22/04/2023
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ სტუდიაში მიღება დაიწყო!
1 მაისიდან შემოქმედებითი სახელოსნო "ფარის" გთავაზობთ ფერწერაში და გრაფიკაში მოსამზადებელ კურსებს; როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე სტუდენტებისა და დამატებითი პრაქტიკის გავლის და მუშაობის მსურველთათვის.
პედაგოგები: ანტონ ბალანჩივაძე და ანა ტყებუჩავა
კურსის შესახებ:
ჯგუფის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ სხვადასხვა მასალაში და ჟანრში, საკუთარი ხელწერის, სტილისა და თავისუფალი ხედვის გამოსამუშავებლად იმ სარკეში, რასაც სხვა მხატვრები და ერთობლივი, მუშაობა ჰქვია; განავითარონ დამოუკიდებელი შეფასების უნარები და მიდგომები; აქტიურად ჩაერთონ საუბრებში შემოქმედებაზე; იპოვნონ ხიდი ხელოვნების სფეროებისა თანამედროვეობასთან; შეიძინონ ახალი მეგობრები, თვალსაზრისები და გამოცდილება, რაც დაეხმარებათ მომავალში შემოქმედებით გზაზე.
ვისთვის არის ჩვენი კურსი ?
დამწყებ მხატვრებისთვის-
კურსი დაგეხმარებათ საბაზისო ცოდნის მიღებაში.
მათთვის, ვისაც არასდროს დაუხატავს და სურს მიიღოს ცოდნა, რომელიც გამოადგება სამომავალოდ.
აბიტურიენტებისთვის-
კურსი დაეხმარება აბიტურიენტებს და სტუდენტებს, რომელთაც სურთ ისწავლონ ხატვის საფუძვლები, გამოიმუშავონ პროფესიული უნარ-ჩვევები.
პროფესიონალებისთვის-
ინდივიდუალური გეგმა მხატვრებისთვის, რომელთაც მიზეზთა გამო დიდი ხანი გაუცდათ და სურთ ფანქარში ან რბილ მასალაში მუშაობის „გახსენება“.
რა სახის მუშაობას ვგეგმავთ:
სამუშაო პროცესი წარიმართება როგორც ტრადიციული აკადემიური მეთოდებით, აკადემიური ხატვის საფუძვლების დასაუფლებლად, ასევე ექსპერიმენტული ხასიათის და ახალი მიდგომების გამოყენებით; აკადემიური, საბაზისო საკითხების გარდა, გავივლით პერმანენტულ სავარჯიშოებს, რომლებიც სრულიად ახალი, ჩვენი საკუთარი მეთოდის გამოყენებითაა შემუშავებული და რომელიც გვჯერა უნიკალურ, განსხვავებულ და საჭირო უნარებს შესძენს ადამიანებს თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში.
ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ვიმუშაოთ ყველასთან განსხვავებულად, მოსული ადამიანების ინდივიდუალური მიდგომებიდან, უნარებიდან, ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.
ახალგაზრდები იმუშავებენ როგორც ნატურიდან/ ნატურაზე ხატვაზე, პორტრეტზე, ნატურმორტზე, თაბაშირის ფიგურებზე და გააკეთებენ ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ასლებს, ასევე ივარჯიშებენ დროში ხატვაზე, კონცენტრაციისა და ალღოს, იმპროვიზაციის, საკუთარი მხატვრული ენის გასანვითარებლად, სიმეტრიული ფორმებისა და სივრცობრივი აღქმის, ერთობლივი მუშაობის სპეციფიურ სავარჯიშოებზე, ფერის მორალურ და ხაზის პლასტიკურ მნიშვნელობაზე თანამედროვე მხატვრული გზების ძიებისას, მუსიკალური ელემენტის როლის ახლებურ გააზრებაზე, "დამატებითი ფერების" თვისებებზე, ინტერპრეტაციის მნიშვნელობაზე და მისი გამომუშავებისთვის ხელოვნების ცნობილი ნიმუშების კითხვის გზებზე და მრავალი სხვა.
გვჯერა, რომ ჩვენი სახელოსნოს გარემო ხელს შეუწყობს შეიქმნას ენთუზიაზმით სავსე მეგობრული ატმოსფერო, სადაც მეორე მხრივ დაცული იქნება გარკვეული დისციპლინა, რითიც შესაძლებელი გახდება ისეთი უნარების გამომუშავება, რაც სამომავლოდ მუშაობის რიტმულობასთან და საკითხისადმი სერიოზულ მიდგომასთან იქნება კავშირში. ეს ყველაფერი მოგვეხმარება იმაში, რომ გადალახულ იქნას აბსტრაქტულობა და განყენებულობა შემოქმედებისა ცხოვრებისგან .
