოციური სამყარო, შექმნას მართვის კოდი და, რამდენადაც შესაძლებელია, გწყვეტს გარესამყაროს. გატყვევებს ხელოვნურად შექმნილ სამყაროში, სადაც შედარებისა და დასკვნის გამოტანის პირობა არ არსებობს ღირებულებათა აღრევის, მათი თავდაყირა დაყენების გამო, არ არსებობს სტანდარტები და ზნეობრივი ავტორიტეტები... ტოტალიტარული სახელმწიფო განუხრელად ცდილობს აკონტროლოს საკუთარი ქვეშევრდომების ფიქრები და ემოციები ისევე სრულყოფილად, როგორც იგი მათ ქცევებს აკონტროლებს.

◾️ტოტალიტარული სახელმწიფო ადამიანების ფიქრსა და აზრს, განცდასა და განწყობას, მათზე ტოტალური კონტროლის მიუხედავად, არ აფიქსირებს ერთ კონკრეტულ რასმეზე. სახელმწიფო ქმნის დოგმებს, რომლებიც, როგორც ასეთნი, განხილვას არ ექვემდებარებიან, მაგრამ ხშირად იცვლება სახელმწიფო საჭიროებისა და მიზანშეწონილების მიხედვით – ტოტალიტარიზმს დოგმები სჭირდება მის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტების აბსოლუტური მორჩილებისათვის, თუმცა ცვლილებები, ნაკარნახევი ძალადობრივი პოლიტიკის აუცილებლობით, გარდაუვალი და მიზანმიმართულია. ამ მხრივ, უცოდველად თავის დამსახავ ტოტალიტარულ სახელმწიფოს მთლიანად უარყოფილი აქვს ობიექტური მორალი....

ჯორჯ ორუელი – ლიტერატურა და ტოტალიტარიზმი.

ერთ საღამოს ლი ჩონგი თავის ჩვეულ ადგილზე იდგა, ფეხქვეშ გასათბობად გაზეთები დაეწყო და ერთდროულად სინანულითა და ცოტა იუმორ...
14/02/2026

ერთ საღამოს ლი ჩონგი თავის ჩვეულ ადგილზე იდგა, ფეხქვეშ გასათბობად გაზეთები დაეწყო და ერთდროულად სინანულითა და ცოტა იუმორით დღისით დადებულ გარიგებას იხსენებდა. ლის მაღაზიიდან ბალახით დაფარულ მოედანს დიაგონალზე თუ გადაკვეთდი და კონსერვის საამქროდან გადაყრილ დაჟანგულ მსხვილ მილებს გასცდებოდი, აუცილებლად შენიშნავდი ჯაგნარში გაკვალულ ბილიკს. ეს ბილიკი გვერდს უვლიდა კვიპაროსს, მერე რკინიგზის ლიანდაგს კვეთდა და ქათმების სავალი ხის კიბით დაბალ, მოგრძო შენობას მიადგებოდა, შენობას, რომელსაც ერთ დროს თევზის ფქვილის საწყობად იყენებდნენ. ეს მოზრდილი ოთახი ერთ შფოთიან ჯენტლმენს, სახელად ჰორეს აბევილს ეკუთვნოდა. ჰორესს ორი ცოლი და ექვსი შვილი ჰყავდა. წლების განმავლობაში, შუამდგომლობით თუ მოთაფვლით იმდენი მოახერხა, რომ ლი ჩონგის მაღაზიის ყველაზე დიდი ვალი მას დაედო. იმ შუადღეს, ჰორესი ჩვეულებისამებრ გადაღლილი და შეწუხებული მაღაზიაში შევიდა, მაგრამ ლის უდრეკი გამომეტყველების დანახვამ ცოტა არ იყოს შეაკრთო. ლი ჩონგი მსუქან თითს ჭილობზე ათამაშებდა. ჰორესი მინას ხელისგულებით დაებჯინა და ალალად უთხრა: "ვიცი, შენი ძალიან ბევრი მმართებს".
უჩვეულო გულახდილობა ლიმ ღიმილით დააფასა და სევდიანად დაუქნია თავი, მაგრამ ვინაიდან აინტერესებდა, ამჯერად ჰორესის თვალთმაქცობა როგორ განვითარდებოდა, არაფერი უთქვამს.
ჰორესმა გამშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა, – რომ იცოდე, როგორ არ მინდა, ჩემ გამო ჩემი შვილები დაიჩაგრონ, – უთხრა ლის, – თავს დავდებ, ბავშვებისთვის რამდენიმე პიტნის კანფეტი არ დაგენანება.
თითქოს ეთანხმებაო, ისეთი მზერა შეაგება ლი ჩონგმა.
– ხომ გახსოვს, – განაგრძობდა ჰორესი, – შენობა რომ მაქვს რკინიგზის გადაღმა, თევზის ფქვილი სადაც ინახება.
ლი ჩონგმა თავი დაუქნია. ფქვილი ხომ მისი იყო.
– ის რომ დაგითმო, შეიძლება ვიფიქრო, რომ გავსწორდით? – ჰორესს აშკარად ეტყობოდა, ხუმრობის ხასიათზე არ იყო.
ლი ჩონგმა თავი უკან გადახარა და ჰორესს თვალი თვალში გაუყარა, გონება კი უკვე ანგარიშობდა, ხელიც თავისდა უნებურად საანგარიშოსკენ გასწია. მართალია, თვითონ შენობა უვარგისი იყო, მაგრამ თუ კონსერვის რიგი ოდესმე გაფართოვდებოდა, შეიძლება მიწას კარგი ფასი დასდებოდა.
– შუ, – თქვა ლი ჩონგმა.
– კარგი, მოიტანე ეგ შენი დავთარი და გავაფორმოთ, – ჰორესი ჩქარობდა.
მალე ღირსეულად მოამთავრეს გარიგება და ლი ჩონგმა, ამ ამბის აღსანიშნად, "ძველი ტენისის კედების" პატარა ბოთლიც გახსნა. ჰორეს აბევილმა მაღაზია დატოვა, ბეჭებში გამართულმა გადაჭრა ქუჩა, ჩაუარა კვიპაროსს, გადაკვეთა რკინიგზის ლიანდაგი, აუყვა კიბეს, შევიდა შენობაში, რომელიც მისი აღარ იყო, დაიხალა შუბლში ტყვია და თევზის ფქვილის გროვაზე განუტევა სული. ამ ისტორიას ჩვენს ამბავთან არაფერი აქვს საერთო, მაგრამ მაინც კარგი იქნება აღინიშნოს, რომ იმ დღიდან მოყოლებული, აბევილის არც ერთ შვილს, ვისგანაც უნდა ყოფილიყო შობილი, პიტნის კანფეტი არ მონატრებია.

კონსერვის რიგი
ჯონ სტაინბეკი

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მკითხველთა ლიგა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share