დამატებითი ღონისძიებები და ლექციები:
გვსურს დრო-და-დრო მოვიწვიოთ სხვადასხვა საინტერესო ადამიანები: მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, მოქანდეკეები და სხვ., რომლებიც თავის მიდგომებს და ცოდნას გაუზიარებენ ჯგუფის წევრებს;
გასვლითი მუშაობის ფარგლებში ვესტუმროთ სპეციალიზებულ სახელოსნოებს ლითოგრაფიის, ოფორტის, ლინოგრავიურის და სხვ. დარგებში ცდებისათვის.
იგეგმება ასევე, სხვადასხვა სახის, ხელოვნებასთან დაკავშირებული გასვლითი პროექტებიც, იქნება ეს ექსპედიციები ხუროთმოძღვრების ნიმუშების სანახავად, ხატვა პლენერზე და ბუნებაში ექსპერიმენტული სახის დაკვირვება - მუშაობა, თუ შეხვედრები მხატვრებთან, მათ სახელოსნოებში, სტუმრობა მუზეუმებში, არსებულ თანამედროვე ხელოვნების ცენტრებში, გამოფენებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე.
ჯგუფის ინტერესებიდან, კონკრეტული ადამიანების საჭიროებებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე გვსურს ასევე შევქმნათ სამომავლოდ შესაძლებლობა პერმანენტული სახის ლექცია-საუბრების ფორმატის ჩამოყალიბებისა კონკრეტულ თემებზე.
..
განრიგი და საფასური:
ვიმუშავებთ კვირაში სამჯერ, დღეში 4 საათი.
სამუშაო დღეები:
ორშაბათი 16:00 - 20:00
ოთხშაბათი 16:00 - 20:00
პარასკევი 16:00 - 20:00
მუშაობის თვიური საფასურია 550 ლარი
..
მსურველთა მიღებისთვის დაგვჭირდება:
1. მოკლე ბიოგრაფია და ფოტოსურათი.
2. სამოტივაციო წერილის მაგვარი, თავისუფალი ხასიათის მქონე ნაწერი- დახასიათება, შედგენილი ყველანაირი წნეხისა და ნერვიულობის გარეშე 🙂 ნაწერი, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეიქმნას გარკვეული შთაბეჭდილება ადამიანზე, მის მოლოდინებზე ჩვენთან მიმართებაში, ინტერესებზე, გეგმებზე და ასე.შ. მივესალმებით ყველაფერს, რასაც ჩათვლით საჭიროდ გაგვიზიაროთ საკუთარი თავის შესახებ. ნაწერის გრამატიკულ გამართულობას და სიტყვების რაოდენობას მნიშვნელობა არ ენიჭება.
3. სასურველია გადმოაგზავნოთ საკუთარი ნამუშევრების ფოტოებიც, არსებობის შემთხვევაში
თქვენი წერილები გადმოგვიგზავნეთ ელ- მისამართზე:
[email protected]
ან ფეისბუქ გვერდზე:
https://www.facebook.com/Faris-111223387012261/?modal=admin_todo_tour
მიღების კრიტერიუმი:
გადაწყვეტილებისას პირველ რიგში ვიხელმძღვანელებთ არა ვინმეს ნიჭიერებით, შესაძლებლობებით, მიღწევებით და სხვ. არამედ კრიტერიუმებით, რომელიც გამომდინარეობს იქიდან - შეგვეძლება თუ არა ჩვენი მხრივ საჭირო დახმარება გავუწიოთ კონკრეტულ ადამიანს, მისი პიროვნული ამოცანებიდან, მიზნებიდან, ინტერესებიდან და მისწრაფებების ხასიათიდან გამომდინარე.
სამოტივაციო წერილზე პასუხის მიღების შემდეგ, თქვენთვის ხელსაყრელ დროს, დაგათვალიერებინებთ სტუდიას და სახელოსნოებს.
ნებისმიერი სახის კითხვით მოგვმართეთ, შევეცდებით მალე გპასუხოთ.
პატივისცემით,
ანტონ ბალანჩივაძე Anton Balanchivadze
ანა ტყებუჩავა AnaTkebuchava